თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ამ სტატიას, ძირითადად, დაბნეულებისთვის ვწერ. „ეროვნულებს“ და „პროგრესულებს“ კი ვთხოვ, მომყვნენ მსჯელობაში და საკუთარი პოზიციები შეაფასონ (ან გადააფასონ).
საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზეა და უმნიშვნელოვანესი გამოწვევისთვის ძალებს იკრებს. ამ გამოწვევის პიკი ამჯერად, 2014 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე დაფიქსირდება, როცა დღის წესრიგში დადგება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი.
საქართველოს „გზაჯვარედინზე“, როგორც დიდი პოლიტიკის ერთ-ერთ შემადგენელზე, იკვეთება ევრო-ატლანტიკური, რუსული და აზიური სამყაროს ინტერესები. ამიტომაც არის ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი რეგიონული ცენტრი და დიდ სახელმწიფოთა საჯილდაო ქვა. ამას თითქოს შევეჩვიეთ. მაგრამ, მსოფლიოს ურთიერთგადამკვეთი ინტერესების განეიტრალება და დაბალანსება ჩვენი ქვეყნის გადაუწყვეტ პრობლემად რჩება, რაზეც პოლიტიკოსებთან და ექსპერტულ საზოგადოებასთან ერთად, ყველა სახელისუფლო ინსტიტუტი გამალებულად უნდა ბჭობდეს. რეალურად კი, ამ პრობლემის მიმართ მხოლოდ პოლიტიზირებული საზოგადოება თუ აქტიურობს მეტ-ნაკლებად. ასე ჩანს ქართულ მედია სივრცეში. სამაგიეროდ, არაფერი ჩანს და არ ისმის სახელისუფლო სტრუქტურებიდან, სადაც ყველამ თავისი ადგილი უკვე კარგად მოირგო და თავი დაიმკვიდრა, საქმე „გაკეთდა“ და მათი აქტიურობაც დასრულდა. ქვეყანა გარინდულია.
გამოწვევების წინაშეა ქართული საზოგადოებაც - რიგითი, ქვეყანის ბედზე მოფიქრალი კონსერვატორი „ეროვნულებიც“ და ევროცივილიზაციას ნაზიარები „პროგრესულებიც“. ადამიანთა დიდი ნაწილი დაბნეულია: რა უნდა ამ პატარა ქვეყანას, ევროპა თუ ევრაზია, თუ არც-ერთი?!
თუ ჩვენი საზოგადოება ამ არჩევანში, ამ გზაჯვარედინზე მტკიცე და ერთმუშტად შეკრული არ იქნება, ქვეყანას მოსალოდნელ გამოწვევებთან გამკლავება გაუჭირდება. გამოჩნდებიან სულ სხვა პოლიტიკური ინტერესების წარმომადგენელი „მამულიშვილები“ და მყარი ისტორიული არგუმენტებით, ეკონომიკურად დასაბუთებულ, პოლიტიკურად „საჭირო“ თემებს გაააქტიურებენ საზოგადოების სახელით. მაგალითად, რეფერენდუმის გამართვას, ან ფართო დისკუსიის წამოწყებას საქართველოს პოლიტიკურ არჩევანზე. შეიქმნება ან გააქტიურდება „ეროვნული“ ორიენტაციის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პარტიული კოალიციები და დაიწყება ვაკხანალია: მიტინგები, შემდეგ ქუჩის დაპირისპირების იმიტაცია, მათი დაშლის მცდელობა და ა.შ. ასეთი სცენარები და მათი შედეგები ჩვენ კარგად გვახსოვს 90-ანი წლების გზაჯვარედინზეც, სიგუა-კიტოვანის (და სხვა მრავალის) „ეროვნული“, სინამდვილეში კი ბრიყვული ან გარედან პროვოცირებული მოთხოვნებით (მაგალითად: დემოკრატია თუ თავისუფლება, ან: ჯერ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, შემდეგ ეკონომიკურიო - გახსოვთ, ალბათ). ასეთ ხალხს - ცბიერ „სიგუებს“ და ბრიყვ „კიტოვანებს“ რა გამოლევს საქართველოში, ყველა დროში და ეპოქაში. ესეც ერთ-ერთი ის შესაძლო საფრთხეა, რასაც რუსული კაპიტალი და პოლიტიკა საქართველოს დაუპირისპირებს ევროინტეგრაციის გზაჯვარედინზე, 2014-ის ზაფხულ-შემოდგომაზე. ვიძახოთ მერე, რუსეთს ბერკეტები აღარ აქვს ჩვენს წინააღმდეგო... ხალხი ყავს სამაგიერდ ჩვენს წიაღში, უხვად „მოსახმარი“ და უვადოდ „გამოსაყენებელი“. იმასაც ამბობენ, რომ მსგავსი სცენარი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ქვეყნის დაფინანსება მილიარდებით, ან აშკარად ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში. უკვე ვნახეთ, რა ძალა აქვს რუსეთს და რამდენად ცივილურად მოქმედებს ის.
