[ეკა ბასილაია, "რეზონანსი”]
უკრაინული საშუამავლო ფირმა, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის იარაღით ვაჭრობაში იყო ჩართული, ქართული მხარისაგან წინასწარ განსაზღვრულზე გაცილებით მეტ საკომისიოს იღებდა, რითაც ოფიციალური თბილისი მეტად უკმაყოფილო იყო. ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება სკანდალური “ვიკილიქსის” მიერ ”ქართული დოსიეს” ფარგლებში გამოქვეყნებული ახალი კონფიდენციალური მასალებიდან, რომელიც “ვიკილიქსის” პარტნიორმა რუსულმა გამოცემა ‘რუსკი რეპორტიორმა” გამოაქვეყნა.
თავდაცვის სამინისტრო ამასთან დაკავშირებით კომენტარს იმ მიზეზით არ აკეთებს, რომ იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებაა. დამოუკიდებელი ექსპერტები კი აცხადებენ, რომ იარაღთან დაკავშირებული გარიგებებიდან სავარაუდოდ ”ატკატებს” უკრაინელი ჩინოვნიკებიც იღებდნენ და ქართველებიც.
”ვიკილიქსის” მონაცემები, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ბერძენიშვილი ბაჰამის კუნძულებზე დარეგისტრირებულ უკრაინულ კომპანია ”ბელ ტრეიდინგ ენდკონსალტინგს” ადანაშაულებს იარაღის ყიდვისათვის განკუთვნილი თანხის ნაწილის მითვისებაში.
”ბელ ტრეიდინგ ენდ კონსალტინგთან” საქართველო თავდაცვის სამინისტრო 2006 წელს თანამშრომლობდა. ”ვიკილიქსის” ცნობით, ამ ფირმასთან საქართველომ დიდი რაოდენობის კონტრაქტები გააფორმა და ფირმის მუშაობით უკმაყოფილო იყო. ბერძენიშვილი აქტიურად ეძებდა შესაძლებლობას შეეწყვტა კონტრაქტი ისე, რომ არ დაეკარგა ის თანხა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უკვე გადახდილი ჰქონდა.
”ვიკილიქსის” ცნობით, ბერძენიშვილი აღნიშნავს გამჭირვალობის არარსებობას, არასაკმარისი ანგარიშ ვალდებულების მექანიზმს და ფირმის მხრიდან კონტრაქტების შესრულებისას სტანდარტების არარსებობას. მისი თქმით, ”ბელ ტრეიდინგი” თავდაცვის მინისტრს რიგი ხელმოწერილი კონტრაქტების სტატუსთან დაკავშირებითაც ატყუებდა.
ბერძენიშვილს ეჭვი შეაქვს, რომ ”ბელ ტრეიდინგი” დიდი რაოდენობის თანხას ითვისებდა საქართველო მხრიდან გადახდილი თანხიდან, მაშინაც კი, როცა კონტრაქტი არ იყო განხორციელებული და ლიცენზიის გაცემაზე უარი იყო ნათქვამი.
თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი სალომე მახარაძის თქმით, იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია ოფიციალურად საიდუმლოა და შესაბამისად ვერაფერს ვერ იტყვის.
სამხედრო ექსპერტების თქმით, მართალია ”ვიკილიქსის”ინფორმაცია ოფიციალური დოკუმენტი არ არის, მაგრამ თავდაცვის სამინისტროში იარღის შესყიდვის თემასთან დაკავშირებით ”ატკატების” კეთებაზე ეჭვი ხშირად გამოთქმულა.
გიორგი თავდგირიძის თქმით, ”ვიკილიქსის” ინფორმაციები რთული შესაფასებელია, თუმცა ზოგადად ტენდენცია, რომ საქართველოს შეირაღებულ ძალებში იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად არ იყო და დიდი თანხები უგზო-უკვალოდ იკარგებოდა, ეს აშკარაა. რამოდენიმე თავდაცვის მინისტრი შეიცვალა, მაგრამ გამოძიება არ შედგა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს ამ სფეროში დისციპლინა დამყარდეს”.
გიორგი თავდგირიძე: ”რა თქმა უნდა, ”ატკატების” თემა პრობლემატურია. იაფიანი სამხედრო ტექნიკის შესყიდვა ხდება ძვირად იმიტომ, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირები. სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით კი სამხედრო შესყიდვები გაცილებით იფად ხორციელდება. ამის ნათელი მაგალითია ევროპულ ქვეყნებს შორის მიმდინარე სამხედრო გარიგებები, რომელიც ღიაა და ნებისმიერ დროს შეგიძლია გაიგო ფასები. იმ შემთხვევაში კი, როცაგარიგება შუამავლების, ოფშორში დარეგისტრირებული ფირმების მეშვეობითაა, რა თქმა უნდა კორუფცია არის საკმაოდ მაღალი და არის ”ატკატები”.
”შუამავალი ფირმა თავისავად იღებს მოგებას - ის იღებს ჩამოწერილ ძველ საქონელს, იწყებს გარიებას, ამისათვის იღებს საკომისიოს. ქართველი ჩინოვნიკები კი იმისათვის, რომ ამ ფირმისაგან იძენენ შეიარაღებას, იღებენ სხვადასხვა საჩუქრებსა და მათ შორის ”ატკატებს”.
”მაგალითად, ფირმას თუ სურს ”ტ-72” ტიპის ტანკი 200 ათასად გაყიდოს, ქართველ ჩინოვნიკს შეუძლია უთხრას: ოფიციალურად ვაჩვენოთ 600 ათასი დოლარი და აქედან 500 ათასი გავინაწილოთ. ფირმა ამით იგებს, შემოწმება კი ჩვენი მხრიდან შეუძლებელია.
