„რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში თავისი ქმედებით ღალატობდნენ ქვეყნის ინტერესს. ასეთ შემთხვევას ლორთქიფანიძის განცხადებით, პირველ რიგში, განეკუთვნება თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ გაცემული უკანონო ბრძანება თავდაცვის სამინისტროს უკანონო ევაკუაციასთან დაკავშირებით, რაც აისახა იმდროინდელი კომისიის დასკვნაზეც და რასაც მონიტორინგს უწევდნენ ამერიკელები.
for.ge დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
„ქართული ოცნება“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას არეგისტრირებს, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს, მოამზადოს დასკვნა და რეაგირებისთვის პროკურატურას უნდა გადაუგზავნოს. პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ ოპოზიციური პარტიები. როგორ ხსნით მათ დემარშს და რა მოლოდინი გაქვთ ამ კომისიისგან, რა გაგრძელება ექნება?
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული დროებითი საგამოიებო კომისია პირველი ნაბიჯია წინასაარჩევნო დაპირების აღსრულების გზაზე და გულისხმობს სააკაშვილის რეჟიმისა და მისი მთავარი ინსტრუმენტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში ჩადენილი ყველა იმ დანაშაულის გამოძიებას, რაც თავის მხრივ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ხელყოფას გულისხმობს რეჟიმის მიერ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ წამოწყებული სპეციალური სადამჯელო კამპანიის დროს!
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ოპოზიციის დემარში და პარლამენტის ბოიკოტის პოლიტიკური არჩევანი არ აბრკოლებს დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას და კომისიის ძირითადი შემადგენლობისა და მოწვეული ექსპერტების მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას აქვს იურიდიული ძალა, წარმოადგენს რა ამავდროულად პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სამოქმედო მავალდებულებელ აქტად მიიჩნევა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლოა კონკრეტულ დანაშაულებში ბრალი მიუძღოდეს. როგორც კომისიის ყოფილი წევრი, რა შეგიძლიათ გვითხართ იმ პირთა შესახებ ვინც შეიძლება დაბარებული იქნას კომისიაზე? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მთავარი მოქმედი პირების უმრავლესობა გასულია ქვეყნიდან. სააკაშვილი გასაგებია სადაც არის...
- დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობას განსაზღვრავს პარლამენტის რეგლამენტი და მისი ინიცირება განპირობებულია განსაკუთრებული საზოგადოებრივ-საჯარო ინტერესით. კომისიის მუშაობის დასრულებას შესაძლოა მოჰყვეს არაერთი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის გასამართლება, ვის პასუხისმგებლობასაც განსაზღვრავს სისტემური დანაშაულობანი სხვადასხვა სფეროში: სამართლებრივ-პენიტეციური, სოციალურ-ჰუმანიტარული, სამოქალაქო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ხელყოფა, დევნილთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზის ჩათვლით;
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული ტოტალური ხასიათის დარღვევები, ელიტური და მაღალი ეშელონის კორუფციული ინტერესების ჩათვლით, საგარეო პოლიტიკა და უკანონო ლობისტური საქმიანობა, არჩევნები და სამოქალაქო რეესტრის რესურსების უკანონო გამოყენება, პოლიტიკური კორუფციის ფაქტების გამოვლენის ჩათვლით; სასამართლო ხელისუფლების უზურპირება და მისი სადამსჯელო ინსტრუმენტად ქცევა, პრეზიდენტის ინსტიტუტის ბოროტად გამოყენებისა და ქვეყნის ტერიტორიებით ვაჭრობის ფაქტები - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, კოდორის ხეობა, ხუჯაბისა და წითელი ხიდის, სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ტერიტორიების დათმობა.
საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების რომელი მაღალჩინოსნის დანაშაული იკვეთება და რა ნაწილში? რისი გაკეთება შეიძლება და რა არ გააკეთეს?
- 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში თავისი ქმედებით ღალატობდნენ ქვეყნის ინტერესს. ასეთ შემთხვევას, პირველ რიგში, განეკუთვნება თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ გაცემული უკანონო ბრძანება თავდაცვის სამინისტროს უკანონო ევაკუაციასთან დაკავშირებით, რაც აისახა იმდროინდელი კომისიის დასკვნაშიც და რასაც მონიტორინგს უწევდნენ ამერიკელები.
ასევე, ქალაქ გორის დაუცველად დატოვება და ზღუდეების აღუმართაობა, ფრონეს, დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ხეობიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე უარის თქმა, საევაკუაციო გეგმების არარსებობის გამო, საგანგებო სიტუაციათა მართვის სახელწიფო საბჭოს არარსებობა, სტრატეგიული მარაგის სამმართველოს გაუქმება ეკონომიკის სამინისტროში და ჯარის დატოვება ზურგის სამსახურის სურსათით მომარაგების უზრუნველყოფის გარეშე, მთლიანი კავშირგაბმულობის სისტემის მწყობრიდან გამოყვანა და მასზე პასუხისმგებლობა.
