ვაჭრობა მცირე ბიზნესად აღარ ჩაითვლება

ვაჭრობა მცირე ბიზნესად აღარ ჩაითვლება


ნებიდმიერი სახის ვაჭრობა მცირე ბიზნესად აღარ ჩაითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მზესუმზირის გამყიდველსაც კი სალარო აპარატის გამოყენებას და, რაც მთავარია, საშემოსავლო გადასახადის გადახდას მოთხოვენ.

ეს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიც უპრობლემოდ დათანხმდა, ოპოზიცია კი ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევს. 

აღსანიშნავია, რომ იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლის განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკურმა პირმა მიკრობიზნესის სტატუსი მიიღოს, მთავრობამ პარლამენტთან შეთანხმებით დეკემბერში დაამტკიცა, მაგრამ ამ თვენახევრიან დადგენილებაში უკვე ცვლილება შედის და ხუთი კატეგორიის საქმიანობას ვაჭრობაც ემატება. 

აქამდე ეს საქმიანობები იყო: 1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას; 2. საქმიანობები, რომელთაგან მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შეიძლება გადააჭარბოს 30 000 ლარს; 3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება; 4. სამედიცინო, არქირექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა და 5. სათამაშო ბიზნესი.

ახლა, ამ საქმიანობებს ვაჭრობაც დაემატა. 

შეგახსენებთ, რომ მიკრობიზნესის სტატუსი პირს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობის ბრუნვა წელიწადში 30 000 ლარს არ აღემატება. ამ შემთხვევაში პირი საშემოსავლო გადასახადს არ იხდის. 

რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება, ამაზე ოფიციალურად არანაირი კომენტარი არ კეთდება. თუმცა, პირად საუბრებში ხელისუფლების წარმოპმადგენლები აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება იმას, რომ არ მოხდეს მსხვილი მოვაჭრეების ხელოვნურად შემცირება და ამით გადასახადების თავიდან აცილება. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთავრობის ამ დადგენილებითვე, ეს აკრძალვა არ შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება. 

მაგრამ, ფაქტია, ეს ვითარებას ვერ ცვლის, რადგან გამოდის, რომ პირველად მიწოდებას ეს შეღავათები ეხსნება და ეს, ერთი მხრივ, მოვაჭრეების მდგომარეობას გაართულებს და, მეორე მხრივ, ცხადია, გააძვირებს პროდუქციას, რაც უკვე შეიძლება მთელი მოსახლეობის პრობლემა გახდეს. . მით უმეტეს იმ ინფლაციის თუ პროდუქციის გაძვირების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში მთავარ პრობლემად სახელდება. 

სწორედ ამიტომ, საპარლამენტო ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას ცალსახად ნეგატიურად აფასებს. 

”ეს არის კატასტროფული და აბსოლუტურად კატასტროფული გადაწყვეტილება. . მე ვეღარ ვხვდები, ეს კანონი საერთოდ რიღასთვის მივიღეთ და რატომ აპირებდნენ იმას, რომ მცირე ბიზნესს შეღავათებს აძლევდნენ. თუ მოვაჭრე არ არის მცირე ბიზნესის წარმომადგგენელი, მაშ, ვიღა არის? ძალიან მაინტერესებს, ეს კანონი ასე რატომ გამოშიგნეს. კარგად მახსოვ ის ფაქტიც, რაც საშუალო ბიზნესთან დაკავშირებით გააკეთეს, რომ ჯერ 200-ათასიანი წლიური ბრუნვა განსაზღვრეს და მერე ისევ 100 ათასამდე ჩამოწერეს” - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, გია ცაგარეიშვილი. 

იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მთვრობა ბიუჯეტს ვეღარ ავსებს და ახლა ასეთ მეთოდებს ეძებს, რომ რამენაირად ფულის მობილიზება მოხდეს. 

”როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იფიქრა, რომ მცირე ბიზნესის შეღავათებისთ ბევრი ადამიანი სარგებლობს და ბიუჯეტში ფული ვეღარ შედის. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ასეთი რამ გააკეთონ, რაც აბსოლუტურად უკანონოა, ” - აცხადებს ცაგარეიშვილი.

უკანონოდ კი იმიტომ მიაჩნია, რომ ”ამ კატეგორიის ადამიანებმა აქამდე იცოდნენ, რომ მცირე ბიზნესის სტატუსი ჰქონდათ და ამ შეღავათებს გამოიყენებდნენ. . ახლა კი, აღმოჩნდა, რომ აღარ აქვთ და ეს არის უსამართლო და უკანონო. . კიდევ ერთი საკითხი - ვინც უკვე დარეგისტრირდა მცირე ბიზნესად, მათ რას ეტყვია? საშინელებაა, როდესაც მთავრობა თამაშის წესებს დაგიდგენს, მით უმეტეს, საგადასახადო კოდექსით და მერე ამ წესებს მყისიერად შეგიცვლის. ეს არის სწორედ მთავრობის უთავბოლო პოლიტიკის შედეგი, რაც კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. ეს იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ამ შეღავათებით საშუალო ფენა უნდა შეექმნათ. ახლა რა გამოდის, საშუალო ფენა აღარ გვინდა?”

ეს გადაწყვეტილება ექსპერტებისთვისაც გაუგებარია. როგორც ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, თემურ კოპალეიშვილი აღნიშნავს, ” თუ ვაჭრობას მცირე ბიზნესად არ ჩათვლიან, მაშინ აღარ ვიცი, რა ითვლება მცირე ბიზნესად. წარმოება?”

თუმცა, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ბევრს არაფერს არ ცვლის, რადგან, მისივე განმარტებით, ”დღეს მოქმედი კოდექსის ნორმების მიხედვით, ვაჭრობის სფეროში მცირე ბიზნესის სტატუსის მიღება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი”. 

“იმიტომ არის გაუმართლებელი, რომ ერთობლივი შემოსავლის შემთხვევაში, ასი ათასიანი ბრუნვით რომ არის განსაზღვრული, თუ მეწარმეს მცირე ბიზნესისი სტატუსი ექნება, უფრო მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ინდივიდუალური მეწარმე რომ ყოფილიყო. ინდივიდუალური მეწარმე დღეს იბეგრება მხოლოდ 20%-ით. მისი დასაბეგრი შემოსავალი კი არის ერთობლივი შემოსავლს მინუს ხარჯები და ფაქტობრივად  არც ერთი მეწარმე 20%-ზე მეტს არ აღრიცხავს და ხარჯებს რომ გამოაკლებს, დასაბეგრი ძალიან მცირე რცება. ამ

იტომ ეს უფრო ნაკლებ გადასახადს უწერს, ვიდრე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირობებში. ამიტომაც, მათ ეს რეჟიმი თავად არ უნდა მოითხოვონ, რადგან ეს სტატუსი წამგებიანი იქნება” - აცხადებს კოპალეიშვილი.

მისი თქმით, ერთადერთი სფერო, სადაც შეიძლება მცირე მეწარმის დაბეგვრის რეჟიმმა გაამართლოს, ეს არის მომსახურების სფერო.

ამიტომაც აცხადებს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება არაფერის მომტანი არ შეიძლება იყოს.

”ტყუილად შეუწუხებია თავი ფინანსთა სამინისტროსაც და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსაც. ვაჭრობის და წარმოების სფეროს წარმომადგენელები მათ ამ სტატუსის მიღებით არ შეაწუხებენ”, - აცხადებს კოპალეიშვილი.