არჩევნებამდე 3 დღით ადრე შევიკრიბეთ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, რათა კიდევ ერთხელ ყველას დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას, ღირსებას და თავისუფლებას. ჩვენი საარჩევნო სლოგანია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.
მისივე თქმით, ღირსება არის მთავარი სიკეთე, რომელიც ადამიანს თავისუფალ და ძლიერ პიროვნებად აქცევს. ეს იცოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც და სწორედ ამიტომ, ადამიანის ღირსება იყო ის, რასაც ისინი ყველაზე აგრესიულად ებრძოდნენ.
„მათ იცოდნენ, რომ ღირსებაშელახული ადამიანი და ხალხი ყველაზე ადვილი სამართავია. ისინი აპატიმრებდნენ ადამიანებს, აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს, ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს, ძარცვავდნენ ბიზნესებს, იტაცებდნენ ტელევიზიებს, აყალბებდნენ არჩევნებს. მათ დაიწყეს ომი, რომელსაც 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, რომელმაც 30 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად აქცია და ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაგვაკარგვინა. შემდეგ, მათ წაგებული ომი სახალხოდ იზეიმეს და ქართულ ჯარს ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს. ამით, ისინი თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის ღირსებას შეეხნენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.