შეიარაღების დიდი ნაწილის უვნებლად გადაცემა მოწინააღმდეგის ხელში, სამოქალაქო პირების, გუბერნატორების - ვარძელაშვილი, გოროზია, კულტურის მინისტრ გაბაშვილის, მერი უგულავას მიერ. სამხედრო რეზერვის ბატალიონების კომპლექტაცია, პროფესიონალ სამხედროთა აზრის გაუთვალისწინებლად, სამოქალაქო თავდაცვის ჟენევის კონცეფციის დამატებითი პროტოკოლის სრული იგნორირება. უარი შუქ-შენიღვით სამუშაოებზე, საევაკუაციო გეგმებზე, თავშესაფრების მოწყობაზე, ადრეული სასირენო განგაშის ელექტრონული სისტემების ამოქმედევაზე.
ჯამში, პასუხისმგებელ პურთა ვერტიკალი ასე გამოიყურება: პრეზიდენტი სააკაშვილი, პრემიერი გურგენიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ლომაია, შს მინისტრი მერაბიშვილი, მერი უგულავა, მინისტრი გაბაშვილი, აფხაზეთის ა-რ მთავრობის მეთაური აქიშბაია, გაერთიანებული შტაბის მეთაური გოგავა, საგარეო მინისტრები: ვაშაძე, ტყეშელაშვილი, ბაქრაძე, ამავდროულად ბაქრაძის პასუხისმგებლობა იკვეთება პარლამენტის სპიკერის რანგშიც. ასევე, მრავალი თანამდებობის პირი, პარლამენტის წევრი, ვისი პასუხიგებლობაც პარალელურად გამოიკვეთება, მათ შორის, ქვეყნიდან გაქცეულების თუ გასაქცევად გამზადებული პირების, რომელთა ქმედებებსაც მიეცემა სათანადო კვალიფიკაცია.
როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიეცა გაგრძელება მაშინდელ საპარლამენტო კომისიის მიერ დადებულ დასკვნას და რა დასკვნა დადო მაშინ კომისიამ?
- „რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის“ მუშაობის შედეგებს წესით, ძლიერი რეზონანსი უნდა მოყოლოდა, რადგან მას ზედამხედველობას ამერიკელები უწევდნენ. ამის შესახემ ჩემთვის ვაშინგტონში გახდა ცნობილი, როდესაც კონგრესის მიწვევით რამდენიმე დეპუტატი ვიმყოფებოდით იქ. პირადად ვცხოვრობდი ბატონ ბილ კორტნისთან ოჯახში (აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში) და სწორედ აქ გახდა ცნობილი ჩემთვის, რომ ამერიკელები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ ხუთ დღეში ჩავარდნილი ომის შედეგებით და იმ სრული ფიასკოთი, რაც ქვეყანას აწვნია სააკაშვილმა.
მინდა სრული პასუხისმგებლიბით განვაცხადო, რომ ჩემს მიერ დადებულმა დასკვნამ „სამოქალაქო თავდაცვის მდგომარეობის შესახებ“ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა აშშ-ში, ყველა იმ დასაბუთებული კრიტიკული პოზიციის დაფიქსირების გამო, რაც მტკიცებულებებით იყო გამყარებული. ბილ კორტნი დაინტერესდა კიდეც თუ საიდან ასეთი მაღალი კომპეტენცია ამ სფეროში, რაზედაც პასუხი უკავშირდებოდა კომისიაში ჩემს მიერ მოწვეულ პოლკოვნიკ ჯუმბერ ხაბურზანიას არსებობას, რომლის გარეშე, ცხადია, აღნიშნულ დასკვნას არ ექნებოდა ფასი.
ჩვენთან საუბრისას თქვენ აღნიშნეთ, რომ 2008 წელს შექმნილმა კომისიამ დადო დასკვნა, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს უკანონო ევაკუაციასთან დაკავშირებით და ამას მაშინ მოითხოვდნენ ამერიკელები, თუმცა არ აღიძრა საქმე. რა მოხდა და რატომ იყო აშშ-ში მოთხოვნა გამოძიების დაწყებაზე?
- კომისიის დასკვნის თანახმად, თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ უნდა აღძრულიყო საქმე პროკურატურაში, უნდა გამოკვეთილიყვნენ პასუხისმგებელი პირები საევაკუაციო გეგმების არარსებობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განსაცდელში მიტოვების ფაქტებზე, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან სააკაშვილმა შეინარჩუნა ძალაუფლება და ეს ყოველივე მიეცა დავიწყებას.