გაიარა საახალწლო „ანესთეზიამ“ და ჩვენ ისევ აღმოვჩნდით დროებით მიყუჩებული ტკივილებისა და პრობლემების წინაშე. 2024 წლის პერიპეტიებმა არ დაგვიტოვა იმის ილუზია, რომ 2025 წელი უკეთესი ან ნაკლებად პრობლემური იქნება. ქვეყანას და ხალხს მოუწევთ გამკლავება როგორც წინა წლებიდან გადმოყოლილ, ისე ახალ პრობლემებთან, რომლებიც თავს წამოყოფენ მაშინვე, როგორც კი არსებულს მოევლება. მთავარია ამ პრობლემებმა საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუციებში სასოწარკვეთილება და დეპრესია არ გამოიწვიოს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კარგად ნაცნობი ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ინტენსიურად შეეცდებიან ასეთი განწყობების დათესვას.
2025 წელი იქნება სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის რთული ბრძოლის წელი, რადგანაც ჩვენს საზოგადოების და პოლიტიკუმის ერთი ნაწილისთვის სუვერენიტეტზე უფრო პრიორიტეტული უცხოური ინტერესების მომსახურებაა.
რთული წარმოსადგენია, რომ 2025 წელს მოხდეს საზოგადოების ღრმა გახლეჩვის დაძლევა და კონფლიქტოგენური გარემო, დიდი ალბათობით, შენარჩუნდება.
ჩვენ კიდევ არაერთხელ ვნახავთ „ახალი სამოქალაქო საზოგადოების დაბადების“ მორიგ, მათ შორის რადიკალურ მცდელობებს და კიდევ არაერთხელ მოგვიწევს, რომ იტყვიან, „ნემსის ყუნწში გაძრომა“, როგორც საშინაო ისე საგარეო ფრონტზე. შევეცადოთ თუნდაც მიახლოებით განვსაზღვროთ პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარები ქვეყნისთვის და ხელისუფლებისათვის 2025 წელს.
პესიმისტური სცენარი
2025 წელს მმართველ პარტიას - „ქართული ოცნება“, სავარაუდოდ მოუწევს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ადრე გამოყენებული ალგორითმების გადაწყობა. აშშ-სა და ევროკავშირში „ქართული ოცნების“ მიმართ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები აშკარად მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დაასუსტონ „ქართული ოცნება“ და აიძულონ ასეთ მდგომარეობაში ჩაატაროს ახალი არჩევნები, მისთვის არახელსაყრელ გარემოში. ხოლო თუ ეს არ გამოუვიდათ, იმუშაონ საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე დასავლეთისთვის მისაღები პოლიტიკური ძალით, „ფერადი რევოლუციის“ გზით. შესაბამისად, 2025 წელს ჩვენ შესაძლოა, ვიხილოთ რუსთაველზე გაჩენილი წინააღმდეგობის ეპიცენტრის გაფართოება და რადიკალიზაცია. კოლექტიური დასავლეთი განაგრძობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაღიარების პოლიტიკას და ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციის მცდელობებს, რასაც უდავოდ ექნება გარკვეული გავლენა მერყევ ამომრჩეველზე, გამომდინარე შედეგებით.
თუკი 2025 წელს უკრაინაში ომის დასრულება ვერ მოხერხდა, ხოლო აშშ და ევროპა დარჩნენ პოზიციაზე, რომ ყველაფერი, რაც ზიანს აყენებს რუსეთს, სასარგებლოა დასავლეთისთვის, „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება იმ პოლიტიკის შენარჩუნება, რომლითაც, მან გარე წნეხის მიუხედავად, ქვეყანას ომი ააცილა.
პესიმისტური სცენარში ეწერება ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება, რომელზედაც დიდ იმედებს ამყარებს ადგილობრივი ოპოზიცია და არა მხოლოდ. ქვეყნის ეკონომიკა გაუარესდება თუ დასავლეთის მხრიდან გაგრძელდა სანქციები, საერთაშორისო დახმარების პროგრამების და ინვესტიციების შეჩერება. ამას შეიძლება დაემატოს სხვადასხვა ფორმით საბოტაჟი ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ბიზნესსექტორის მხრიდან. ლარის კურსის დაცემა, ფასების ზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტების და სოციალური პროგრამების შეჩერება მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში, მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერებში, უკმაყოფილებას გამოიწვევს. დაინტერესებული მხარეები კი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს უკმაყოფილება აქტიურ პროტესტში გადაზარდონ. ხელისუფლებას მოუწევს ამ ნეგატიური პროცესების შეკავების მექანიზმების ძიება, არ არის გამორიცხული, ეს მოხდეს საგანგებო ზომების მიღების ხარჯზეც.
შიდაპოლიტიკურ ფრონტზე ყველაზე პესიმისტური სცენარი ხელისუფლებისათვის იქნებოდა, ჯერ კიდევ დაქსაქსულ-დეზორგანიზებული ოპოზიციის კონსოლიდაცია და ორგანიზება, პროტესტში ახალი სოციალური ჯგუფების ჩართვა და ე.წ. „ელიტების პროტესტი“, რომელსაც შეუძლია ხელისუფლებას გეგმაზომიერად შემოაცალოს მხარდამჭერები. ჩვენს უახლეს ისტორიას ახსოვს ამის მაგალითები. 2025 წელს შესაძლოა, კიდევ ერთხელ იჩინოს თავი ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონებში ე.წ. „ლიბერალური ქამელეონების“ პრობლემამ. 2024 წლის მოვლენების ფონზე ამ პრობლემამ თავი გამოყო და სავარაუდოდ, ის გაგრძელდება 2025 წელსაც.
