გაკოტრების დონემ, გერმანიაში, ბოლო ოცი წლის განმავლობაში უმაღლეს წერტილს მიაღწია. უფრო და უფრო მეტი კომპანია ინგრევა ქვეყნის მზარდი ეკონომიკური კრიზისის პირობებში.
„ლაიბნიცის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის“ (IWH) კვლევის თანახმად, ოქტომბერში სულ 1530 ფიზიკურმა პირმა და კორპორაციამ შეიტანა განცხადება გაკოტრების თაობაზე. ეს მაჩვენებელი 17%-ით აღემატება წინა თვის იმავე მაჩვენებელს.
„ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 20 წლის განმავლობაში“, − წერს IWH-ის მკვლევარი შტეფან მიულერი. მიმდინარე წელს, ყოველთვიურად მინიმუმ 1000 კომპანია აცხადებდა გაკოტრების შესახებ, მაგრამ ახლა რაოდენობამ 1500-ს პირველად გადააჭარბა, − იტყობინება გერმანული გაზეთი FAZ. ეს ორი მესამედით მეტია პანდემიამდე არსებულ პერიოდთან შედარებით. ეს სიტუაცია განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა სამშენებლო და სავაჭრო ბიზნესისთვის.
ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მიუნხენში მფრინავი ტაქსის სტარტაპ Lilium-ის გაკოტრება, რომელსაც დაფინანსება ოქტომბერში ამოეწურა მას შემდეგ, რაც მისმა საბიუჯეტო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო KfW სესხის გარანტიის წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ IWH საუბრობს საერთო სუსტ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის მშპ-ის 0.3%-ით კლებაზე 2023 წელს და 0.2%-იან შემცირებაზე წელს, არის ამ სიტუაციის გამომწვევი სხვა ფაქტორებიც, მაგალითად მიწოდების ხარჯების ზრდა, მაღალი შრომითი ხარჯები, კვალიფიციური მუშაკების ნაკლებობა, დაბალი საერთაშორისო მოთხოვნა და ენერგიის მზარდი ხარჯები.
სხვა კომპანიები, მათ შორის „ფოლკსვაგენი“, ცდილობს მკვეთრად შეამციროს ხარჯები. იგი სამი ქარხნის დახურვას და 30 000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს. „ფოლკსვაგენი“ უერთდება იმ კომპანიების გრძელ სიას, რომლებიც ამცირებენ სამუშაო ადგილებს, რასაც ზოგიერთი ეკონომისტი გერმანიის დეინდუსტრიალიზაციას უწოდებს. ასევე მოსალოდნელია ბრძოლები პროფკავშირებთან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა.
მმართველი მემარცხენე-ლიბერალური მთავრობა საზოგადოებისა და ბიზნესის მხრიდან გერმანიის ეკონომიკისთვის სრულ კატასტროფად აღიქმება. გუშინ სამთავრობო კოალიცია დაიშალა, რის შედეგადაც უმცირესობის მმართველი მთავრობა ჩამოყალიბდა. მთავრობისადმი უნდობლობის კენჭისყრა იანვარში გამოცხადდება და ახალი არჩევნები შესაძლოა მარტში დაინიშნოს. უმცირესობის მთავრობამ შეიძლება ქვეყანა ვადის დასრულებამდე მართოს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება უნდობლობის გამოცხადება. თუმცა, მოსალოდნელია, რომ გაურკვეველი პოლიტიკური ვითარება გერმანიის ეკონომიკას კიდევ უფრო დაამძიმებს.