ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ მოკლე პერიოდში წინსვლის ისეთ ტემპებს მიაღწია, რომელიც განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ. უფრო მეტიც, სხვა ქვეყნებს ჩვენგან მაგალითის მიღებაც კი ურჩია.
ამ დროს, გაეროს ექსპერტებმა საქართველო უღარიბესი ქვეყნების სიას მიათვალეს. 2009 წლის რეიტინგის შედგენისას, სპეციალისტებმა გაითვალისწინეს ამა თუ იმ ქვეყნის სოციალური გარემო, ჯანდაცვისა და განათლების განვითარების მაჩვენებელი, მოსახლეობის კულტურული განათლების დონე და გარემოს დაცვის პარამეტრები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ რეიტინგში საქართველომ 89-ე ადგილი დაიკავა.
გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტების მონაცემებით, მსოფლიოში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე ნორვეგიაშია. საერთო ჯამში, რეიტინგის ათეული ასე გამოიყურება: 1. ნორვეგია; 2. ავსტრალია; 3. ისლანდია; 4. კანადა; 5. ირლანდია; 6. ჰოლანდია; 7. შვედეთი; 8. საფრანგეთი; 9. შვეიცარია; 10. იაპონია.
აღსანიშნავია, რომ ათეულში ვერ მოხვდა აშშ. მან ამ რეიტინგში მე-13 ადგილი დაიკავა.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მე-40, 46-ე და 48-ე ადგილი, ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ დაიკავეს. ბელორუსი 68-ე ადგილზეა, რუსეთი - 71-ზე, ყაზახეთი - 82-ზე, სომხეთი - 84-ზე, უკრაინა - 85-ზე, აზერბაიჯანი - 86-ზე, თურქმენეთი - 109-ზე, მოლდოვა - 117-ზე, უზბეკეთი და ყირგიზეთი, შესაბამისად, 119 და 120-ზე, ტაჯიკეთმა კი, 127-ე ადგილი დაიკავა.
გაეროს რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი ცხოვრების დონე ნიგერში, ავღანეთში და სიერა-ლეონეშია.
„სიღარიბის პროგრამის დაძლევის" ფარგლებში საქართველომ სავალუტო ფონდისგან და მსოფლიო ბანკისგან დიდი რაოდენობით ფინანსური დახმარება მიიღო. თუმცა, რამდენად ეფექტურად გაიხარჯა ეს ფინანსები, ამაზე გაეროს ექსპერტების კვლევებიც მიუთითებენ.
ექსპერტთა მოსაზრებით, სიღარიბის დონის მაჩვენებლების ზრდაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არაფრისმომცემ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. სოფლის მეურნეობას ყველაზე ნაკლები ზრდა აქვს და იგი უფრო მეტად სეზონურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
ჩვენ იმ ფენომენთან გვაქვს საქმე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტიც იზრდება და ამასთანავე სიღარიბეც. სხვათა შორის, მსოფლიო ბანკმა 2006-2009 წლებისთვის თანამშრომლობის სტრატეგია დაამტკიცა, სადაც ყურადღება გამახვილებულია კერძო სექტორის ხელშეწყობაზე, ინვესტიციების შემოდინებაზე, ისეთი დარგების განვითარებაზე, როგორიცა ფინანსური შუამავლობა, კავშირგამბულობა. თუ როგორ ზრუნავენ ამ კერძო სექტორის განვითარებაზე, ბოლოდროინდელი მოვლენებიც აჩვენებს - საკუთრების ხელყოფა, დანგრეული ბიზნესი და უამრავი უმუშევრად დარჩენილი ადამიანი.
საერთაშორისო პრაქტიკაში მიიჩნევა, რომ ქვეყანაში, სადაც საშუალო ფენა არ არსებობს და სიღარიბის მაჩვენებლები იზრდება, ეს განუვითარებლობის პირველი მაჩვენებელია. ესე იგი ყველაზე რეფორმატორული მთავრობის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.