კომპანია „ჯეოსელის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კომპანიაში საგამოძიებო სამსახური გვიან ღამით შევიდა. თუმცა, გამოძიება ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სამუშაოები.
„ჯეოსელის“ წინააღმდეგ საქმე სსკ 218-ე მუხლით აღიძრა, რაც დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდებას გულისხმობს. ფინანსთა მონისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ კომპანია „ჯეოსელმა“ დიდი ოდენობით გადასახადი დაუმალა სახელმწიფოს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის გიორგი გრძელიშვილის განმარტებით, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი დიდი ოდენობის გადასახადისგან, მეორე ნაწილი კი განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადისგან თავის არიდებას გულისხმობს, რაც სწორედ გამოძიების პროცესში დადგინდება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადასტურდა, რომ კომპანიამ დიდი ოდენით თანხა მიითვისა, როგორც ფინანსთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, კომპანიის ხელმძღვანელს 3-5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ჯეოსელში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა კომპანიაში თავდაპირველად მიმდინარე შემოწმებას დაუკავშირეს. თუმცა, მოგვიანებით, კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა პასი კოისტინენიმ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, „ჯეოსელი“ საქართველოში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. მისი არსებობის მანძილზე კომპანიის ყველა საქმიანობა, ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ.
„ამჟამად „ჯეოსელში“ მიმდინარეობს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის ამოღებას. აქვე დავძენთ, რომ ჩვენთვის, სამწუხაროდ, დღემდე უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოქმედებს გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით აღსავსე ეთიკური ბიზნეს პრაქტიკით. არ გვაქვს არანაირი მიზეზი, თავი ავარიდოთ გადასახადებსა თუ სხვა ვალდებულებებს.
„ჯეოსელი“ საქართველოში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. მისი არსებობის მანძილზე კომპანიის ყველა საქმიანობა, ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ. „ჯეოსელი“ გადადგამს ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მისი კანონიერი ინტერესები.
ვიზრუნებთ, რომ გამოძიების პროცესი წარიმართოს სრულყოფილად, საზოგადოებისთვის გამჭირვალედ, რომლის საბოლოო მიზანი იქნება სისხლის სამართლის საქმის დაწყების რეალური ფაქტობრივი საფუძვლების დადგენა“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.