პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ ამომრჩევლისთვის შეთავაზებულ ნებისმიერ მცდელობას საზოგადოება გადალახავს, რათა ერთხელ და სამუდამოდ 26 ოქტომბერს დამარცხდეს რადიკალური ოპოზიცია.
„რასაკვირველია, ზუსტად ვერ გეტყვით რა ოპერატიულ ინფორმაციას ეფუძნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მომეწონა განცხადებაში ნახსენები ხელოვნური ინტელექტის ცნება. მათ ზუსტად იციან, რომ რადიკალური ოპოზიცია ბუნებრივი ინტელექტით „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს 2024 წლის 26 ოქტომბერს ვერ მოუგებს. რადიკალური ოპოზიციის ბუნებრივი ინტელექტი არჩევნების მოსაგებად საკმარისი არ არის, ამიტომაც შესაძლოა მიმართონ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს.
მსურს დავამშვიდო საზოგადოება და ვუთხრა, რომ სუს-ი ძალიან კარგად მუშაობს. საზოგადოებაც უკვე მიეჩვია რადიკალების მხრიდან მომზადებულ, განსახორციელებელ თუ უკვე განხორციელებულ პროვოკაციებს.
ოპოზიციისა და მათი მფარველების მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს საერთაშორისო აზრის მომზადება იმისთვის, რომ შედეგი, რომელსაც ჩვენ ველოდებით 26 ოქტომბერს, გამოცხადებული იქნება გაყალბებულად. მანამდე შეიძლება მართლაც „დიფ-ფეიკის“ ტექნოლოგიების მეშვეობით, შემოგვთავაზონ გაუგონარი სისულელე, რათა როგორმე გადაფარონ ის რეალური სურათი, რომლის შესახებ მუდმივად ვახსენებთ ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველს. იმ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში საქმე გვქონდა ერთიან საკონცენტრაციო ბანაკად ჩამოყალიბებულ საქართველოსთან, სადაც ლიბერალური და ნეოფაშიზმი თავის ანტიდემოკრატიულ და ქართველობის გენოციდის პოლიტიკას ატარებდა.
ჩვენ ხელოვნური ინტელექტის მიერ ამომრჩევლისთვის შემოთავაზებულ ნებისმიერ მცდელობას გადავლახავთ იმისთვის, რომ ბუნებრივმა ინტელექტმა დაამარცხოს მათი უსუსური მავნებლობა ერთხელ და სამუდამოდ 26 ოქტომბერს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.