თბილისი–თეირანის ფლირტი ობამას „გადატვირთვის" შედეგია

თბილისი–თეირანის ფლირტი ობამას „გადატვირთვის" შედეგია

[ლეონ ადარი; “The Huffington Post”]
ახლახანს Newsweek-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ტრადიციულად პრო-დასავლური საქართველო ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან კავშირებს აძლიერებს. სტატიაში „ვაშინგტონის მოსკოვთან დამეგობრებას ერთი მკაფიო მსხვერპლი ჰყავს: საქართველო“, ავტორი „თბილისი-თეირანის ფლირტში“ ობამას ადმინისტრაციის მოსკოვთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას ადანაშაულებს.

მაშ როგორ მოხდა ეს? პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უარი სთქვა მისი წინამორბედის კამპანიაზე, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში პრო-დასავლური რეჟიმების მხარდაჭერას და საქართველოს და უკრაინის ნატო-ში მიღებას გულისხმობდა. ობამას ეს ნაბიჯი რუსეთთან ბირთვულ საკითხებზე, ირანის სანქციებსა და ანტი-სარაკეტო თავდაცვაზე თანამშრომლობის გაუმჯობესების სტრატეგიის ნაწილი იყო, რამაც 24 ივნისს ვირჯინიაში ობამა-მედვედევის „ჰამბურგერების სამიტით“ პიკს მიაღწია.

მაგრამ მოსკოვთან შეერთებული შტატების ურთიერთობების განმუხტვა, საქართველოს და მის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომში, იმ სამხედრო კონფრონტაციაში ჩაება, რაც მოსკოვის მხრიდან საქართველოს ორი რესპუბლიკის, აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაციით დასრულდა.

ამიტომ, არ არის გასაკვირი რომ თბილისი „თავს იზღვევს, როდესაც რეგიონში ახალ მეგობრებს იძენს“, მათ შორის ირანს და ახლო-აღმოსავლეთის მეორე ძლიერ სახელმწიფო თურქეთს, რომლის პოლიტიკაც თეირანის მიმართ ვაშინგტონისთვის ცალკე გაკვირვების საგანია.

ანუ როგორც სჩანს ჟურნალი იმას გულისხმობს, რომ თუკი ვაშინტონი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პოლიტიკას განაგრძობდა, რასაც ენთუზიაზმით ემხრობოდა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯონ („დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“) მაკკეინი და მისი ნეოკონსერვატორი მრჩევლები, საქართველო ექსკლუზიურად ვაშინგტონთან ალიანსის ერთგული დარჩებოდა და თეირანთან და ანკარასთან ფლირტს თავს აარიდებდა.

სინამდვილეში მაკკეინის პოსტ-ცივიომისეული რიტორიკის მიუხედავად, შეერთებული შტატების მთავრობას სამხედრო ძალის გამოყენების არც ძალა და არც ნება არ გააჩნია, რომ დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დაბრუნებაში. ეს გეოსტრატეგიული რეალობა პრეზიდენტ ბუშმაც კი აღიარა, რომლის ძალისხმევაც იმით დასრულდა, რომ საქართველოს (და უკრაინის) ნატო-ში გაწევრიანება მოლოდინის რეჟიმში დარჩა.

ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებით გადაღლილ და ფინანსური კრიზისის შედეგებთან მებრძოლ ამერიკელ ხალხს და მათ რჩეულებს სულაც არა აქვთ იმის განწყობა, რომ რუსეთთან დიპლომატიურ და სამხედრო კონფრონტაციაში ჩაებან მოსკოვის საქართველოსთან ტერიტორიული დავის გამო – საკითხი რომელსაც ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს.

მეტიც, იმ საერთაშორისო სისტემის განვითარების კონტექსტში, სადაც ამერიკა კარგავს მის პოსტ-ცივიომისეულ ერთპოლარულ სტატუსს, ცდილობს რა შეერთებული შტატების რუსეთთან გადატვირთვას იმ პოლიტიკის ფარგლებში, რასაც მსოფლიოში მზარდ გლობალურ მოთამაშეებთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, ბრაზილიასთან და თურქეთთან კავშირების გაუმჯობესება ჰქვია, ძალიან გონივრული ნაბიჯია.

ეს რენტაბელური სტრატეგია შეიძლება ვაშინგტონს დაეხმაროს მოიპოვოს რუსეთის მხარდაჭერა იმ პოლიტიკისთვის, რომელიც მართლაც გააძლიერებს შეერთებული შტატების ეკონომიკურ ინტერესებს და ეროვნულ უსაფრთხოებას.

იმავდროულად ფაქტია, რომ საქართველო რომელიც ასევე აუმჯობესებს თავის კავშირებს ირანთან და თურქეთთან (და რუსეთთანაც) ვაშინგტონს არ „დაუკარგავს“. ირანთან და თურქეთთან ახლო ეკონომიკური კავშირების დამყარებით, საქართველო ხელს უწყობს რეგიონში ეკონომიკურ თანამშრომლობას, რასაც კავკასიასა და ახლო-აღმოსავლეთში დიპლომატიური თანამშრომლობისა და სტაბილურობის მოტანა შეუძლია.

რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ვაშინგტონი ისეთ პროცესს, რომელსაც ეკონომიკური კეთილდღეობა მოაქვს და რეგიონში ძალთა სტაბილურ ბალანსს უზრუნველყოფს? საქართველომ შეიძლება შესძლოს, ან ვერ შესძლოს თავის დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა, როგორც ეს მაგალითად გერმანიის, უნგრეთის, პოლონეთის, სერბეთის და სხვათა შემთხვევაში მოხდა, რომლებიც თითქოს გაუმკლავდნენ საკუთარ ტერიტორიულ დანაკარგებს, მაგრამ აშშ-ს არ გააჩნია ახალი სტატუს ქვოს შეცვლის არც სტრატეგიული ინტერესი და არც მორალური ვალდებულება, ან საქართველოს ნატო-ში დაპატიჟების მოტივაცია და ამერიკის სამხედრო მხარდაჭერით ამ ქვეყნისთვის მეზობლებთან კარგი ურთიერთობების დამყარების გზაზე დაბრკოლების შექმნა.

გარკვეულწილად, ამერიკის კონტროლირებადი ერთპოლარული სისტემის კრახმა (და მანამდე ცივი ომის ბიპოლარული სისტემის დასრულებამ) უნდა გვაღიარებინოს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები აღარ არის „თამაში ნულოვანი საწყისით“, რომლის დროსაც სხვა გლობალური სახელმწიფოები ამერიკის წაგების ხარჯზე იგებენ და პირიქით.

გარდაუვალი იყო, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის და საბჭოთა ბლოკის ქვეყნები, როგორებიც არიან უკრაინა, პოლონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო შეეცდებოდნენ რუსეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების სტაბილიზაციას და იმავდროულად, ძლიერი რუსეთის შეკავების მიზნით ითანამშრომლებდნენ სხვა მოთამაშეებთან: პოლონეთი – უკრაინასთან და გერმანიასთან; აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო – თურქეთთან და ირანთან და ყველა ეს ქვეყანა – შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.

ანალოგიურად, ვაშინგტონი უნდა იწონებდეს (და არა ეწინააღმდეგებოდეს) იმ დიპლომატიური და ეკონომიკური როლის ზრდას, რომელსაც თურქეთი ახლო-აღმოსავლეთში თამაშობს, რაც ერაყში სტაბილურობის მიღწევას დაეხმარება (და აშშ-სთან სამხედრო კონფლიქტის პრევენციას მოახდენს), წაახალისებს მოლაპარაკებებს ისრაელს და სირიას შორის და საბოლოო ჯამში უფრო სტაბილური ახლო-აღმოსავლეთის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, სადაც თურქეთი, არაბთა სახელმწიფო და ისრაელი უფრო დაცულები და განვითარებულები იქნებიან.

არ არის გასაკვირი, რომ ვაშინგტონში ეკონომიკური და ბიორაკრატიული ინტერესების წარმომადგენლები და ამერიკის ზოგიერთი კლიენტი ქვეყანა, რომლებიც ამერიკის ინტერვენციონისტული პოლიტიკით სარგებლობენ, შემდეგი აქსიომით მოქმედებენ: აშშ ყოველთვის მზად უნდა იყოს, რომ „რაღაც იღონოს“ ამა თუ იმ კონფლიქტის „გადასაწყვეტად“ აქ, იქ თუ ნებისმიერ ადგილას.

ამ ტიპის დაუსრულებელი ამერიკული ინტერვენციონიზმი მხოლოდ ხელს უშლის რეგიონალურ ძალებს, რომლებსაც მუდმივად იმაზე აქვთ გათვლა, რომ ამერიკა მათ დაეხმარება და თავად არ დგამენ ნაბიჯებს იმ კონფლიქტების მოსაგვარებლად, რომლებშიც საბოლოოდ სხვა რეგიონალური და გლობალური მოთამაშეები არიან ჩათრეულები, დარწმუნებულები არიან რა, რომ ამერიკა არასდროს დატოვებს იაპონიას და კორეას (ჩინეთის პირისპირ), ერაყს (ირანისგან დასაცავად), ავღანეთს (პაკისტანთან შეთანხმებისთვის) და ეს არის ის, რაც ვაშინგტონის პრო-ინტერვენციონისტებს სურთ, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ამერიკა „შეუცვლელი სახელმწიფოა“.

ყველა შემთხვევაში, ის მოსაზრება რომ ამერიკული ჰეგემონია გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაპირობაა და ამიტომ ვაშინგტონმა ევროპაში უნდა გააფართოვოს მისი სამხედრო ვალდებულებები, ახლო-აღმოსავლეთში, კავკასიაში, აღმოსავლეთ-აზიაში და ზოგადად ყველგან, ძალიან არაპრაქტიკული (ამერიკას არა აქვს რესურსები იმისთვის, რომ ეს ამბიციური როლი შეასრულოს) და უსარგებლოა, თუკი ახლო-აღმოსავლეთში აშშ-ს ბოლოდროინდელ გამოცდილებას გავითვალისწინებთ.

შეერთებული შტატები მსოფლიოს არ უნდა დაშორდეს, მაგრამ მის ზოგიერთ ნაწილთან „კონსტრუქციული გამიჯვნის“ პოლიტიკით ამერიკა შესძლებდა როგორც საკუთარი თავის, ასევე დანარჩენი მსოფლიოს დახმარებას.
foreignpress