სტაბილურობის თემას უკავშირდება თბილისის მერის და თვითმმართველობის არჩევნებიც, რაც ქვეყნისთვის მეტად მწვავე პერიოდს ემთხვევა. საზოგადოებამ ეს გამოწვევაც უნდა გაითვალისწინოს და არჩევნებში გულგრილი, პასიური არ იყოს. „თბილისელობა“ აქ სრულიად პირობითია და კანდიდატის ღირსებას არანაირად არ უკავშირდება. ვინც ბ-ნ ნარმანიას მერობის კანდიდატობის თემას ამწვავებს და ზოგიერთი „ძველი ბიჭივით“ აქ უადგილოდ „თბილისელობის“ პრობლემად ქცევას ცდილობს, ის მართლა უმწიფარი „ბიჭია“ ან სრულიად შეგნებულად ქვეყნის პოლიტიკურ რისკებს ზრდის.
პრობლემის სიმწვავეს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს უკრაინის მოვლენები, ასევე საქართველოს მიმართ რუსული სავარაუდო სცენარები და ამ თემაზე რუსული კომენტარები. მაგალითად, ასეთი - რუსი ექსპერტის, სტრატეგიულ კონიუნქტურის ცენტრის დირექტორის მოადგილის, მიხეილ ჩერნოვის აზრით:
„კონკრეტული ისტორიული და სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამო, საქართველოს მოუწევს თავის გეგმების კორექტირება“;
„რუსეთმა უკანასკნელი ერთი-ორი წელია დაიწყო ევრაზიის სივრცის შეგროვების პროცესი. შემდგომში, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს ერთიანი სახელმწიფოს ფორმა ექნება“;
„ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს რუსეთის ფედერაციას აღადგინოს სახმელეთო საზღვარი სომხეთთან და შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში გასასვლელი გააკეთოს (ეს პუტინის სიტყვებს უფრო გავს - ნ.მ.)“;
„ახლა რეალობა ასეთია - რუსეთი ამიერკავკასიაში კვლავ დაბრუნდება და ობიექტურ მიზეზთა გამო საქართველოს საზღვრები გადაიხედება („ინტერპრესნიუსი“ 10:28 18-01-2014)“.
