კალმახელიძის უწყების მიერ დაპიარებული 60 ლარიანი გრძელვადიანი პაემნები მხოლოდ სატელევიზიო პროექტში შედგა. პატიმრები ერთს საუბრობენ, მეორეს ამბობს მინისტრი. კანონის და „მშვენიერი ხათუნას“ თანახმად ციხეებში 24 საათიანი პაემანი 60 ლარი ეღირება, ეს ეხება ცოლ-ქმარსაც და დედა-შვილსაც.
ჯერ კარგად არ იყო ეს ინიციატივა „გაციებული” კალმახელიძის ქვემდგომმა უწყებამ ახალი ნიუსი რომ გაავრცელა: 24 საათიანი პაემნების შედეგად პატიმრებში იმატა ქორწინების მსურველთა რიცხვმაო. მოკლედ, ყველაფერი აჟურში რომ არის ეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამაც დაადასტურა. რა ხდება სინამდვილეში? „ალიას“ ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრმა ქსნის კოლონიაში მომხდარი ფაქტის შესახებ მოუყვა:
„რომ აცხადებენ 60 ლარი ღირს 24 საათიო, მტკნარი სიცრუეა. იმ დღეს მისული ვიყავი ციხეში და ერთ საათში მოგვთხოვეს 65 ლარი. ესაა გრძელვადიანი პაემანი და ისიც ვითომ 60 ლარად? საათში თუ 65 ლარი უნდა გადავიხადო, 24 საათისთვის სახლი გავყიდო? თქვენ წარმოგიდგენიათ ოჯახი საქართველოში რომელიც 1560 ლარს გადაიხდის ერთ, თუნდაც გრძელვადიან პაემანისთვის?“– ამ ინფორმაციას დაერთო წერილი, რომელიც „ალიას“ ქალთა კოლონიიდან გამოუგზავნეს. ესაა დეტალები იმისა რა ხდება დახურულ ზონებში სინამდვილეში:
„ამ წერილის ადრესატი, განსაკუთრებით, ჯონდი ბაღათურიაა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისაა ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც დღეგამოშვებით ტელევიზიით გამოდის და მოსახლეობას არწმუნებს, თავს პატიმართა დამცველად წარმოუდგენს, თითქოს, პატიმართა პრობლემების მოგვარების საკითხში მთავარი პერსონა იყოს.
ჯონდი ბარათურია ის ოპოზიციონერია, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ რუსთავში ქალთა ევროპული სტანდარტების ციხე აშენდა, იგი საზოგადოებას არწმუნებს, რომ პატიმართა პაემნების საკითხი, პატიმართა და მათი ოჯახების სასარგებლოდ გადაწყდა. არადა სასტიკად ცრუობს. რატომ ცრუობს (ხელისუფლება რომ ცრუობს ეს სხვა თემაა, ოპოზიციონერობას რომ იჩემებს და ცრუობს ესააა ამაზრზენი)? ამას საზოგადოება ჩვენი წერილის წაკითხვის შემდეგ თავად მიხვდება. ბატონო ჯონდი, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გეყოთ ვაჟკაცობა და მოდით თქვენს მოწონებულ და გაპრიალებულ ქალთა ევროპული სტანდარტების ციხის “ა კორპუსის” პატიმრებთან და შეგვხედეთ თვალებში და ისე გაგვეცით პასუხი წერილში დასმულ შეკითხვებზე:
1. იცით თუ არა რომ ქალთა დაწესებულებაში დღეს ათასობით დედა იხდის სასჯელს, დედები, რომელთაც თქვენი ევროპული სტანდარტებით შვილებთან მხოლოდ თვეში სამჯერ აქვთ ერთ–საათიან პაემანზე შეხვედრის უფლება და ისიც შუშებს მიღმა და ტელეფონის საშუალებით.
2. იცით თუ არა, რომ ქალთა ციხეში ასობით 14-25 წლამდე არასრულწლოვანი ახალგაზრდა პატიმარს დედებთან შეხვედრის და მათი ნახვის უფლება აქვთ ჩამორთმეული?
3. გინახავთ კი თქვენს ნაქებ ევროპულ ციხეში პაემნების ოთახი როგორ გამოიყურება? თუ მას პაემნების ოთახი ქვია გეტყვით რომ ის 2 კვადრატულიც არ არის და დედას თუ ერთზე მეტი შვილი ყავს ვაი მისი დღე, რადგან ერთი საათის მანძილზე უნდა მოასწროს მინის იქით ერთი ტელეფონის ყურმილის საშუალებით სამივე შვილთან ლაპარაკი. მათთან მიახლოებაზე და მოფერებაზე კი ფიქრიც ზედმეტია.
4. იცით თუ არა თქვენ მიერ მოწონებული გრძელვადიანი პაემნების შესახებ კანონის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ქალთა 90% ვერ შეძლებს? თუმცა რა გრძელვადიანი პაემნებით იწონებთ თავს, როცა მოკლევადიანი პაემნებიც კი აღარ არსებობს, რადგან კალმახელიძის უწყების მიერ დაპიარებული თქვენს მიერ მხარდაჭერილ და მოწონებულ ევროპული სტანდარტების დაწესებულებაში დედა-შვილის პირისპირ შეხვედრა აკრძალულია, დედას შვილთან მიახლოების უფლება არა აქვს. თქვენ კი ამ დროს თავს იწონებთ, რომ 60 ლარად შეფასებული გრძელვადიანი პაემნების ინიციატორი ხართ, რა მოგწონთ ამაში? ის, რომ დედამ შვილის ნახვაში ან პირიქით 60 ლარი უნდა გადაიხადოს?
