საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა - „ჩრდილოეთ ფრონტი“

საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა - „ჩრდილოეთ ფრონტი“

[გიორგი თავდგირიძე]
არშემდგარი ზავისა და რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებების პირობებში საბრძოლო მოქმედებების განახლების ალბათობა მაღალია. საბრძოლო მოქმედებების სავარაუდო თეატრი თბილისი-ფოთის მაგისტრალსა და კავკასიონის ქედს შორისაა მოქცეული.

ეს რეგიონი არ არის შესწავლილი სამხედრო და სამხედრო გეოგრაფიული თვალსაზრისით, რაც რა თქმა უნდა აძნელებს სამხედროების მხრიდან ამ ბუნებრივი სიმაგრის გამოყენებას. თუმცა წინა საუკუნეში, ამ რეგიონში ინტესიურად მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები და შესაბამისად გამოსაკვლევიც და შესასწავლიც ბევრია.

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული მოქმედებების შემადგენელი საინფორმაციო ომის ერთერთი მთავარი თეზა, რუსეთის უძლეველობის მითია. თეზიდან, ნეოშადიმანიზმის მიმდევრები, ლოგიკურად გვიმტკიცებენ, რომ რაკი რუსეთი დაუმარცხებელია და მასთან ბრძოლას აზრი არა აქვს ე.ი. უნდა წავიდეთ დათმობაზე. ნეოშადიმანიზმის შედარებით მორცხვი ადებტები ნეიტრალიტეტის იდეას გვთავაზობენ, ხოლო რადიკალები რუსეთის ორბიტაზე უპირობო დაბრუნებას.

ამ წერილში გამოვიკვლიოთ ერთი საკითხი, აქვს თუ არა ბრძოლას აზრი, სამხედრო თვალსაზრისით რამდენად შესაძლებელია რიცხობრივად ჭარბ მტერთან ბრძოლა და როგორ გამოვიყენოთ გეოგრაფიული პირობები მოწინააღმდეგის გამოსაფიტად და შემდეგ გასანადგურებლად.

რუსებს კარგად ახსოვთ 1942 წელს მიმდინარე ბრძოლები კავკასიისთვის და როგორც სჩანს, ისინი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვისას არ ერიდებიან „ვერმახტის“ გამოცდილების გამოყენებას. ჩვენთვის ეს ბრძოლები იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც გერმანელები ჩრდილოეთიდან, კავკასიონის გავლით ცდილობდნენ სამხრეთ კავკასიის ხელში ჩაგდებას, საბჭოთა კავშირის თავდაცვის ხაზი ზუსტად ემთხვევა დღევანდელ საქართველოს, სავარაუდო წარმოსახვით თავდაცვის ზღუდეს.

აქვე დავამატებ, გერმანული საშტაბო დაგეგმვა და ოპერატიული აზროვნება გაცილებით მაღლა იდგა საბჭოთაზე და დღესაც უნიჭო რუსი გენერლები ახლოსაც ვერ მივლენ იმდროინდელ გერმანელ ოფიცრებთან.

საუბარი იქით მიმყავს, რომ რუსული ოპერატიული გეგმები, ან მთლიანად იმდროინდელი გეგმების კოპირება იქნება, ან მათზე უარესი, შესაბამისად თუ „ვერმახტის“ საბრძოლო მოქმედებებს კარგად შევისწავლით, ხელთ გვექნება რუსების ჩანაფიქრის გასაღები. მაშ ასე, საბრძოლო მოქმედებების თეატრი იგივეა, ხოლო „ვერმახტის“ საუკეთესო ქვედანაყოფების ნაცვლად კავკასიონის გადმოლახვას საბჭოთა არმიის ნარჩენები შეეცდებიან.

ოპერაცია „ედელვაისი“
1942 წლის დასაწყისში ნათელი გახდა, რომ „ელვისებური ომის“ გერმანული გეგმა ჩაიშალა, დაპირისპირებამ გაჯანჯლებული ხასიათი მიიღო. ზაფხულის კამპანიის დაგეგმვისას, მთავარი აქცენტი სამხრეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური რაიონების დაკავებაზე გაკეთდა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო კავკასიის ხელში ჩაგდება, ნათლად სჩანს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რიბენტროპის განცხადებაში – „როდესაც რუსული ნავთობის მარაგები ამოიწურება, რუსეთს დავაჩოქებთ“.

ჰიტლერი არმიათა ჯგუფი „სამხრეთის“ შტაბის თათბირზე აცხადებს: „ ჩემი მოსაზრებით, კავკასიის რეგიონის დაკავება შესაძლებელია, თუ რუსების დაჯგუფებას საფუძვლიანად გავანადგურებთ... თუ მე არ მივიღებ მაიკოპისა და გროზნოს ნავთობს, ომის ლიკვიდაცია მომიწევს“.