ეს კაცი რუსულ იმპერიაზეა კაეშანს მიცემული და გონებაამღვრეული, ისევე, როგორც მისი პრეზიდენტი. შესაძლოა ეს „რბილი“, პროპაგანდისტული ომის ნაწილიცაა, ისევე, როგორც პრორუსული პუბლიკაციების გამოჩენა ქართულ პრესაში. მაგრამ ქართველებს რა გვჭირს, რატომ ვართ გარინდული და ნეტარ მოლოდინს მიცემული? როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს სრულიად უკონტროლო, თავზეხელაღებულ ძალასთან, რომელიც შუასაუკუნეების დონეზე აზროვნებს და კვლავ „მიწების შეგროვებით“ (ამჯერად ევრაზიის სივრცეში) არის დაკავებული, რასაც საბოლოოდ „ერთიანი სახელმწიფოს ფორმა“ ექნება (ანუ, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს). უფრო გასაგებად, ჩვენს გზაჯვარედინზე, არჩევანი გასაკეთებელი გვაქვს თავისუფლების სამყაროსა და ბნელეთის სამყაროს შორის (რომელიც უცერემონიოდ გადაყლაპვას გვიპირებს), და რა არის აქ გაუგებარი ან დასაბნევი?! მარტივი არჩევანია: დემოკრატიული სამყარო ან კარგად ნაცნობი ბოროტების იმპერია. თუ არჩევანი ჩვენზეა, ქართულ საზოგადოებას დღეს მხოლოდ ევროოპტიმიზმი სჭირდება, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად. აქ, ორჭოფობა და მოლოდინი შესაძლო რუსულ სიკეთეებზე, მხოლოდ ცნობიერების დამანგრეველია. ან რატომ გვგონია, რომ ჩვენი სურვილები და აქეთ-იქით „სწრაფვა“ გადამწყვეტი ფაქტორია? მიგვიღებს კი ევროპა ასეთ დაბნეულ საზოგადოებას?
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, ქვეყანაში მოქმედებენ ძალები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.
„თქვენ გექნებათ ბევრი გამოწვევა იმ ადამიანებისგან, რომლებიც საუბრობენ ქართულ ტრადიციებზე, ქართულ სტანდარტებზე, იმაზე, თუ რამდენად გარყვნილია ევროპა, რამდენად სულელურია ევროპული შემწყნარებლობა და ტოლერანტობა“ („რეზონანსი“: „ბრძოლა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ“, 21.01.2014).
პრობლემა იმაშია, ჩვენი გულარხეინობით, ისე ხომ არ გამოვა, რომ ქვეცნობიერად და ნელ-ნელა, ქართული სტანდარტებისთვის უფრო „მისაღები“ და „მომხიბვლელი“ რუსულ-აზიური „რბილი ძალის“ ტყვეობაში აღმოვჩნდებით?! რბილი, „ეროვნული“ ინტერესი დაახლოებით ასეთია:
„ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს ის, რაც მის სახელმწიფო ინტერესებსა და სულიერ მოთხოვნილებას წარმოადგენს, რაც მას შინაგან კმაყოფილებას მოუტანს... და არა იმ იდეებს ემსახუროს, რაც მისთვის სრულიად უცხოა, გარედან ბრჭყვიალა, ლამაზი სიტყვებით მორთული, მაგრამ მისი ეთნოფსიქიკისთვის მიუღებელი, ფიზიკურ-სულიერი გადაშენების საფრთხის მომცველი... უცხოური ფულით გავრცელებულ მტრულ იდეოლოგიას, თავი რატომ უნდა მოატყუებინოს ქართველმა ხალხმა?“ (გია თვალავაძე: „ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი“, For.ge,2014-01-03).
არა, ეს არ მოხდება, ნუ გეშინიათ ხალხო. „შეუძლებელია რომ ის გენეტიკური ქართული კოდი, რომელიც საუკუნეების მანძილზე საკუთარი თვითმყოფადობის გადარჩენისათვის ბრძოლაში ჩამოყალიბდა, ეროვნული სხეულის გამხრწნელმა და მომაკვდინებელმა იდეოლოგიებმა დაძლიოს და სიკვდილის გზას გაუყენოს“. ამისთვის კი, არ უნდა ავყვეთ მსოფლიოს რეალურ მმართველთა (მასონთა და ა.შ.) კოსმოპოლიტურ მისწრაფებებს. რადგან „ფაქტია, რომ მათ ლიბერალისტურ კოსმოპოლიტურ იდეოლოგიას ეფუძნება ევროპის მოქმედი პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება ევროკავშირი“ (გ. თ. - იქვე).
