Deep Purple – Burn და Stormbringer 40 წლისაა...

Deep Purple – Burn და Stormbringer 40 წლისაა...

რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს ამა თუ იმ დიდი ჯგუფის რეპერტუარზე. გარდა იმისა, რომ ამ დროს აუცილებელია ახალი ანსამბლის წევრთა შორის სანიმუშო ურთიერთგაგების დამყარება და მათი ერთ მთლიან ორგანიზმად ქცევა, მსმენელი მომთხოვნია, შოუ ბიზნესის მკაცრი კანონები, საკონცერტო განრიგი არ იცდიან და ახლად შეკრებილ კოლექტივს პრაქტიკულად დასვენების საშუალება არ ეძლევა.

ახლა კი წარმოვიდგინოთ 1973 წლის ფორმაციის Deep Purple–ს მდგომარეობა. პოპულარობის ზენიტში მყოფმა ჯგუფმა, რომელმაც 1970–1973 წლებში ერთი მეორეზე უმჯობესი ოთხი სტუდიური და ერთიც საკონცერტო ალბომი ჩაწერა, ერთდროულად ორი მუსიკოსი გაუშვა. სულ რაღაც ერთი წლის წინანდელი Machine Head–ის გმირები – ბას გიტარისტი როჯერ გლოვერი და მომღერალი იან გილანი, უეცრად ზედმეტნი აღმოჩნდნენ ლეგენდარული ჯგუფისთვის...

მათი შემცვლელები მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტით ვერ დაიკვეხნიდნენ. დევიდ ქოვერდეილსა და გლენ ჰიუზს არ ჰქონიათ რაიმე მნიშვნელოვანი დანატოვარი პოპ მუსიკის სამყაროში. არეულობების ამტეხი რიჩი ბლექმორი თავადაც დაბნეული იყო.  სულაც არ იყო ადვილი იან გილანის შემცვლელის პოვნა...

დევიდ ქოვერდეილს სასიამოვნო ტემბრი ჰქონდა, მაგრამ გილანის ხმის დიაპაზონთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. გლენ ჰიუზი იდეალური ფიგურა გამოდგა ჯგუფისთვის, რადგან სწორედ მას უნდა შეევსო Deep Purple -ს რეპერტუარისთვის აუცილებელი და განუყოფელი წამოკივლებები.

მართალია ამ ილეთის დოზებმა სტუდიაში იკლო, მაგრამ განსაკუთრებით კონცერტებზე, სადაც ხშირად უმძლავრესი ხმის ტემბრის მქონე მომღერალი ბას გიტარისტი დომინირებდა, ამ მხრივ გილანის დანაკლისი გარკვეულწილად ივსებოდა.

დრო არ იცდიდა და Deep Purple-მა ახალი შემადგენლობით უსწრაფეს ტემპში, უკვე ტრადიციულად Rolling Stones–ის მოძრავი სტუდიის დახმარებით, ჩაწერა ალბომი შედევრი Burn. მოგვიანებით ჯონ ლორდი იტყვის, რომ გილანის შემთხვევაში ეს იქნებოდა არამარტო Deep Purple-ის, არამედ ზოგადად როკ მუსიკის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები.

ალბომმა ბრიტანულ ჩარტებში მე–3, ამერიკულში მე–9 და ევროპის მთელი რიგი ქვეყნების ჰიტ პარადებში პირველ ადგილს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ Burn ავსტრიის ჩარტების სათავეში ზუსტად სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჯგუფი უკვე აღარ არსებობდა და ამ ქვეყანაში მაინც ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობდა...

ალბომი გამოსაცემად მზად უკვე 1973 წლის სექტემბერში იყო, მაგრამ მენეჯერის გადაწყვეტილებით, ჯგუფმა მაღალი ხარისხის ვინილის მასალის მოლოდინში,1974 წლამდე მოიცადა.

 

რამდენადაც დიდი იყო სურვილი აღიარების მწვერვალზე დარჩენისა, იმდენად უბრალო გამოდგა ალბომის გარეკანი. თითქოს ყველაფერი სიჩქარეში გაკეთდა, ცვილის ფიგურებად გამოყვანილი შესანიშნავი ხუთეულით დაწყებული, კოლოფით დამთავრებული. ეს ხომ პირველი არაგაშლადი კონვერტი იყო ლეგენდარული ჯგუფის ისტორიაში.

სამაგიეროდ სანიმუშო და რაც მთავარია ნოვატორული აღმოჩნდა თვით ჩანაწერი როგორც იდეური, ასევე არანჟირების თვალსაზრისით. გამხსნელმა Burn-მა კონცერტებზე Highway Star–ის სტატუსი დაიმკვიდრა, რადგან 1974–1976 წლებში, ჯგუფიდან ბლექმორის წასვლის შემდეგაც კი, Deep Purple -ს ყოველი კონცერტი ამ სიმღერით იხსნებოდა.

დაკვირვებული ყური ბლექმორის სტუდიურ სოლოში ფიუჟენ ტენდენციასაც შეიგრძნობს, რაც აბსოლუტურად ზუსტად ეხმაურებოდა გლენ ჰიუზის როჯერ გლოვერისაგან დიამეტრულად განსხვავებულ ფანკი–ფიუჟენ საუნდს. 

