„მე რომ რაღაცაში დამნაშავე ვიყო, ხელბორკილს დამადებდნენ...“

„მე რომ რაღაცაში დამნაშავე ვიყო, ხელბორკილს დამადებდნენ...“

თითქმის თვეზე მეტია, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი უფროსის, დავით ოქიტაშვილის სახელი სკანდალურად ტრიალებს პრესაში.

ჯერ იყო და მისმა ყოფილმა ხელქვეითმა ნინა წკრიალაშვილმა  სატელევიზიო შოუში მონაწილეობის დროს განაცხადა, ჩემს უფროსზე ჭკვიანი ვარო. მაშინვე ითქვა, რომ ოქიტაშვილს ჩაჩოჩებას უპირებდნენ, თანაც, სწორედ წკრიალაშვილით.  მალე ოქიტაშვილი ახალ შარში გაება "რივერდანსთან" დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ თბილისობის დღესასწაულზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მის მიერ ორგანიზებული კონცერტის მონაწილეები ისინი არ იყვნენ, ვისთვისაც ხალხმა ძვირად ღირებული ბილეთები იყიდა.

არც დავით ოქიტაშვილს და არც სხვა ვინმეს არ შეუსწორებია რეკლამის გამავრცელებლებისთვის, რომ "რივერდანსი" კი არა, თბილისში "მეჯიქ დანსის" შოუ ჩამოდიოდა, რომელშიც "რივერდანსის" მოცეკვავეებიც იყვნენ.

დავით ოქიტაშვილს ჯერ გაუკვირდა, მე რა შუაში ვარ, თუ მედია ატრიალებდა რეკლამას შეცდომითო, მერე კი მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ წინასწარმეტყველება ახდა, ნინა წკრიალაშვილი კი იქ დარჩა, სადაც იყო და ამტკიცებს, დავით ოქიტაშვილი ჩემი მეგობარია, მის თანამდებობაზე რომც მეხვეწონ, მაინც არ წავალო. მოკლედ, ამ ორომტრიალიდან ერთი რამ ფაქტია, მიმდინარე წელი დავით ოქიტაშვილის ცხოვრებაში სკანდალებით დარჩება. სხვათა შორის, უმთავრესი ხალხს უკვე დაავიწყდა. გაზაფხულზე ვიღაცამ ოქიტაშვილს თავი გაუტეხა, წლის ბოლოს კი სახელის გატეხვასაც შეეცადნენ. 

კითხვაზე, ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული დავით ოქიტაშვილის თავისა და სახელის გატეხვით, ის ხუმრობით გვპასუხობს, - რომ მცემეს, ტვინი თავის ადგილზე ჩაჯდა, მანამდე ცოტა არეული მქონდაო...

ბატონო დავით, ფიქრობთ, რომ "რივერდანსის" სკანდალით თქვენი სახელი კიდევ უფრო პოპულარული გახდება?

- უკვე გახდა. ქუჩაში ხალხისგან თანადგომას ვგრძნობ. ამიტომაც დიდი მადლობა მათ, ვისაც ეგონა, რომ შავ პიარს მიკეთებდა  და თეთრი გამოუვიდა. 

აბა, თანამდებობიდან რატომ გაგათავისუფლეს?

- თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიღებული მქონდა ჯერ კიდევ 23 აგვისტოს, მაგრამ წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტების გამო თავი შევიკავე. ამასთან, ახალ საქმეს ვაკეთებ და მინდოდა მისი წარმატების გარანტიებშიც დარწმუნებული ვყოფილიყავი. როდესაც ეს გარანტიები მივიღე, გადავწყვიტე თანამდებობიდან საბოლოოდ წამოვსულიყავი. უბრალოდ, ეს ფაქტი დაემთხვა "რივერდანსის" ამბავს, თორემ ნიკა რურუას ჩემზე დაჟინებით ნამდვილად არ უთქვამს, წავიდეს, წავიდესო. ისე კი ჩემი ლაფში გასვრა არ გამოუვიდათ. თუმც, მაინც დამაზარალეს. ჩემი უფროსი ქალიშვილი სკოლაში ვერ მიდიოდა იმის გამო, რომ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ აფერისტი და რა არ მიძახა, მაგრამ მეორე დღეს მომეცა იმის საშუალება, ამეხსნა საზოგადოებისთვის, რა როგორ იყო. მე არ მიჭირს ბოდიშის მოხდა, მაგრამ ნამდვილად არაფერი დამიშავებია, რადგან ვიცი, რომ ნამდვილად "რივერდანსის" ვარსკვლავები ჩამოვიყვანე და ნამდვილად ღირებული შოუ წარმოადგინეს. ყველაზე ღირებული ვინც ჰყავდა ამ ანსამბლს, მათ შორის "რივერდანსის" ერთ-ერთი დამაარსებელი, კოლელ დანი იყო თბილისში ჩამოსული. მრცხვენია, რომ ამაზე ახლაც განმარტებებს ვაკეთებ...

მე რომ რაღაცაში დამნაშავე ვიყო, ხელბორკილს დამადებდნენ.

იქნებ ამიტომაც მოითხოვა რურუამ თქვენი გადაყენება.

- მე არ ვწყვეტ კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობას. წლის  ბოლომდე გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელთაც დავასრულებ და შემდგომში ვიმუშავებ პროექტზე "ვარსკვლავის  გახსნა", რომელიც ჩემი დაპატენტებულია.