მკითხველო, აქ დასკვნებს ჯერ ნუ გააკეთებთ. ამ სტატიის ბოლოს გაიხსენეთ ეს ემოციური პასაჟი და შემდეგ შეაფასეთ მისი მომნუსხველი ძალა.
ამგვარად, აქ ორიენტაცია ცალსახად ჩამოყალიბებულია: უარი „დასავლურ გლობალისტურ იდეოლოგიას“, გახრწნილ, ქართული ეთნო-ფსიქიკისთვის მიუღებელ ევროპას, წინ - „შინაგანი კმაყოფილების მომგვრელი“ ევრაზიული პერსპექტივისკენ. ასეთია „ეროვნული ფენომენის შენარჩუნებისა და ეროვნული კულტურის დამფასებელი ადამიანის“ პოზიცია. ეს პოზიცია (მთლიანობაში სტატია) საკმაოდ არგუმენტირებული და ვფიქრობ, გულწრფელია. მაგრამ კონცეპტუალურად მცდარია. შედეგად კი, საზოგადოება და მკითხველი - დაბნეულია.
ამ ფონზე, ქვეყანა მსოფლიო ცივილიზაციას ჩამორჩენილ, თანამედროვე „ცოდნას“ მოკლებულ, პატარა პროვინციის შთაბეჭდილებას ტოვებს, სადაც ყველაფერი „მოსულა“, და ამას, სულ ადვილად მიხვდება დაფიქრებული მკითხველი, აქ და ახლავე. დავინახავთ, რომ საქართველო ჯერ კიდევ არშემდგარი სახელმწიფოა და მას, გარდა ფსიქო-სოციალური და პოლიტიკურ-ეკონომიკური სირთულეებისა, ელემენტარულად, საღად მოაზროვნე ადამიანების (და საზოგადოების) პრობლემებიც აქვს. დიახ, ქვეყანაში ასეთი ადამიანების მწვავე დეფიციტია. ნათელი გონების კაცები არ ჩანან - აღარ იბადებიან და აღარ იზრდებიან. ალბათ, ეს პატარა ქვეყნების სინდრომია.
ფსევდო პატრიოტიზმი სრულ გონებაშეზღუდულობაში რომ არ გადაიზარდოს, ჯერ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, არის თუ არა საქართველო ჩამოყალიბებული სახელმწიფო, ვართ თუ არა თავისუფალი მოქალაქეები?!
ჩემს წინა სტატიაში - „სოციალური კაპიტალი და „არშემდგარი სახელმწიფოები“ - ვცდილობდი ამეხსნა, თუ რა ფაქტორები განაპირობებს სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ეს, ე.წ. „სოციალური კაპიტალის“ შექმნას დავუკავშირე, რაც არამატერიალური და უხილავია, მაგრამ სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე ეკონომიკური რესურსები და ყველა სხვა სახის მატერიალიზებული კაპიტალი.
„სოციალური კაპიტალის გაზრდის მზა ფორმულა არ არსებობს. თუმცა, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია გვიჩვენებს, რომ საზოგადოების მომწესრიგებელი საწყისი ლიბერალური დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში და აუცილებელი „ცოდნის“ დაგროვებაშია, ე.ი. უმარტივესი სოციალური საწყისების (ნდობის, თანადგომის, სოლიდარობის) დამკვიდრება, შესაბამისი „ცოდნის“ დანერგვა და განვითარებაა აუცილებელი, რაც ახალგაზრდა, თანამედროვე ცოდნის მატარებელმა საზოგადოებამ უნდა ითაოს“ - ვწერდი სტატიაში (For.ge, 2013-12-20 00:07:15).
როგორც ჩანს, ასეთი კაპიტალი საქართველოს არ გააჩნია.
