როდესაც ხდება კონკრეტული ჯგუფის დაფინანსება, წახალისება ძალადობაზე, ამ ყველაფრის უკან გარკვეული ძალები დგანან. სანამ ეს პრაქტიკა ბოლომდე არ ამოიძირკვება, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ „დიფ სთეითმა“ შეწყვიტა საქართველოში მოქმედება და რადიკალიზმი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საურისას.
მისი თქმით, არავის აქვს მოლოდინი, რომ ერთი ხელის მოსმით შესაძლებელია „დიფ სთეითის“ დამარცხება და ამა დრო სჭირდება.
„მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს ლიდერმა, დონალდ ტრამპმა „დიფ სთეითი“ და მისი გავლენა სხვა უდიდეს პრობლემასთან ერთად, ნომერ პირველ გადასაწყვეტ პრობლემად დაასახელა შეერთებული შტატებისთვის. მან თქვა, რომ ან „დიფ სთეითი“ დაამარცხებს ამერიკას ან პირიქით, ამერიკა დაამარცხებს „დიფ სთეითს“. როგორ ფიქრობს ჩვენი საზოგადოება ასე უეცრად, ერთ თვეში, ერთი ხელის მოსმით ის ღრმა საცეცები, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ისტორია, დიდი მძიმე, ბოროტი სურვილებით სავსე და გაჯერებული დღის წესრიგი, რომელიც ამა თუ იმ ცალკეულ ქვეყნებში აწყობდა ფერად რევოლუციებს, ახდენდა ისეთი იდეების პროპაგანდას, რომელიც არც იმ ქვეყანაშია პოპულარული და არც ამერიკელის გადასახადის გადამხდელის ინტერესს ემსახურება, [ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს ტრამპის კონკრეტული განკარგულების ტექსტში შეგიძლიათ ამოიკითხოთ] აი ეს მძიმე დაღი მსოფლიო პოლიტიკაზე, ასე უეცრად ერთი ხელის მოსმით ხდება მისი დღის წესრიგიდან გაქრობა? რა თქმა უნდა არა.
შესაძლოა აშშ-ს საელჩო ასე კონკრეტული გზავნილებით საზოგადოებას აღარ ესაუბრება მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რაც მოხდა გუშინ, როდესაც ხდება კონკრეტული ჯგუფის 400-500 ადამიანის წაქეზება-დაფინანსება, მიმართულების მიცემა, წახალისება ძალადობაზე, ამ ყველაფრის უკან გარკვეული ძალები დგანან. ეს გარკვეული ძალები არ არის ჰაერიდან მოსული და არც მხოლოდ ქართველი რადიკალები არიან. ამ ყველაფერში „დიფ სტეითის“ ის ძალიან მძიმე მიზნები და სურვილები იკვეთება, რომელიც ცხადია, რომ გამტარის ან დავალების მიმცემის სახით კონკრეტული უწყება იქნება ეს თუ ქვეყნის წარმომადგენლობა ამა თუ იმ ქვეყანაში, იქიდან შესაძლოა იმართებოდეს. ამიტომ სანამ აშშ-ს პრეზიდენტი და მისი ახალი ადმინისტრაცია, მაღალ ეშელონზე მდგომი ხელმძღვანელობა ამ საკითხს, ამ ძალიან დიდ ბრძოლას წარმატებით არ დაასრულებს და ამ მანკიერ პოლიტიკურ პრაქტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათთვის არაპოპულარული იდეების პროპაგანდის და იქ ხალხის, ელექტორატის ნების საწინააღმდეგოდ, სურვილის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების შეცვლის, სანამ ეს პრაქტიკა ბოლომდე არ ამოიძირკვება ცხადზე ცხადია, რომ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ „დიფ სთეითმა“ შეწყვიტა საქართველოში მოქმედება და რადიკალიზმი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.