1942 წლის აპრილში ჰიტლერი დირექტივის „აღმოსავლეთში ომის წარმოების შესახებ“ საფუძველზე შემუშავდა კავკასიის დაპყრობის გეგმა „ედელვაისი“ და დაიწყო არმიათა ჯგუფი „ა“-ს ჩამოყალიბება. საინტერესოა გერმანული ოპერატიული სარდლობა, რომელიც კარგად იცნობდა რეგიონის თავისებურებასაც და ამ რეგიონის დასაცავად გამოყოფილ საბჭოთა არმიის მცირერიცხოვნობასაც, რა ძალებს გამოყოფს წარმატებული ოპერაციისთვის.

არმიათა ჯგუფი „ა“, სარდალი გენერალ ფელდმარშალი ვილჰემ ლისტი. შემადგენლობა: გენერალ-პოლკოვნიკ ევალდ ფონ კლაისტის პირველი სატანკო არმია, 11 დივიზიის შემადგენლობით. მათ შორის გენერალ-მაიორ ბესტჰოფენის მე-3, გენერალ-მაიორ გერის მე-13 და გენერალ ფონ მაკის 23-ე რჩეული საკადრო სატანკო დივიზიები.

გენერალ-პოლკოვნიკ რიხარდ რუოფის მე-17 საველე არმია, 15 დივიზიის შემადგენლობით.
გენერალ-პოლკოვნიკ ჰერმან გოთის მე-4 სატანკო არმია, 3 დივიზიის შემადგენლობით.
რუმინეთის მე-3 საველე არმია (გენერალ-პოლკოვნიკი დუმიტრესკუ) 7 დივიზიის შემადგენლობით.
არმიათა ჯგუფს ექვემდებარებოდა ყირიმში მყოფი ერიხ ფონ მანშტეინის მე-11 საველე არმიაც ( 15 დივიზიის შემადგენლობით)

942 წლის 1 აგვისტოსათვის არმიათა ჯგუფი „ა“ შედგებოდა 12 719 ოფიცრის, 3 898 მოხელის, 72 817 უნტეროფიცრისა და 378 502 რიგითისაგან. არმიათა ჯგუფის საჰაერო მხარდაჭერას ახორციელებდა მე-4 სამხედრო საჰაერო ფლოტი ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკ ფონ რიხთჰოფენის ხელმძღვანელობით.

მაღალმთიან რეგიონში სამოქმედოთ და უღელტეხილებისა და გადასასვლელების დასაკავებლად არმიათა ჯგუფს დაუქვემდებარეს სამთო ჯარების გენერლის რუდოლფ კონრადის 49-ე სამთოეგერთა კორპუსი, რომლის შემადგენლობაში სამთოეგერთა განთქმული პირველი და მე-4 დივიზიები შედიოდნენ. გენერალ-ლეიტენანტ ჰუბერტ ლანცის პირველი სამთოეგერთა დივიზია ვერმახტის სიამაყე იყო და მთლიანად ალპინისტებისგან შედგებოდა, ხოლო მე-4 დივიზია ( გენერალი ეგელზეერი) ტიროლელი ავსტრიელებით, რომლებისთვისაც მთები მშობლიური გარემო იყო.

მკითხველს არ დავღლიდი ვერმახტის გენერლებისა და ქვედანაყოფების ჩამოთვლით, მაგრამ მინდა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს და გაითვითცნობიეროს კავკასიის რეგიონის სამხედრო-გეოგრაფიული თავისებურებები, რამდენად ადვილია მისი დამცავ ზღუდედ გამოყენება და რამდენად ძნელია მისი გადალახვა.

მივყვეთ ლოგიკას:
გერმანიისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიის დაკავებას. ამიტომ ოპერაცია „ედელვაისი“საფუძვლიანად და დეტალურად დაიგეგმა. სამხედრო თვალსაზრისით, გეგმას ხარვეზები არ ჰქონდა. გეგმის რეალიზაციისთვის გამოიყო ვერმახტის რჩეული ქვედანაყოფები, რომლებსაც ასევე რჩეული და ნიჭიერი გენერლები ხელმძღვანელობდნენ, ისეთები როგორიც იყვნენ ლისტი, კლეისტი, მანშტეინი, რუოფი, რიხთჰოფენი და სხვანი.