არის ასეთი პოლიტიკური ტერმინი - „Failed State” – „ქმედუუნარო, არშემდგარი, ვერშექმნილი სახელმწიფოები“. ასეთი სახელმწიფოს მაგალითებად ასახელებენ სომალის, ჰაიტის, სუდანს და ა.შ. ესენი ღარიბ-ღატაკი ქვეყნებია, რომლებიც ვერ ვითარდებიან პოლიტიკური ელიტის სიხარბის, კორუფციის, ომის და სხვა მიზეზების გამო. არის არშემდგარ სახელმწიფოთა სხვა კატეგორიაც, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი, მაგრამ სოციალურად ღატაკი, არაპროგნოზირებადი, დესტრუქციული და აგრესიული, სადაც ადამიანები „ბუნებრივ მდგომარეობაში“ კონფლიქტებისკენ არიან მიდრეკილები. აბა, რომელ სახელმწიფოს გაგონებთ ეს კრიტერიუმები? აზიური ყოფის და მიდრეკილების ქვეყნებს ხომ არა? ვერშექმნილი, თითქმის ველური ინსტიქტების მქონე სახელმწიფოს კარგი მაგალითია რუსეთი, მთელი თავისი პოტენციალით და ისტორიით. არჩევანის გაკეთებამდე, ესეც დავიმახსოვროთ. მე ვფიქრობ, აღნიშნულის გარდა, ასეთია მთლიანად პოსტკომუნისტური (მ.შ. ყოფილი სსრ კავშირის შემადგენელი) ქვეყნებიც, რომლებსაც სოციალური კაპიტალის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, მათ შორის საქართველოს.
ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა ჯერ კიდევ დესტრუქციული ყოფაა, ამღვრეული გონება, უკიდეგანო და უსასრულო ეკონომიკური სიდუხჭირე, ჩამოუყალიბებელი პარტიები, ტენდენციური ენჯეოები - მსუყე ნიადაგია ნებისმიერი ორიენტაციის იდეების დასამკვიდრებლად. სწორედ ასეთია „არშემდგარი სახელმწიფო“.
ჩვენი „არშემდგარობა“ სხვა მხრივაც მტკიცდება. რაც უფრო ახლოსაა გეოგრაფიულად ქვეყანა ევროკავშირთან, მით უფრო პროგრესულად და საღად გამოიყურება საზოგადოება. მაგალითად, თუ ადამიანთა ასაკს და განათლების დონეს დასავლური ფასეულობის შექმნის და „მოწესრიგებისკენ“ ორიენტაციის კრიტერიუმებად განვიხილავთ, საზოგადოების „ჯანმრთელობის“ ხარისხი კარგად შეიძლება შევაფასოთ თუნდაც უკრაინის მაგალითზე. დონეცკის ოლქში (აღმოსავლეთ, ე.წ. რუსულენოვან უკრაინაში, სადაც 74,9% რუსულად საუბრობს, 24,1%-უკრაინულად) ჩატარებული კვლევების მიხედვით, შეკითხვაზე - უნდა ვისწრაფოდეთ თუ არა ევროკავშირისკენ, ევრაზიული რუსული პროექტი უნუგეშოდ აგებს სამ ასაკობრივ ჯგუფში: ანგარიშით 44:25 „ევროპელები“ იგებენ მოსწავლეთა და სტუდენტთა შორის 18-25 წწ ასაკობრივ ჯგუფში; 43:30 – 25-36 წწ ჯგუფში და 48:32 – 36-45 წწ. ვინც 50 წელთან ახლოსაა, ის ახლოა საბაჟო კავშირთანაც (40% 31%-ის წინააღმდეგ). და მხოლოდ მოხუცებულთა კატეგორია უგებს „ევროპელებს“ დამაჯერებლად 73:35-ს. ევროპა იგებს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა კატეგორიაშიც 54:33-ს და აგებს არასრულ საშუალო და დაწყებითი განათლების ჯგუში 11:53-ს (РИА Новости, 2013 12 10).
ამგვარად, უკრაინის არჩევანი სტატისტიკურად და „დემონსტრაციულადაც“ - საზოგადოების დონეზე, ცალსახა და ჩამოყალიბებულია.
