კომპიუტერი, „ბირჟა“, ტოტალიზატორი - ქართველი ახალგაზრდობის გასართობი საშუალებები

კომპიუტერი, „ბირჟა“, ტოტალიზატორი - ქართველი ახალგაზრდობის გასართობი საშუალებები

ქართველი ბიჭების უმრავლესობა თავისუფალი დროის ყველაზე დიდ ნაწილს გარეთ ატარებს. მათთვის დროის გაყვანის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას ტოტალიზატორი წარმოადგენს.

23 წლის სანდროს საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო აქვს. იგი სწავლას უკვე მორჩა. მუშაობა ჯერ არ დაუწყია. მთელი დღეები სახლში უწევს ჯდომა. სანდრო თავისუფალ დროს სხვადასხვანაირად ატარებს. ყველაზე ხშირად მას ეზოში, "ბირჟაზე" ნახავთ.

"ფაქტობრივად, მე სულ თავისუფალი დრო მაქვს. არასოდეს არაფერი არ მაქვს საქმე და არსად არ მეჩქარება. დილას რომ გავიღვიძებ, იმაზე ვფიქრობ დრო როგორ გავიყვანო. ტელევიზორს არ ვუყურებ, კომპიუტერიც მომბეზრდა უკვე. წიგნების კითხვითაც არ ვიკლავ თავს. წიგნს მარტო იმ უკიდურეს შემთხვევაში ვკითხულობ, თუ გარეთ ძალიან ცივა, სახლში დენი არ არის და კომპიუტერს ვერ ვრთავ. მაშინ სხვა გამოსავალი არ არის. დანარჩენ შემთხვევებში მირჩევნია გარეთ გავიდე. მეგობრებთან ერთად "ბირჟაზე" უფრო მალე გადის დრო. სხვადასხვა საკითხს ვარჩევთ, ახალ ამბებს ვუცვლით ერთმანეთს. სახლში თუ დრო უაზროდ იწელება და ხანდახან ეჭვიც კი გიჩნდება საათი ხომ არ გაჩერდაო, გარეთ ასე არ არის. დღე უფრო სწრაფად გადის ხოლმე," - ამბობს სანდრო.

გიორგი პაპუაშვილს მიაჩნია, რომ დროის გაყვანის საუკეთესო საშუალება ტოტალიზატორში წასვლაა. ხანდახან ისეც ყოფილა, რომ გიორგი ტოტალიზატორში მთელი დღის განმავლობაში ყოფილა.

"უნივერსიტეტში ლექციები ადრე მიმთავრდება. სამეცადინო ძალიან ცოტა მაქვს ხოლმე და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მრჩება. დროის გასაყვანად საუკეთესო საშუალება კი ტოტალიზატორში წასვლაა. შეხვალ, დადებ ფულს და მერე შეგიძლია იქვე უყურო თამაშებს. თან უამრავ ნაცნობს ნახავ და მათთან ერთად მატჩების ყურება ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, თუ სხვადასხვა გუნდზე გვაქვს დადებული. სერიოზული ჩემპიონატების პერიოდში მთელი დღეებიც კი ვარ ტოტალიზატორში. დროც მალე გადის და თუ გამიმართლა სახლში ფულითაც კი ვბრუნდები," - გვითხრა გიორგიმ.

კომპიუტერულმა თამაშებმა ბევრი ადამიანი ჩაითრია. არიან ისეთები, რომლებიც მთელი დღეები კომპიუტერთან სხედან და თამაშობენ. ნაწილი ასეთ თამაშებს დროის გასაყვანად იყენებს. კიბერ სამყაროში დრო, მართლაც, ძალიან მალე გადის:

"მართალი რომ გითხრათ, თავისუფალი დრო ხშირად არ მაქვს. მაგრამ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება და დრო უნდა გავიყვანო, მაშინვე კომპიუტერთან ვჯდები. ერთი პერიოდი ინტერნეტში ძრომიალით ვიყავი დაკავებული. ახლა უფრო კომპიუტერულმა თამაშებმა გამიტაცა. ხუთი საათი რომ გქონდეს დრო, თამაშისას ვერც კი მიხვდები როგორ გაიფრენს. ალბათ, ამიტომაც არის, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებსაც არანაირი საქმე არ აქვთ, სულ თამაშობენ. მთელი დღე უსაქმურად ყოფნა ძალიან ძნელია. თამაშისას კი დრო მალე გადის. წიგნების კითხვას დროის გაყვანას არ ვეძახი. ეს უფრო დროის სწორად დახარჯვაა. კომპიუტერთან გატარებული დრო კი ნამდვილად, გაფლანგულია," - აღნიშნა "რეზონანსთან" დათო ბერაიამ.

