სამწუხაროდ, ის პირობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ დონორებისგან, რომ ისინი იქნებოდნენ გამჭვირვალეები, არ შესრულდა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამის შემდეგ იყო, რომ გამჭვირვალობის კანონი ხელმეორედ დაინიცირდა.
„რაც შეეხება ჩემს წერილს, აქამდე საჯაროდ არ გამომქონდა, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, მათ შორის, თარიღიც მნიშვნელოვანია როდის იყო ეს მიმოწერა. თქვენ იცით, რომ როდესაც ჩვენ 2023 წელს დავაინიციირეთ გამჭვირვალობის კანონი, მაშინ მოჰყვა ამას დიდი წინააღმდეგობა და არ მივიღეთ. მაშინ ჩვენ მივიღეთ პირობა უცხო ქვეყნებისგან და დონორი ორგანიზაციებისგან, რომ ისინი იქნებოდნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის. ზუსტად ამ პირობასთან იყო დაკავშირებული ეს წერილიც, რომელიც მე 2023 წლის ოქტომბერში მივწერე ევროკავშირის ელჩს. მაშინ გასკდა სკანდალი, აღმოჩნდა, რომ დონორების ფულით ხდებოდა ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა და ეს იყო საფუძველი იმისთვის, რომ მიმეწერა წერილობით, თორემ ზეპირად არაერთხელ მქონდა ბევრ დონორთან, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც საუბარი და თხოვნა, რომ გაესაჯაროებინათ, უზრუნველეყოთ მათი დაფინანსების გასაჯაროება. ვინაიდან ზეპირი საუბრებით ვერაფერს მივაღწიე, წერილობითაც მივმართე ევროკავშირის ელჩს ოქტომბერში. მას ოთხი თვე დასჭირდა პასუხის გასაცემად და ოთხი თვის თავზე გამცა პასუხი, რომ EED-ი გახლავთ ცალკე ინსტიტუცია და მივმართო მას პირდაპირ. რა თქმა უნდა, ეს არ არის სერიოზული პასუხი, რაც მივიღე, ვინაიდან EED-ი გახლავთ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მათ შორის, წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია. ანუ, არის ევროკომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია და ევროპარლამენტარების მიერ მართული ორგანიზაცია. ის არის ყველანაირად დაკავშირებული ბრიუსელის სხვადასხვა ინსტიტუციასთან და აქ, რა თქმა უნდა, მის გამჭვირვალობაზეც პასუხისმგებლობა გააჩნია ბრიუსელს და მის ინსტიტუტებს. ამიტომ, სამწუხარო იყო ეს პასუხი, რომელიც არანაირად შეესაბამებოდა გამჭვირვალობის შესახებ მოცემულ პირობას.
ამის შემდეგ იყო, რომ ჩვენ ხელმეორედ დავაინიციირეთ გამჭვირვალობის კანონი. თქვენ გახსოვთ, მაშინაც ვსაუბრობდით, რომ სამწუხაროდ, ის პირობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ დონორებისგან, რომ ისინი იქნებოდნენ გამჭვირვალეები, არ შესრულდა. ესეც არის მოწმობა იმის, რომ მიუხედავად ოფიციალური წერილობითი მიმართვისა, ჯერ ეს ერთი, ოთხი თვე გვალოდინეს პასუხზე და ოთხი თვის თავზეც მოგცეს პასუხი, რომელიც, სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ არასერიოზული იყო, რა თქმა უნდა. თავიდან აიცილეს პასუხისმგებლობა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და თითქოს ცალკე ინსტიტუციაა, მიუხედავად იმისა, დანამდვილებით ვიცი, რომ შესაბამის პირებს, დიპლომატებს თუ სხვადასხვა თანამდებობის პირებს ევროკავშირში აქვთ სრული წვდომა ევროპის დემოკრატიის ფონდის პროექტების სიასთან, ნუსხასთან, ბიუჯეტთან თუ ა.შ. ის, რაც იციან თვითონ, არ უნდათ, რომ გაუმხილონ ქართველ ხალხს. როცა ვინმე მალავს რაღაც მონაცემებს, აქ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მალავენ იმას, რაც კარგი სახით არ წარმოაჩენს ამ ორგანიზაციას. აქვე შეგახსენებთ, აქაც კიდევ ერთხელ არ დავასახელებ თუ ვინ, მაგრამ მაღალი რანგის დიპლომატის მხრიდან ჩემთვის ნათქვამი, რომ მან ნახა თუ რა პროექტებს აფინანსებს ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოში და ის დამეთანხმა მე, რომ ნამდვილად აქ ჩანს პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური მიკერძოება ამ ფონდის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.