როკ მუსიკა რომ ყველაზე დემოკრატიულია მე–20 საუკუნეში შექმნილ ხელოვნების დარგთა შორის, ამაზე მეტყველებს როკის წიაღში დასავლეთის მუსიკალურ შოუ ბიზნესში დამკვიდრებული სტერეოტიპების ჯერ თანდათანობითი მოსპობა, საბოლოოდ კი რღვევა, იქნება ეს სასცენო იმიჯი, დაკვრის მანერა, თუ კიდევ ბევრი სხვა რამ...
ფრენკ სინატრა, ელვის პრესლი, რეი ჩარლზი და კიდევ სხვა მათი თანამედროვენი საოპერო მომღერლები ნამდვილად არ ყოფილან, მაგრამ მათი ხმის ტემბრი მსმენელს შეეძლო მიესადაგებინა საყოველთაოდ მიღებული კრიტერიუმებისთვის და „საესტრადო მუსიკის“ მოძულეთაც კი ეღიარებინათ უფლება მათი მომღერლობისა, მაგრამ გაივლის წლები და... სცენაზე დამკვიდრდებიან მომღერლები, რომელთა ხმის ტემბრის მქონე ადამიანები სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, მომღერლობაზე ვერც კი იოცნებებდნენ. ბობ დილანისა და როდ სტიუარტის თამადობით, ჩამონათვალი ხომ ძალიან შორს წაგვიყვანდა, მაგრამ დღეს უბრალოდ გვინდა ერთ–ერთ მათგანზე შევჩერდეთ – მომღერალზე, რომლის მიმართაც ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს; ან უყვართ, ან სძულთ, ყოველ შემთხვევაში ერთადერთ რამეზე თუ შევთანხმდებით – ვერც თითონ და ვერც მისი მშობლები წარმოიდგენდნენ, რომ მაიკლ ჯორდან ოსბორნისაგან ოდესმე მომღერალი დადგებოდა.
ოსბორნის თემა მით უფრო აქტუალურია დღესდღეობით, რადგან შარშან Black Sabbath–მა ახალი ალბომით სრულიად ბრიტანეთის ჩარტები დაიპყრო, ოზის კი კონცერტებზე ეპატიება ხმის ჩავარდნა, გაუთავებელი ფალშები და... ტრადიციულად არაორდინალური და სულელური ქცევა. ასაკის მიუხედავად, იგი მაინც „ბებერ კლოუნად“ ითვლება, თუმც მისი ასეთი ქცევების მიღმა აურაცხელი სიბრძნე იმალება, რასაც როკ–მენობა იფარავს...
1970 წლის სადებიუტო ალბომი Black Sabbath ჰიპების ყვავილთა სამყაროს წინააღმდეგ პირველი გასროლა იყო. ამ ნამუშევრით Black Sabbath –მა სამომავლოდაც მოსპო რაიმე „სექტანტური“ მიმდევრობის ნასახიც კი როკ მუსიკაში. არანაირი ჰიპობა, პანკობა თუ ბიტნიკობა. მათ ჰქონდათ გრძელი თმა, იმიტომ რომ ეს როკ მენს ამშვენებს და იყენებდნენ ხშირად ჯაზის ელემენტებს, რადგან ეს უხდებოდა პირველი ალბომის რეპერტუარს.
ასე გაგრძელდა Paranoid–შიც. თავდაპირველად ოთხეულს ალბომისთვის War Pigs უნდოდა რომ დაერქმია, მაგრამ საბოლოოდ ორწუთიან როკ’ნ’როლის სახელწოდებაზე შეთანხმდნენ, რაც უფრო გააიოლებდა Paranoid–ის მასიურ წარმატებას. ასეც მოხდა – War Pigs, Paranoid, Electric Funeral, Iron Man, Fairies Wear Boots ის სიმღერებია, რომელთაც ოზი ოსბორნისამებრ ვერვინ მოერგებოდა. მისი ეპიზოდებში გამყინავი და უხეში, წვრილი, ბევრისთვის არასასიამოვნო ხმა, შესანიშნავად ეხმიანებოდა მძლავრ და პირქუშ ინსტრუმენტულ პალიტრას.
პირველი ორი ალბომი იმდენად დაახლოებული გამოდგა ხასიათით, რომ Black Sabbath–ისა და Paranoid–ის პირობითად ორდისკიან ალბომად წარმოდგენაც კი შეიძლება. პირველი ალბომის გამხსნელი ჰიმნი ჯგუფმა 2013 წელს საგულდაგულოდ გადაამუშავა და წარმოადგინა ალბომ 13–ის პირველ კომპოზიციაში End Of The Beginning, Technical Ecstasy –დან Dirty Women–თან ნაზავში.
უცნაურია, მაგრამ თითქოს საკმაოდ მწირი იმპროვიზაციული სპექტრის პირობებში, Black Sabbath შესანიშნავად ახერხებს თითოეული თემის ბოლომდე მიყვანას, მათი წარმოუდგენელი გადასხვაფერების გზით. Van Der Graaf Generator–ისა არ იყოს, სწორედ ფარული „ჯაზურობა“ ეხმარება ამაში კოლექტივს, რომლის ვოკალისტსაც არაფერი აქვს საერთო ჯაზთან, სოულთან, ბლიუზთან თუ კიდევ ფანკთან...