ეხლა ვნახოთ, რას ფიქრობენ თავად რუსები რუსეთში. ნათელი გონების რუსი მოაზროვნეები და ექსპერტები სამომავლოდ, რუსეთისთვისაც კი ევროპულ არჩევანს ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ და პუტინის პროექტების მიუხედავად ევროპის ნაწილად ყოფნას არ გამორიცხავენ.
სტატიაში - „რატომ მიისწრაფვიან დნეპრის სანაპიროებზე არა აღმოსავლეთით, არამედ დასავლეთით“, საზოგადოება „მემორიალის“ წევრი, ევროპული პროგრამების ექსპერტი კირილ ველიკანოვი წერს: „ევროპაში უნდა ასევე თურქეთს. უნდა საქართველოს. უნდა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს, თუმცა იციან, რომ იქამდე მათთვის ჯერ შორი გზაა. უნდ მოლდავეთს, უნდა ასევე „დიდებულ და სახელოვან“ დნესტრისპირეთის მოლდოვას რესპუბლიკას. ჩვენ კი აქ, რუსეთში, რუსებს და თათრებს, ბაშკირებს და კარეელებს, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ათას ერთ ეროვნებას, ჩვენ ყველას, განა არ გვინდა ევროპაში? გვინდა, რა თქმა უნდა გვინდა, გვიკვირს: რატომ არ არის აქ ევროპა? ჩვენ რა, მათზე სულელები ვართ? მზად ვართ, თუნდაც ხვალვე გავხდეთ ევროპა. რა ან ვინ გვიშლის ხელს? ახ, დიახ, უფროსობა. აქ ხომ აზიაა (უკაცრავად, ევრ-აზია, უფრო ზუსტად - „აზიოპა“). და უფროსობა აქ აზიურად გვპატრონობს. და ხომ არ იქნება ჩვენთვის „დამღუპველი“, თუ ოდესმე ევროპაში აღმოვჩნდებით? სისულელეა“ („ნეზავისიმაია გაზეტა“, 2014-01-15).
და რატომ მიილტვიან ეს ქვეყნები ევროკავშირში? რით არის ის მიმზიდველი გარშემო მყოფი ქვეყნებისთვის? რიგითი, მოაზროვნე რუსის პოზიცია ჩამოყალიბებულია, და ის დაახლოებით ასეთია:
„პირველ რიგში, მიმზიდველია მასში შესვლის ნებაყოფლობითი ხასიათით და ყველა წევრი-სახელმწიფოს თანასწორუფლებიანობით. ნახეთ: ერთხელ ჩეხეთმა, მეორედ ირლანდიამ, პატარა ქვეყნებმა, რამდენიმე წლით დაბლოკეს უმნიშვნელოვანესი საერთოსაკავშირო გადაწყვეტილებები, და არავის არ დაუძალებია, არ დაუშანტაჟებია, არ გადაუკეტია გაზის მილსადენი, არ შეუფერხებია ტრანსპორტი მოლდოვური ღვინით, ქართული ბორჯომით ან ლიტვური არაჟნით. ეს რუსული მეთოდები იქ არ ჭრის, ასე რომ, საშიში არაფერია. პირიქით - ამ მოსკოვური მეთოდებისგან იქ ერთობლივად დაგიცავენ“.
ევროკავშირი ასევე მომხიბვლელია ეკონომიკურ ეფექტიანობასა და სოციალურ დაცულობას შორის ბალანსის დაცვაზე ზრუნვით და შენარჩუნებით, მიუხედავად მსოფლიო-ეკონომიკური კონიუნქტურით გამოწვეული სიძნელეებისა. ბალანსით, რომელიც არ არსებობს არც აშშ-ში და მით უფრო, თანამედროვე რუსეთში.
