დღეს, როდესაც დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რატომ წავიდნენ ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადაზე სოჭში, გასაგებია წასვლა-არწასვლა რასაც უკავშირდება. ეს არის ომი, რომელმაც ორ ერთმორწმუნე ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული ყველა ხიდი დაწვა.
მსოფლიოს მართვადი ქაოსისთვის შექმნილმა კოსოვომ თავისი საქმე გააკეთა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, დასავლეთის სრული წაყრუებით, ბრძოლა მოიგო და საქართველოს გული ამოგლიჯა, მაგრამ იმავდროულად წააგო ამ ქვეყნისთვის წარმოებული 200 წლიანი ომი. უფრო მეტიც, მან ამ გამარჯვებით, სამომავლოდ, საკუთარი სახელმწიფოს არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
როგორც ჩანს, აგვისტოს ომი ამერიკის მიერ სააკაშვილის ხელით დაგებული ერთგვარი მახე იყო, რომელშიც რუსეთი, მისი იმპერიული ბუნებიდან გამომდინარე, ადვილად გაება. ქვეყანამ, რომელსაც აბსოლუტურად არაფერში აწყობდა არც აფხაზეთის და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აგვისტოს ომის შემდეგ ეს ნაბიჯი გადაგა. მოვა დრო და ეს ნელი მოქმედების ბომბები მთელ რუსეთს ააფეთქებს როდესაც 48 ავტონომია მას დამოუკიდებლობას მოსთხოვს. ხოლო ის განცხადებები, რომელსაც დროდადრო ლავროვის უწყება აკეთებს, ან თუ გნებავთ მავთულხლართების გადმოწევა გვარწმუნებს, რომ რუსეთისთვის სულ ერთია ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში.
მაშინ, როდესაც დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ „აღშფოთებისა“ და „შეშფოთების“ გარდა, მოქმედების შნო არა აქვს, რეალური პოლიტიკაა, რომ მის მიმართ რიტორიკა შევცვალოთ, თუმცა ამით ჩვენი დამოკიდებულება ამ ქვეყნის, როგორც ოკუპანტის მიმართ უცვლელი რჩება. ენა კი იმისთვის გვაქვს, რომ ზოგჯერ საკუთარი აზრები შევნიღბოთ. სწორია, რომ საქართველო რუსეთს კვლავ განიხილავს როგორც საფრთხეს; ხელისუფლება ფიქრობს და აანლიზებს რუსეთიდან მოსალოდნელ შემოტევებს ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და ა.შ. მიმართულებით და მათი განეიტრალების თაობაზე ზრუნავს.
ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, არიან უკმაყოფილონიც, რომ კურსი არც ისე სწრაფად შეიცვალა და არც ისე რადიკალურად, როგორც ამას იმედოვნებდნენ. თუმცა ბევრისთვის ძალიან დიდი შედეგია ისიც, რომ გადაიდგა ნაბიჯები ურთიერთობის მოგვარებისთვის. რა გააკეთოს მეტი საქართველოს ხელისუფლებამ? იმაზე წავიდეს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცნოს? რომ დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს რუსეთთან ამ პირობებით? ეს ღალატის ტოლფასი იქნება
რუსეთთან მარტო ბაზრის გახსნა და ისიც ნაწილობრივ აშკარად არ აღმოჩნდა საკმარისი ქართული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად! სამაგიეროდ კი ჟირინოვსკის დასაცინი გავხდით, თუმცა კაცმა რომ თქვას, არცთუ უსაფუძვლოდ. საკითხავია თავად რუსები ჩვენს მდგომარეობაში როგორ მოიქცეოდნენ? ყოველ შემთხვევაში ჩვენსავით რომ არა, ამის თქმის უფლებას მათი ქვეყნის ისტორია მაძლევს.
1812 წლის ივნისში, როცა ნაპოლეონმა მდინარე ნემანი გადმოლახა და შეიჭრა რუსეთის საზღვრებში, მაშინ იმპერატორი ალექსანდრე I ვოლნოში იმყოფებოდა და იქ გაიგო მომხდარის შესახებ. პირველი, რაც თქვა მაშინ რუსთა ხელმწიფემ იყო შემდეგი: „სანამ, თუნდაც ერთი ფრანგი ჯარისკაცი იქნება ჩემი ქვეყნის მიწა-წყალზე, მე მტერთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ!“
2 სექტემბერს ნაპოლეონმა მოსკოვი დაიკავა. იგი 6 ოქტომბრამდე ელოდებოდა რუს ემისრებს. სიზმარშიც კი მათ ხედავდა, მაგრამ ისინი არ ჩანდნენ, არც გამოჩნდებოდნენ. ამასობაში რუსებმა თავიანთი დედაქალაქიც გადაწვეს და ფრანგებს შეახსენეს, რომ მათთვის უკან დაბრუნების დრო დადგა. ნაპოლეონს გზაში რუსული ზამთარიც წამოეწია და მისი არმიის ნახევარი ძლიერმა ყინვებმა შეიწირა.
რუსეთის არმიის მთავარსარდალს კუტუზოვს ისღა დარჩენოდა საზღვრამდე მიეცილებინა ფრანგები. ცოლისადმი გაგზავნილ წერილში იგი წერდა: „მე შემეძლო მეამაყა იმით, რომ ნაპოლეონი ჩემგან გარბის, მაგრამ მეშინიან ამის თქმის, რადგან ვიცი, რომ ღმერთი ამაყებს სჯის“.
მართლაცდა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როდესაც ოკუპანტს მწვანილზე, ხვანჭკარასა და მინერალურ წყალზე ველაპარაკებით, ან კიდევ, როდესაც ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიადაზე სოჭში ვიწონებთ მაშინ, როდესაც მას დასაბრუნებელი აქვს წართმეული აფხაზეთი და სამაჩაბლო. რუსეთთან დამოკიდებულების დათბობა კი მათ გარეშე წარმოუდგენელია.
როდესაც ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა კოკლენმა ბერლინიდან მიიღო დეპეშა, რომლითაც სთხოვდნენ რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას, დეპეშის ბოლოს კი ეწერა: „გთხოვთ, სასწრაფოდ შეგვატყობინოთ, რას მოგვთხოვთ სპექტაკლებში მონაწილეობისათვის“.
კოკლენმა დეპეშითვე უპასუხა - „ელზასსა და ლოტარინგიას”.
შესაძლოა ზოგიერთი ჩვენგანისთვის ესეც უცნაურად ჩანდეს, რომ საფრანგეთ-პრუსიის ომში დამარცხებული ქვეყნის შვილმა გერმანელებისგან მოითხოვა სანაცვლოდ ის, რაც მისმა სამშობლომ დაკარგა.