ოზი ნამდვილი ინგლისელი მომღერალია. მისი ხმის ტემბრი, მით უფრო საწყის პერიოდში, გამორჩეულად უბრალო და „გლეხურია“, თუმც ფოლკ როკთან (და არა ხალხურ მუსიკასთან) კავშირი, Black Sabbath-ს ნაკლებად ჰქონდა. საფირმო ბალადები კი სულ სხვა საკითხია და Changes, Planet Caravan, She’s Gone, Solitude სწორედ ის სიმღერებია, რომელთაც მრავალი მსმენელი ოზისადმი პოზიტიურად განაწყვეს.
გაივლის წლები, Black Sabbath–ის ფესვებზე არაერთი ცნობილი ჯგუფი აღმოცენდება, მაგრამ ოზის მსგავსი მომღერალი არავის ეყოლება. მიბაძვა ყველას უხაროდა, Black Sabbath–ის სიმღერები ვის აღარ გადაუმღერებია, მაგრამ როგორც ჩანს ოზის იდუმალება არა მხოლოდ უცნაურ ხმის ტემბრში, არამედ თუნდაც შოუ ბიზნესის კანონებიდან სრულ ამოვარდნაში გამოიხატება, რაც გადასარევად შენიშნა სერიალ „ოსბორნების ოჯახის“ გადამღებმა რეჟისორმა.
ოზის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა მეუღლემ – ედიტ შარონმა. Black Sabbath–ის დატოვების შემდეგ, მომღერალი გალოთდა და სავსებით შესაძლებელი იყო, რომ იგი ბირმინგემის საკანალიზაციო არხშიც კი აღმოეჩინათ ცოცხალ–მკვდარი...
საბედნიეროდ ასე არ მომხდარა; 1979 წელს ოზი ახალ ცხოვრებას შეუდგა და სულ მალე როკ სამყაროს ჩინებული ალბომი Blizzard Of Ozz მოევლინა. ალბომის ჩაწერაში ცნობილი მუსიკოსები – Uriah Heep–ის დრამერი ლი კერსლეიკი, Rainbow–ს ბას გიტარისტი ბობ დეისლი და იმ დროისათვის იმავე Rainbow–ს და იქამდე Colosseum II- ისა და Black Sabbath–ის ალბომ Never Say Die–ში მიწვეული კლავიშებზე შემსრულებელი დონ ეირი მონაწილეობდნენ.
მათთან ერთად, Blizzard Of Ozz–ში ოზის აღმოჩენამ – ახალგაზრდა ვუნდერკინდმა გიტარისტმა რენდი როუდსმა დაუკრა, რომლის სოლოებმაც იდეალურად მოხატა მომღერლის სადებიუტო სტუდიური ალბომი.
I Don’t Know, Crazy Train, Mr. Crowley, Goodbye To Romance სიმღერებია, რომელთაც ოზის ვოკალის ხელოვნება ბოლომდე გახსნეს. Black Sabbath–ის წარსულიდან კი Blizzard Of Ozz–ს ყველაზე მეტი საერთო, უბრალოებით გამორჩეულ Technical Ecstasy-თან აღენიშნება, რომლისთვისაც უცხოა Sabotage –ისა თუ Never Say Die–თვის დამახასიათებელი სირთულეები.
ოზი მომავალში დიდი ინტენსივობით მუშაობდა და მისი სოლო ალბომებით არაერთმა გიტარისტმა გაითქვა სახელი. მნიშვნელოვანი იყო 1997 წელს Black Sabbath–ის ხელახალი შეკრება, მაგრამ სიახლეების მოლოდინში მყოფი საზოგადოება ორადორ ახალ სიმღერას Psycho Man–სა და Selling My Soul–ს დასჯერდა.
ამგვარად, საკონცერტო ალბომმა მრავალი კითხვის ნიშანი დატოვა. ოზი მღეროდა, მაგრამ შედარებით დაბალ ტონალობაში, ბილ უორდი კი ზოგჯერ ნებსით თუ უნებლიედ ურევდა და მსმენელსაც ოდნავ დაბნეულს ტოვებდა...
საბოლოოდ Black Sabbath–ის კლასიკური შემადგენლობა 2013 წლამდე კვლავ დაიშალა ზემოთხსენებულ ალბომ 13–მდე, მაგრამ ოზიმ ამ პერიოდში ახალი იდეებით გაჯერებული კიდევ არაერთი სოლო ალბომი ჩაწერა.
ოზის ხმა დღესდღეობით ახალგაზრდულად უკვე ვეღარ ჟღერს, მაგრამ მისი ცნობა როკ მუსიკაში ოდნავ ჩახედულ ადამიანსაც კი ძალუძს. ეს კი მის მკვეთრად გამოხატულ ინდივიდუალობაზე მიგვანიშნებს, რაც მხოლოდ დიდ ვოკალისტთა ხვედრია...