„ნაციონალური ხელისუფლების“ დარტყმის ქვეშ ამჯერად „ჯეოსელი“ აღმოჩნდა

„ნაციონალური ხელისუფლების“ დარტყმის ქვეშ ამჯერად „ჯეოსელი“ აღმოჩნდა

ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე თავდასხმა სულ უფრო დაუფარავ ფორმას იძენს. „ნიკორას", „ტავ ურბან ჯორჯიას", „ელიტ ელექტრონიქსის", „შირნჰოფერის" შემდეგ, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ჯეოსელის" რიგიც დადგა. მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევების გამო „ჯეოსელი", შესაძლოა, 100 მილიონი ლარით დააჯარიმონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ ფინანსთა სამინისტროში. ბაინდურაშვილის უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ „ჯეოსელის" საგადასახადო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას მადა უკვე საგრძნობლად გაეზარდა და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, გამორიცხული არ არის, რომ მალე მთავრობის მიზანში მათთან ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენებიც მოხვდნენ.

დაჯარიმებულთა ნუსხა იზრდება. უკანასკნელი, ვისაც შესაძლოა მთავრობის მწარე ხელი მოხვდეს, „ჯეოსელია". ფინანსთა სამინისტრომ ფიჭური კავშირ გაბმულობის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევები აღმოუჩინა. ამ დარღვევების მიზეზით „ჯეოსელს" რეკორდული ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

„ჯეოსელში" ადასტურებენ, რომ ფინანსთა სამინისტროდან წერილი ნამდვილად მიიღეს, თუმცა კომპანიის იურისტის განმარტებით, იგი მის შინაარსს არ გაცნობია და კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც წერილს დეტალურად შეისწავლის. თუმცა მას შემდეგ, რაც „ჯეოსელის" იურისტმა ეს განცხადება გააკეთა, კომპანიაში კომენტარი აღარ გაკეთებულა.

ფინანსთა სამინისტროში „ჯეოსელის" შემოწმების ფაქტს ადასტურებენ. როგორც მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე აცხადებს, „ჯეოსელის" საგადასახადო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, კომპანიაში ჩვეულებრივი შემოწმება მიმდინარეობს, რომელიც საგადასახადოს მიერ შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას არა უშუალოდ კომპანიაში, არამედ კომპანიის მიერ საგადასახადო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებას ითვალისწინებს.

რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მიმდინარე შემოწმება ან რის საფუძველზე დაიწყო იგი, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. „ჯეოსელში" შესვლამდე იყო „ტავ ურბან ჯორჯია", „ნიკორა", „ელიტელექტრონიქსი" და სხვა მსხვილი კომპანიები. თუ აღნიშნულ კომპანიებთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებს გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, რომ „ჯეოსელმაც" მათი ბედი გაიზიაროს.

რამდენიმე თვის წინ ფინანსთან სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი „ტავ ურბან ჯორჯია" 50 მლნ ლარით დააჯარიმა.

თურქულ კომპანიამდე იყო ხორცპროდუქტების კომპანია „ნიკორა", რომელიც აუდიტის დეპარტამენტმა თავდაპირველად 15 მილიონი ლარით დააჯარიმა, თუმცა უკვე მოგვიანებით, ანუ დავების განხილვის შემდეგ, კომპანიას 4 მილიონის გადახდა დაეკისრა.

დაახლოებით 3 თვის წინ თითქმის ანალოგიური ბედი ეწვია ელექტროტექნიკით მოვაჭრე კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელსაც. კომპანია, რომელიც 30-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს აერთიანებდა, მუშაობა შეწყვიტა. კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ მაღაზიების დახურვის მიზეზი ორი წლის წინათ ფინანსური პოლიციის მიერ კომპანიაზე უსაფუძვლოდ დარიცხული ჯარიმა გახდა.

„2007 წელს ფინანსურმა პოლიციამ „ელიტ ელექტრონიქსს" 7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. ფინანსურმა პოლიციამ 2009 წლის 10 აგვისტოს კომპანიის საბანკო ანგარიშებს ინკასო დაადო. 21 აგვისტოს „ელიტ-ელექტრონიქსის" მაღაზიებში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და უკვე სავაჭრო პროცესების წარმართვაც შეუძლებელი იყო. კვლავაც მიგვაჩნია, რომ ჯარიმა უსაფუძლო იყო და სასამართლო დავას გავაგრძელებთ", - აცხადებდა მაშინ კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ია ნადირაშვილი.