ხელისუფლებისათვის პესიმისტური, ხოლო ოპოზიციისთვის ოპტიმისტური სცენარის პირველი ინდიკატორი იქნება, თუ კონგრესში გავა ჩვენი „დაუძინებელი მეგობრის“ კონგრესმენ ჯო უილსონის ე.წ. „MEGOBARI“ აქტი, და შემდეგ მას სენატი დაამტკიცებს. იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. „ქართველი ხალხის აქტზე“. ამერიკული მედია, ბაიდენის და ტრამპის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, წერს, რომ წარმავალი და მომავალი ადმინისტრაციები კარგად მუშაობენ ერთმანეთთან სახელმწიფო უსაფრთხოების საკვანძო საკითხებზე. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციას გარკვეული დრო დასჭირდება საკუთარი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის ჩამოყალიბებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, მოახერხებს თუ არა „ქართული ოცნება“ ამ პერიოდში დაარწმუნოს ტრამპის ადმინისტრაცია, რომ აშშ-ს ინტერესები საქართველოში სრულად იქნება დაცული, ხოლო რეგიონში საქართველო კვლავაც დარჩება აშშ-ს ერთგულ მოკავშირედ.
როგორც აღვნიშნეთ, თუ პესიმისტური სცენარი გარდაუვალი გახდა, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს გადაალაგოს საკუთარი რესურსები და პრიორიტეტები, თან ისე, რომ მისი ამომრჩეველი შეამზადოს ამისათვის. ეს კი საკმაოდ რთული ამოცანაა.
ოპტიმისტური სცენარი
თუ 20 იანვრის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ მას ექნება ურთიერთობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თანდათანობით გალღვება ის ყინული, რაც ამჯერად არსებობს ევროპაში საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარების კუთხით.
ასეთი სცენარის ალბათობა 50/50-ზეა. როგორც აღვნიშნეთ, ის გარკვეულწილად, დამოკიდებულია კონგრესსა და სენატში, MEGOBARI აქტის, და „ქართველი ხალხის აქტი“-ს (Georgian People’s Act) მიღებაზე. ეს აქტები მასშტაბურ სანქციებთან ერთად, საქართველოსთვის გასაწევი დახმარების და ორმხრივი ურთიერთობების ღრმა გადახედვას ითვალისწინებს. ამ აქტების უკან გაწვევა კი ურთულესი საქმეა. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლობისტებმა აშშ-ში უნდა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს.
თუ მოვლენები „ქართული ოცნებისთვის“ ოპტიმისტური სცენარით განვითარდა, არჩევნებში ბარიერგადალახულ ოთხ ოპოზიციურ პარტიას მოუწევს წავიდეს „ცუდად“ ან „ძალიან ცუდად“. ცუდად წასვლა გულისხმობს პარლამენტში იძულებით შესვლას, ფაქტობრივად, განულებული რეიტინგით და გავლენით, გამომდინარე შედეგებით. „ძალიან ცუდად“, კი ქუჩაში დარჩენას და მარგინალიზებას. „ქართულ ოცნებას“ საშუალება ეძლევა პოლიტიკურ ველზე თანდათანობით შემოიყვანოს ახლად შექმნილი პოლიტიკური ძალები, როგორც „ჯანსაღი ოპოზიცია“, 2025 წელს შეიძლება ამის პირველი ნიშნები ვიხილოთ.
ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, დღის წესრიგიდან იხსნება ახალი არჩევნების ჩატარება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები შედარებით მშვიდდება და გადადის კონტროლირებადი ტურბულენტობის სტადიაში. მართალია, „ქართულ ოცნებას“ ამ მხრივ საკმაო გამოცდილება აქვს დაგროვილი, მაგრამ 2025 წლის მოცემულობაში ეს შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს ვიდრე წინა წლებში.
თუ „ქართულ ოცნებაში“ დაადგენენ, რომ ის ზღვრული პოლიტიკური ხარკი, რაც მათ საგარეო პოლიტიკური კუთხით უნდა გაიღონ, აღემატება ზღვრულ პოლიტიკურ სარგებელს, მაშინ, სავარაუდოდ, ისინი ამ ხარკს არ გაიღებენ. ასეთ შემთხვევაში, მმართველ გუნდს ისევ მოუწევს მანევრირება, უკვე დაწყებული მრავალვექტორული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამით სტაბილურობის შენარჩუნება.
ზღვრული პოლიტიკური სარგებელი რომ იყოს გადამწყვეტი, მაშინ ალბათ, გაიღებდნენ ხარკს საქართველოს ხელისუფალნი. მაგრამ, ვაი-თუ არაპოლიტიკურმა (პირადმა) სარგებელმა გადაწონოს . . .
მინდა მეჯეროდეს, რომ ქვეყნის ინტერესების ხარჯზე პირადი სარგებელის საკითხი არ განიხილება ხელისუფლების მიერ.