ეუთო/ოდირის დასკვნას მოჰყვა რადიკალების მხრიდან ისტერიკა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ცდილობს წარმოაჩინოს ისე თითქოს საარჩევნო გარემო დაძაბულია, რასაც ეუთო/ოდირის დასკვნა ეწინააღმდეგება. მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მთავარი ამოცანაა გახდეს ოპოზიციის მეთაური და ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ სისხლიანი ხელების მქონე ადამიანები არ მოდიან, მოდის ის.
„უკვე დაიწყეს ინტენსიური შეტევა, წმინდა ისტერიკა, რაც გამოიწვია ამ ეუთო/ოდირის დასკვნამ, ისევე როგორც მათი დასკვნა იყო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არის შესანიშნავი თავისი თავმჯდომარით, შემადგენლობით, უკვე ჩატარებული სამუშაოთი, გეგმით და ყველა ატრიბუტი, რაც უნდა ჰქონდეს ცესკოს არის შესანიშნავი. ეს იყო პირველი ტალღა ისტერიკის და მეორე ტალღაა. ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომ მშვიდი გარემოა, რომ კარგად ემზადებიან არჩევნებისათვის და ელექტრონული არჩევნები არის თემა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის არის მისაღები. ამას მოჰყვა უცებ განცხადებები, რომ არის შევიწროება, დაშინება, მოსყიდვა და მთელი რიგი დარღვევები. ამას აჰყვა სალომე ზურაბიშვილი, აკეთებს კომენტარებს, რომ არათუ დღეს არის ეს ზეწოლა და უბედურება, არამედ 2012 წლიდან მოყოლებული სალომე ზურაბიშვილის თქმით არის რეპრესიები და ამ რეპრესიების ქვეშ გმინავს მთელი საქართველო. ამას სალომე ზურაბიშვილის ამბობს საერთაშორისო ასპარეზზე. მას ეს თემა, რომ ოპოზიციის მეთაური გახდეს აქვს მთავარ გეგმად დასახული იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნოს იმაში, რომ სისხლიანი ხელების მქონე ადამიანები არ მოდიან, მოდის ის. პრემიერ-მინისტრსაც ის ნიშნავს, მთავრობასაც, ევროპული კურსის გარანტორიც ეგ არის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ხელოვნური აჟიოტაჟის შესაქმნელად რადიკალებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, რომ თითქოს ამომრჩეველს ართმევენ პირადობის მოწმობებს, რომ მათ „ქართულ ოცნებას“ იძულებით მისცენ ხმა.