მიუხედავად იმისა, რომ 1942 წელს საბჭოთა არმიამ ვერ მოასწრო 1941 წლის ზაფხულის „შოკიდან“ გამოსვლა და დანაკლისის შევსება, გერმანიის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ კავკასიის დასაკავებლად საჭირო იყო ნახევარმილიონიანი კონტიგენტის გამოყოფა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, საკმარისი არც ნახევარმილიონიანი კონტიგენტი ყოფილა.

ალბათ მკითხველისთვის საინტერესოა, რა ძალამ შეაჩერა გერმანელების წინსვლა სამხრეთისკენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ვერმახტის ოფიცრების აქტივში უკვე არის უნიკალური ოპერაციები პოლონეთში, საფრანგეთში, აფრიკაში, ბალკანეთში და ა.შ.

1942 წლის ზაფხულში, კავკასიონს იცავდა საბჭოთა 48-ე არმია 3 დივიზიის და ერთი ბრიგადის შემადგენლობით ( მე-9 სამთომსროლელთა, 394-ე მსროლელთა,მე-20 მსროლელთა დივიზიები და 51-ე მსროლელთა ბრიგადა). არმიას გენერალ მაიორი სერგაცკოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც 28 აგვისტოს გენერალმა ლესელიძემ შეცვალა.

მე-2 მსოფლიო ომის განმავლობაში საბჭოთა არმია წარმატებებს მხოლოდ რიცხოვნობისა და ტექნიკის სიმრავლის ხარჯზე აღწევდა, შესაბამისად კავკასიის წარმატებული დაცვა, არა საბჭოთა ქვედანაყოფების გენიალური ტაქტიკური თუ ოპერატიული მართვის შედეგია, არამედ მთლიანად კავკასიონის ქედის და მიმდებარე ტერიტორიების სამხედრო-გეოგრაფიული თავისებურებების.

როგორც დასრულდა კავკასიის დაპყრობის მცდელობა, მკითხველისთვის ცნობილია, ძალთა თანაფარდობაც აქვე მოვიყვანე, დავამატებ, რომ კავკასიონის დასაცავად გამოყოფილ ქვედანაყოფებში გმირულად და რაც მთავარია წარმატებით ქართველებიც იბრძოდნენ. საინტერესოა იმ ადამიანების ლოგიკა, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის რუსების წინააღმდეგ ბრძოლის შეუძლებლობას გვიკიჟინებენ, კავკასიონი დადაბლდა, რუსებს გერმანელებზე უკეთესი გენერლები ჰყავთ, თუ ქართველი ერი დაძაბუნდა?

რუსებმა კარგად იციან თავისი შესაძლებლობებიც და მე-2 მსოფლიო ომის გამოცდილებასაც არ ივიწყებენ. მათ გათვითცნობიერებული აქვთ რა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციები, ამიტომაც ცდილობენ არ დაუშვან საქართველოს შეიარაღებული ძალების ოდნავ გაძლიერებაც კი. საპირისპიროდ, საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თავდაცვის სფეროში გარღვევას.

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა და მითუმეტეს ძლიერი ქართული ჯარის არსებობა რუსებისთვის ჩრდილოეთ კავკასიიდან ფეხის ამოკვეთის წინაპირობაა. სწორედ ასე ფიქრობს რუსეთის მართველი ელიტა, ამის ნათელი დადასტურებაა მათი აგრესიული პოლიტიკა ჩვენს წინააღმდეგ და რაკი ეს ასეა, რუსეთი კვლავ გააგრძელებს მცდელობებს საქართველოს დასასუსტებლად. ჩვენს წინაშე ასეთი არჩევანია: უკან რუსეთისაკენ, ან წინ რუსეთის წინააღმდეგ. სხვა გამოსავალს შექმნილი რეალობა არ გვიტოვებს. რუსეთთან ყველა მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდება, რაკი რუსეთის სტრატეგიული მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა იქნება.

თუ მე-2 მსოფლიო ომის მაგალითებით ვიმსჯელებთ, კავკასიონის ქედის სამხედრო-გეოგრაფიული თავისებურებების გამოყენებით ბრძოლა ჩრდილოელ აგრესორთან შესაძლებელია და რაკი შესაძლებელია, აუცილებელიცაა.

დასკვნა: საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს რუსეთის აგრესიული და მტრული ქმედებების მუმდმივ საფრთხეს. ხოლო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტი თავდაცვის სისტემის უსწრაფესი რეორგანიზაცია და ქვეყნის თავდაცვის გაძლიერება უნდა იყოს. თავდაცვის პოტენციალის ზრდა საშუალებას მოგვცეს რუსეთის მიმართ მოქნილი და პრინციპული პოლიტიკა გავატაროთ.