”საქართველოს შეიარაღებაში ძალიან ბევრი ტექნიკა იყო უხარისხო, ფული კი ძალიან ბევრი დაიხარჯა, ამიტომაც თავისთავად აშკარაა, რომ ეს სქემა მუშაობდა”.
თავდგირიძის თქმით, საქართველოს პრობლემა სწრედ ისაა, რომ ამ სფეროში ნებისმიერი ჩინოვნიკისათვის, რომელსაც სული წასძლევდა, რომ ზედმეტი ფული ეშოვნა, მისთვის უფრო ხელსაყრელი ხდებოდა კერძო ფირმასთან ეთანამშრომლა და ”ატკატებთან” დაკავშირებული მოლაპარკება გაცილებით წარმატებული გამოდიოდა, ვიდრე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების შემდეგ. არადა,საქართველოს იმ პერიოდში ადვილად შეეძლო ესარგებლა უკრაინასთან მსგავსი სახელმწოფო შეთანხმებით, იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებას საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელი უკრაინის ხელისუფლებასთან.
გიორგი მელითაურის ინფორმაციით, გელა ბერძენიშვილი შესყიდვებთან დაკავშირებით არის დაკავებული, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია არ გახმაურებულა, თუ კონკრეტულად რატომ.
”როდესაც შუამავალი ფირმები არსებობენ და როცა იარაღის შესყიდვა მათი მეშვეობით ხდება, მუდამ არის მსგავსი საეჭვო ფაქტები. უკრაინული ”უკრობორონსერვისის” მხრიდან იყო შესყიდვებიდა სკანდალი, ამოტივტივდა მასალები, რომ შესყიდვები ხორციედებოდა არა უშუალოდ ამ კომპანიისგან, არამედ შუამავლების მეშვეობით. როცა შუამავლები არსებობენ, იზრდება ფასიც. მოგებაც ხომ უნდა ნახოს შუავალმა? მსგავსი ინფორმაციაა ეს~, - აცხადებს მელითაური.
მისი თვალსაზრისით, ”სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდებოდა და ალბათ ახლაც ხდება, როცა შესყიდვები ბევრი საშუამავლო რგოლის გამოყენებით წარმოებს. ეს ზრდის ხარჯებს და ამ შემთხვევაში ზარალობს ბიუჯეტიც და თავდაცვის უნარიანობაც. ის უზარმაზარი ბიუჯეტი, რომელიც წლების განმავლობაში თავდაცვის სისტემაში არსებობდა, ეს თანხა შეიარღებულ ძალებში რეალურად ასახული არ არის. მილიარდნახევარი ლარი დაიხარჯა, მაგრამ სად წავიდა, არჩანს. ჯარზე და შეიარაღებაზე ეს თანხა არ ასახულა და ეს ფული ვიღაცეების ჯიბეებში დაილექა”.
გიორგი მელითაური: ”გაიხსენეთ აშშ-ში გახმაურებული ”ალვარეზის საქმე”, სადაც აფრიკულ ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის ნახსენები. საქართველო ყიდულობდა ტყვია-წამალს ამერიკული ”ემ-4” შაშხანებისათვის გაზრდილი ფასებით. ამ შემთხვევაში აშშ აცხადებს, რომ იხეირეს ამერიკელმა კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა, მაგრამ საქართველოს მხარესაც ხომ იხეირებდა ვინმე? მაგრამ ეს არ ვიცით.
”არ მინდა ვინმე კორუფციაში დავადანაშულო, მაგრამ თუკი ასეთი რამ იყო, ეს არის მინიმუმ უცოდინარობა, არაპროფესიონალიზმი დაა.შ. და ასეთი ადამიანები ამ თანამდებობას არ შეესაბამებიან და პასუხისმგებლობაც უნდა იკისრონ”.
გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელიც ამ თემას ზუსტად შეისწავლის: ”სხვა რომ არაფერი, წარუმატებელი საბრძოლო კამპანიის შემდეგ, როდესაც მარცხი სამხედრო სისუსტეებით და სამხედრო მანქანის გაუმართავი მუშაობითაა გამოწვეული, ნორმალურ სახელმწიფოში შეიქმნებოდა სპეციალური კომისიები და დაადგენდა მიზეზს. როცა ერთი ჩინოვნიკი თავს უფლებას აძლევს, მარტომ, გაუკონტროლებლად მიიღოს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები გაურკვეველი წარმოშობის ფირმებთან, ეს პრობლემად სახელმიწიფოს უბრუნდება. თანაც, მსგავსი შეცდომისაგან არც ახლა ვართ დაზღვეულები.
”ვერაფერს ვიტყვი ბერძენიშვილის ბრალეულობაზე, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ შესყიდვების თემა არ კონტროლდება. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს სფერო სპეციფიკურია და უნდა იყოს დახურული, მაგრამ პარლამენტარებს მაინც უნდა ჰქონდეთ შესყიდვების სფეროში გარკვევის შესაძლებლობა”.
გიორგი მელითაურის თქმით, ”თუკი ეს წერილი არსებობს, ეს მასალები უნდა ამოწიოს და გაირკვეს, მაგრამ, რეალობა რომ შევხედოთ, საქართველოში მხოლოდ ის პირები ისჯებიან, რომლებიც გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ მიდიან. ასეთი იყო ოქორუაშვილი და ამიტომაც დაიწყო მისი საქმეებით დაინტერესება.”