5. იცით თუ არა დედები იძულებულები ვართ უარი ვთქვათ შვილებთან შეხვედრაზე და იცით რატომ? ჩვენს შვილებს მიუხედავად პატარა ასაკისა, ჩვენთან შეხვედრის გამო ჩხრეკენ ყოვლად მიუღებელი მეთოდებით. ამ დამცირებას, ალბათ, კიდევ აიტანდნენ ჩვენი დედები და შვილები, რადგან ეს მათი დამცირების მიზნით ხდება, მაგრამ აქ მთავარი ისაა რომ ჩხრეკვის შემდეგაც კი, ჩვენთან მოახლოების საშუალებას არ აძლევენ? გვიპასუხეთ, ბატონო ჯონდი, ამ შეკითხვებზე და თუ არა გაქვთ პასუხი იმდენი კაცობა მაინც გეყოთ, რომ ჩვენი ოჯახები ტელევიზიით არ მოატყუოთ. გეყოთ ვაჟკაცობა და მობრძანდით ქალთა კოლონიის მეხუთე დაწესებულების კორპუსის პატიმრებთან შესახვედრად, ნუ გეშინიათ ჩაკეტილი ქალების!”
ამის შემდეგ „ალია“ ჯონდი ბაღათურიას დაუკავშირდა:
- ევროსტანდარტის შენობა ნამდვილად არის მაგრამ ევროსტანდარტის დონის ურთიერთობის საშუალება არ არის. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ და გამგებმა გაიგოს, შეიძლება „ალიასთვის“ გამოგზავნილი წერილი იყოს რომელიმე პატირმის მოსაზრება, რომელმაც ვერ გაიგო რა ვთქვი, ან შეიძლება რომელიმე არაპატიმარმა თქვა ეს, ვინც პოლიტიკური ინტრიგანია. „ქართული დასი“ ერთადერთია, რომელიც პატიმრების საკითხზე რეალურად მუშაობს. შეიძლება, მართლა გულწრფელად დასვა ვინმემ ეს შეკითხვები.
ამ წერილს მეხუთე დაწესებულების „ა“ კორპუსის პატიმრები წერენ...
- გეუბნებით, შენობა კარგადაა მოწყობილი, რემონტი კარგია. ბავშვთა და დედათა ოთახი ცალკეა, ინფრასტრუქტურა კარგადაა მოწყობილი.
ორი კვადრატია ოთახიო...
- რემონტი არის, სისუფთავეა, რაც მე დავათვალიერე ასეთი იყო. მოპყრობა სხვა რამეა და შენობა სხვა რამე. რეჟიმი ძალიან მკაცრია, არ ვეთანხმები ამას.
ჯერ არ დაწესებულა 60 ლარი 24 საათში გადასახდელი და ქსანში 62 ლარი მოსთხოვეს ერთ ქალბატონს.
- ეს უკვე კრიმინალია. მიეცით ჩემი ტელეფონის ნომერი იმ ქალბატონს და კონკრეტულ ფაქტზე დამელაპარაკოს. ძალიან ძვირია 24 საათში 60 ლარის გადახდა. გრძელვადიანი პაემნები, რომელიც ცოლ-ქმრისთვის ურთიერთობის საშუალებას გულისხმობს, აუცილებელია. მაგრამ ჩვენი ინიციატივა იყო ცოლ-ქმრისთვის მიგვეცა საშუალება განმარტოებით ეცხოვრათ თვეში 72 საათი, სასტუმროს ტიპის ნომერში, კოლონიის დაწესებულების ფორმაში. ეს იყო ასევე პატრიაქრის მოწოდება და ინიციატივა იყო, რომ ეს მომხდარიყო უფასოდ. ჯერჯერობით, მიღწეულია 72 საათი წელიწადში და 60 ლარი. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან ძვირი.
„ალიასთვის“ ექსკლუზიურად მინდა განვაცხადო, რომ გამოვდივართ ინიციატივით ღარიბ პატიმრებს უფასოდ ჰქონდეთ გრძელვადიანი პაემნები, მაგრამ თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება 72 საათზე ზემოთ „იგულაოს“ ასეთმა გადაიხადოს ფული ამ ზედმეტი საათებისთვის. ჩვენ ვამბობთ კი ბატონო რაკი წელიწადში 72 საათზე შეთანხმდით, პატიმრებს უფასო ლიმიტი დაუდგინეთ და ლიმიტს ზემოთ გადაიხადონ ვისაც უნდა ეს ზედმეტი საათი.
მე მაინც მიკვირს ჯერ კანონი ერთი მოსმენითაა და უკვე 60 კი არა 65 ლარს ახდევინებენ პატიმრის ოჯახებს და ისიც საათში.
- მიეცით ჩემი ნომერი... გაგიმხელთ ერთ ინფორმაციასაც, ამას პატიმრები წაიკითხავენ – ღარიბ ოჯახებს უფასოდ უნდა ჰქონდეთ პაემანი. ვეცდებით ამას მივაღწიოთ, ეს არის ჯერჯერობით.