ალბომში Mistreated–ის სახით „ახალი Child In Time“–იც გამოჩნდა. მუდმივი საკონცერტო ნომერი გიტარის ორ შესანიშნავ სოლოს და მასზედ აგებულ ორხმიან ვოკალს ემყარებოდა. იმპროვიზაციული არეალი კი ყოველთვის იძლეოდა სიმღერის ახლებურად წარმოჩენის საშუალებას. Burn-ისა არ იყოს, Lay Down Stay Down–ში იან პეისი პრაქტიკულად დრამ სოლოს უკრავს, ხოლო Sail Away კი ერთადერთია, რომელიც ჯგუფს სცენაზე არასოდეს გამოუტანია.

ბლექმორის სოლოების კასკადით მოცული ხუთწუთიანი You Fool No One კონცერტებზე 20 წუთამდე გრძელდებოდა ხოლმე და ამ პერიოდის Deep Purple-ს სასცენო იმპროვიზაციის ეტალონს წარმოადგენდა. კომპოზიციამ თავისუფალი იმპროვიზაციის დოზებით თითქოს The Mule–ისა და Space Truckin’–ის ფუნქცია ერთდროულად იტვირთა, თუმც სტრუქტურულად მათგან აშკარად განსხვავდებოდა.

აქ რიჩი ბლექმორი პირობითად 1974–1977 წლების გიტარ ხელწერის დემონსტრირებას, აგრერიგად რომ აღაფრთოვანებდა მსმენელებს ბგერის სინატიფით, სისუფთავითა და ეშხით, თითქოს გამორჩეულად ახდენდა.

You Fool No One –ს კონცერტებზე ამშვენებდა ძვირფასი ბლუზი. რიჩი ამ “მარგალიტს“ სხვადასხვა ქრონომეტრაჟით მომავალში Rainbow–შიც ასრულებდა, მაგრამ ბლუზური სისადავით მწვერვალს იგი Made In Europe–ის You Fool No One–ში აღწევს. მეტიც, ეს ვერსია რიჩის მომხრეებს ზოგჯერ ათქმევინებს ხოლმე – კაცმა ერთხელ დაუკრა ბლუზი და ყველა როკ გიტარისტზე უკეთო...

ბლუზურობა იქით იყოს, მისი დოზები გილანის პერიოდისასთან შედარებით არ შეცვლილა. გლენ ჰიუზის მოსვლამ და ზოგადად ფანკი ტენდენციის მოდაში შემოჭრამ კი პრაქტიკულად გააქრო In Rock–ებრი ხელწერა Deep Purple–ში. მეორეს მხრივ, თუ დავუკვირდებით ჯგუფი „განინროკებისკენ“ ნაბიჯ–ნაბიჯ ყოველ მომდევნო ალბომში მიიწევდა. ამან შვა კიდეც გამოხატული „ინ როკისტები“, რომლებიც Deep Purple–ს საუკეთესო ნამუშევრად დღემდე 1970 წლის ალბომს მიიჩნევენ.

სულ რაღაც 4 წლიანი სხვაობა და ასეთი მეტამორფოზა... 1974 წლის მეორე ალბომმა Stormbringer კიდევ მეტად დააშორა ჯგუფი ტრადიციული ხელწერისაგან. თუკი Burn შესანიშნავი იმ თვალსაზრისითაცაა, რომ იქ ტრადიციული Deep Purple–ს შემკვრელი უხილავი ძაფი აშკარად შეიგრძნობა, 10 სიმღერისაგან შემდგარი Stormbringer 3 სიმღერითაა გამორჩეული. ორი მათგანი - Stormbringer და Lady Double Dealer ნამდვილად „ფარფლურია“ და სწორედ ამიტომაც ამშვენებენ ისინი Burn–ის სამ სიმღერასთან ერთად საკონცერტო Made In Europe–ს, Soldier Of Fortune კი იმდენად ლამაზი ბალადაა, რომ მას შეგვიძლია „ვაპატიოთ“ ხელწერისაგან დაშორება.

აღსანიშნავია, რომ ამ სამივე სიმღერის ავტორი ბლექმორ–ქოვერდეილის ტანდემია.  ჯონ ლორდის სოლოებით ალბომი საკმაოდ ღარიბულადაა წარმოდგენილი. ყველაზე ეფექტური High Ball Shooter–ის ხანგრძლივი ჰამონდ სოლოა, მაგრამ თვით სიმღერა კი Deep Purple–ს დონეს მაინცდამაინც ვერ ქაჩავს. Stormbringer–ში რიჩის სოლოები დომინირებენ. მათი ელფერით გაკეთილშობილებული სიმღერები კი „განინროკებასაც“ გვავიწყებს. გამორჩეულია Lady Double Dealer–ის სოლო, რომელშიც დიდი ხელოვანი წამიერად სადღაც გაფრინდება (ერთგვარად ფსიქოდელიური სოლო), შემდეგ კი კვლავ „რეალობას უბრუნდება“.

დანარჩენი ალბომი კი გლენ ჰიუზის ნამოქმედარი რომაა, მუსიკოსის მიერ 35 წლის შემდეგ გაკეთებული ამ სიმღერების რემასტერინგიც მეტყველებს. Stormbringer–ის და დიდწილად ჰიუზის დამსახურებით Deep Purple მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადავიდა უკვე მომდევნო – ტომი ბოლინის ეპოქაში.

1974 წლის ორივე ალბომი კი დღესდღეობით  უკვე კლასიკურ ნამუშევრებადაა  ქცეული და მათი კრიტიკისაგან მუსიკალური მიმომხილველები კარგა ხანია თავს იკავებენ...