უკვე გასულ კვირას 3 თვიანი პაუზის შემდეგ კი „ელიტ-ელექტრონიქსი" ბაზარზე შეუცვლელი მენეჯმენტით, 50%-იანი ბანკების წილში შემოსვლით და ფასდაკლებების აქციით დაბრუნდა.

მანამდე კი იყო „პრიზა", „სონი", „ბადაგონი", „ბალტიკა", „შირნჰოფერი", პატარკაციშვილების ოჯახი, ვალერი გელაშვილი, რომლებიც სხვადასხვა პერიოდსა და სხვადასხვა გარემოში ყვავილოვანი ხელისუფლების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. ზოგმა ბიზნესი მთლიანად დაკარგა, ზოგმა ნაწილობრივ, ზოგიერთს კი საქმე იქამდე მიუყვანეს, რომ თავად გაიქცნენ ქვეყნიდან. ვინც ხმა ამოიღო, პრობლემა შეექმნა.

ის, რომ ბიზნესმა გადასახადები უნდა გადაიხადოს, ფაქტია და ამაზე ყველა თანხმდება. თუმცა იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც დღეს მთავრობა მოქმედებს, საზოგადოებაში და მათ შორის, საექსპერტო წრეებში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ვინ იქნება შემდეგი? - ეს კითხვა უკვე დიდი ხანია გაჩნდა, თუმცა პასუხი არ არსებობს, რადგან გადამხდელების სამიზნე შეიძლება ნებისმიერ დროს ნებისმიერი, მათ შორის, ხელისუფლებასთან ლოიალური ბიზნესიც გახდეს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი პროცესების გაგრძელებას გარდაუვლად მიიჩნევს და ამის მიზეზად იმ კანონს ასახელებს, რომლითაც უცხოელ ინვესტორებს უფლებების დარღვევის შემთხვევაში საერთაშორისო არბიტრაჟში გასაჩივრების უფლება ეკრძალებათ.

„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხოელ ინვესტორს, რომლის უფლებებიც შეილახება, საქმის წარმოება მხოლოდ საქართველოს სამართლებრივ სივრცეში შეეძლება, ასეთი პროცესების დაწყება გარდაუვალი იქნებოდა. ხელისუფლების გაზრდილი მადა, რა თქმა უნდა, მცირე თანხებით აღარ შემოიფარგლება. ფულის საჭიროება კი ყველა ქვეყანაში ყველა მთავრობას აქვს, შემაფერხებელი მხოლოდ სინდისია და ის ფაქტორი, რომ ამით ბიზნესი არ დაიჩაგროს. საქართველოში კი ამის საკმაოდ დიდი ნაკლებობაა.

ვლაპარაკობთ, რომ ვქმნით საამურ ბიზნესგარემოს, ამის ფონზე კი, ვცდილობთ ქვეყნიდან უცხოელი ინვესტორები გავაძევოთ. სხვა შეფასებას იმ საშინელ კანონს და იმ ქმედებას, ნამდვილად არ აქვს", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ამასთან, ექსპერტი კვლავ ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტის კონსტიტუციურ დონეზე შემოღების ინიციატივით გამოდის და მიაჩნია, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლებისა სწორედ დამცველის შექმნა იქნება.

„ერთადერთი, ვისაც რაიმე ტიპის დარღვევაზე ხმის ამოღება შეეძლო, ბიზნესმენთა ფედერაცია იყო, თუმცა დღეს ის აღარ არსებობს. როდესაც ბიზნესში არ არსებობს სოლიდარობა, უბედურება ნელ-ნელა მოდის და დამერწმუნეთ, რომ ამ სიაში ყველა მოხვდება და მაშინ უკვე ხმის ამომღები არავინ დარჩება. ტერორი აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ხელისუფლების მადა არ მცირდება. მათ ყველაზე კარგად იციან, თუ სად, რომელ კომპანიაში დევს შემოსავალი.

ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია კონსტიტუციის დონეზე ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა, რადგან ჩვენთან ამ ტერორის შემაჩერებელი სხვა ტიპის ფაქტორი არ არსებობს. თუმცა არც ეს არის მთავარი ფაქტორი ტერორის შეჩერებისთვის, მაგრამ ამით სიტუაცია მცირედით მაინც გამოსწორდება", - დასძინა ცისკარიშვილმა.