გოგოებისათვის დროის გაყვანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმა ჭორაობაა. როგორც ელენე ცინცაძემ გვითხრა, ჭორაობაში დრო ძალიან მალე გადის. თუ ელენეს და მის მეგობრებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, ისინი კაფეში იკრიბებიან და სხვადასხვა ამბის გარჩევას იწყებენ:

"ქართველები დროს ძალიან უდიერად ვეპყრობით. შეიძლება მთელი დღე უსაქმურობაში გავლიოთ. ბევრი ერისათვის დროისადმი ასეთი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია. როცა მე და ჩემს მეგობრებს თავისუფალი დრო გვაქვს, იმაზე ნაკლებად ვფიქრობთ რომ ეს დრო რაიმე სასარგებლო საქმეს მოვახმაროთ. მაშინვე ერთად ვიკრიბებით და კაფეში მივდივართ საჭორაოდ. ასე დრო ძალიან მალე გადის. ხშირად არის შემთხვევა, რომ ლექციებს შორის ორი-სამი საათი შესვენება გვაქვს. ჭორაობაში ეს დრო ისე მალე გადის, რომ ვერც ვიგებთ. წესით, გონიერი ადამიანი ამ ორ-სამ საათს სრულიად განსხვავებულად გამოიყენებდა - რაიმე წიგნს წაიკითხავდა, ბიბლიოთეკაში წავიდოდა და თავისი სპეციალობის დამატებით ლიტერატურას გაეცნობოდა. ჩვენ, ჯერ-ჯერობით, ეს კულტურა არ გვაქვს. პირიქით, დავცინით კიდეც იმ ადამიანებს, ვინც წუთს არ კარგავენ. რომელიმე სტუდენტი რომ იტყვის, შესვენებაზე უნდა ვიმეცადნო და წიგნი წავიკითხოო, ძალიან გვიკვირს," - ამბობს ელენე.

დროის გასაყვანად გოგოები ძალიან ხშირად მაღაზიებში ტანსაცმლის დასათვალიერებლად მიდიან. მათ, შეიძლება, ფული საერთოდ არ ჰქონდეთ და არც არაფრის ყიდვას აპირებდნენ. ვიტრინების თვალიერებაში დრო უფრო მალე გადის.

"დროის გასაყვანად ძალიან მიყვარს სეირნობა. თუ სადღაც უნდა ვიყო ერთ საათში და მანამდე დრო მაქვს, ფეხით მივდივარ ხოლმე და დრო ასე გამყავს. გარდა ამისა, დროის გასაყვანად საუკეთესო საშუალებაა მაღაზიების შემოვლა. წარმოიდგინეთ, უნდა შეხვიდე, სულ მცირე, ათ მაღაზიაში მაინც. დაათვალიერო ყველაფერი, რაც იყიდება. ზოგიერთი რამ მოიზომო კიდეც, შეიძლება, ფული საერთოდ არ გქონდეს, მაგრამ - მაინც. უნდა გაარკვიო ახალი კოლექცია როდის ექნება, როდის გამოაცხადებენ ფასდაკლებას. ამ ყვალფერში უამრავი დრო გადის და რაც მთავარია, ძალიან მალე. ხანდახან ყოფილა შემთხვევა, პირველ საათზე წავსულვართ მაღაზიებში და უკან დაახლოებით, რვაზე დავბრუნებულვართ. დროს გასაყვანად კიდევ ერთი საუკეთესო და რაც მთავარია, ადამიანისათვის სასიკეთო საშუალება არსებობს - წიგნის კითხვა. დრო ყველაზე მალე, სწორად, კითხვის დროს გადის. თან, განათლებასაც იღებ და გარკვეული ცოდნაც გრჩება თავში," - გვითხრა თიკო მაჩაიძემ.