საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პოზიციას თინათინ რუხაძე დაიკავებს.
ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არჩევნების დასრულებისთანავე დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და თინათინ რუხაძე კულტურისა მინისტრის პოზიციას დაიკავებს.
პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა წულუკიანი საქმიანობას გააგრძელებს საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, მან უკვე დატოვა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა. მე მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას, გაწეული საქმიანობისთვის.
მინდა წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის მინისტრი. ვიდრე სამინისტრო გაიყოფა, იქნება ერთი მინისტრი, გვინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედებითი გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის, „თბილისის კონცერტინოს" დირექტორი, ასევე ის იყო ტელე ფესტივალ „მანას" აღმასრულებელი დირექტორი, მოგვიანებით „ტიბისი ტვ"-ის გენერალური პროდიუსერი, ასევე გახლდათ საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი. იყო ასევე შპს „მელოდია არტის" დირექტორის მოადგილე, გენერალური პროდიუსერი, ასევე თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში. 2016 წლიდან დღემდე ის გახლდათ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი" - განაცხადა პრემიერმა.