შენობაში შეკრებისა და მანიფესტაციისთვის საჭიროა იმ შენობის ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებლის თანხმობა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ საუბრისას.
მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობის სრულუფლებიანი აღსრულება.
„როგორც ჩვენი კონსტიტუციით, ასევე კანონმდებლობით, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ნებისმიერი ქვეყნის, დაშვებულია საჯარო სივრცეში შეკრება და მანიფესტაცია. ყოველგვარი ნებართვის გარეშე გარანტირებულია ჩვენი კონსტიტუციით. რაც შეეხება დახურულ სივრცეს, ეს არ არის საჯარო სივრცე, ეს არის კერძო ან სახელმწიფო საკუთრება და ამ შემთხვევაში იმ შენობაში ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებლის თანხმობა არის საჭირო, მესაკუთრის, რომელმაც უნდა მისცეს ნებართვა. ეს ასე იყო აქამდეც. თავად კანონმდებლობას რაც ეხება, მნიშვნელოვანია, მოხდეს კანონმდებლობის სრულუფლებიანი აღსრულება. არც შინაარსობრივად დიდად არის სიახლე ამ ყველაფერში და არ მგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია და ის, რაც კანონით ნებადართული არ არის მის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შედის. მკაცრდება რეგულაციები. განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.