და ბოლოს, ევროკავშირის მესამე ძირითადი მახასიათებელია მრავალენობრიობის საფუძველშივე აღიარება, მრავალი, ძალიან განსხვავებული კულტურის მიღება არა როგორც პრობლემის, არამედ როგორც სიმდიდრის, რაც შენარჩუნებას და განვითარებას საჭიროებს. მალტაც კი, პატარა კუნძული, რომელიც სხვადასხვა ევროპული და არაბული ენების საოცარ ნაერთზე საუბრობს, ევროკავშირში იმავე სტატუსით სარგებლობს, როგორც საფრანგეთი ან გერმანია.
ამ თემაზე „ნეზავისიმაია გაზეტას“ ფურცლებზე მსჯელობენ. ე.ი. რუსები თანაუგრძნობენ უკრაინელებს, მოლდოველებს, ქართველებს, რუსეთი მიისწრაფვის (პუტინის გარეშე) ევროკავშირში და ჩვენ, ქართველ „აზიატებს“ პუტინის რუსულ-აზიური ალიანსი არჩევანის და განხილვის თემად წარმოგვიდგენია?! სად არის ამ დროს ქართული ლოგიკა, სად არიან ქართველი „ლოგიკოსები“? აქ არიან, და რეფერენდუმს ითხოვენ.
კულტურულად, ცხადია რუსეთი ევროპაა, დასავლური ცივილიზაციის ნაწილია. მხოლოდ პოლიტიკურად არის ის მოწყვეტილი ევროპულ ცივილიზაციას, ხელოვნურად, დროებით. ეს შესანიშნავად იცის განათლებულმა, თანამედროვე ცოდნას ნაზიარებმა რუსმა. ამიტომაც მისი მსჯელობა კომპეტენტური და პატრიოტულია. უფრო მეტიც - ეს წმინდა ევროპული აზროვნებაა, ისეთივე, როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტი, თავისუფალი ევროპელის.
ამ ფონზე, სამწუხაროდ, ზოგიერთი „ეროვნული“ პოზიციის მქონე ქართველი, ისტორიას ჩამორჩენილ, ბნელი პროვინციის ბინადრად გამოიყურება, როცა ამ თემის „ანალიზისას“ მრავალ კითხვის ნიშანს სვამს.
გვავიწყდება, რომ თავის დროზე, ერეკლეს არჩევანი, დღევანდელ პოლიტიკურ ენაზე, ევროპული არჩევანი იყო. ნადირ-შახის კარზე გაზრდილმა ქართველმა მეფემ შესანიშნავად იცოდა, რომ სასტიკი აზიური ყოფისგან თავის დაღწევის და ევროპასთან დაახლოების ერთადერთი გზა, იმ დროს, რუსეთზე გადიოდა. ასე იყო: ერეკლემ აზიისგან დაიცვა საქართველო, როგორც შეძლო, და დაგვიბარა - დანარჩენი თქვენ გააკეთეთო... და დღემდე, გზაში ვართ. სხვა შემთხვევაში, დღეს ჩვენ ან ირანის პროვინცია ვიქნებოდით, ან თურქეთის, ან შუაზე გაყოფილი - ორივესი ერთად. და მაშინ, არც არჩევანის დილემა გვექნებოდა გადასაწყვეტი: ევროპული გზა აგვერჩია თუ რუსულ-აზიური.
დღევანდელ ქართველს კი, ჯერ კიდევ არშემდგარ ქართულ სახელმწიფოში, გაურკვევლობის სენი შეჰყრია...
მაგრამ ყველაფერს მოევლება. უნდა გვახსოვდეს, რომ ცნობიერების დაწმენდა და პრობლემის გადაწყვეტა ღირებულებითი კატეგორიების - კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლების - შექმნაში, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში და უბრალოდ - ლიბერალური ქრისტიანული ფასეულობების რეალიზებაშია. ასეთია მოწესრიგებული სახელმწიფოს მშენებლობის გზამკვლევი. ამის ნათელი მაგალითია ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოები და მათი გაერთიანება - ევროკავშირი.
ასეთია თანამედროვე ცივილიზაციის გზა და ორიენტირი ჩვენს, ქართულ გზაჯვარედინზეც.