რამდენიმე დღის წინ მოსკოვში მოკლეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე. ყოფილ გენერალს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული თავისა და მუცლის არეში. ის სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, რუბლიოვსკოეს გზატკეცილის პირას მიმავალს მკვლელები მოტოციკლით მიუახლოვდნენ, რაღაც უთხრეს და შემდეგ ორჯერ ესროლეს. რუსეთში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი გენერალი თენგიზ კიტოვანი აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, ვინც დუმბაძეს სიკვდილამდე ესაუბრა და ვერ გაუგია, როგორ მოხვდა გზატკეცილზე, რადგან სატელეფონო საუბარში დუმბაძემ უთხრა, რომ გარეთ გასვლას არ აპირებდა. კიტოვანი და საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევენ, რომ გენერალი ქართულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს. რატომ? იმიტომ, რომ გენერალ ბორისოვთან დაახლოებული დუმბაძე ძალიან სახიფათო გახდა სააკაშვილის რეჟიმისთვის.
ამბობენ, რომ 2008 წლის ომის დროს ბორისოვმა, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, ბევრი მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია გადასცა დუმბაძეს.
აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმის დამხობის დროს რომან დუმბაძემ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებების შესრულებაზე და განაცხადა, რომ ასლან აბაშიძის უშუალო დაქვემდებარებაში გადადიოდა. ამის გამო იგი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 2004 წელს დააპატიმრეს და სამშობლოს ღალატის მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 2008 წელს იგი ბორისოვის დახმარებით ქართველ ტყვეებზე გაცვალეს. 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა. ამბობენ, რომ დუმბაძე მოსკოვის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ უბანში, ახლობლის ბინაში ცხოვრობდა და პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ ჰქონდა. არაფერია ცნობილი დუმბაძის ბიზნესზე. ბათუმში ამბობენ, რომ მის ოჯახს ძალიან უჭირდა. გენერალი არც კრიმინალებთან კავშირში იყო შემჩნეული, მიუხედავად ამისა, მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ბიზნესი ან კრიმინალური გარჩევაც დასახელდა.
აჭარაში იმასაც მოისმენთ, რომ აბაშიძის ერთგული დუმბაძე თავად“ბატონმა მოაკვლევინა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ბევრს აღიზიანებდა აბაშიძისადმი დუმბაძის ერთი შეხედვით ძაღლური ერთგულება, მიაჩნიათ, რომ ეს იყო არა მონური, არამედ იძულებითი ქმედება. როდესაც დუმბაძე აბაშიძის მითითებით სატელევიზიო ინტერვიუებს იძლეოდა, აჭარის დიქტატორის დაცვა მის ოჯახში იქამდე იჯდა, სანამ გენერალი დირექტივებს ზედმიწევნით არ შეასრულებდა. იმასაც ამბობენ, რომ რომან დუმბაძეს აბაშიძის ვალი ჰქონდა, შვილი მძიმე ავადმყოფი ჰყავდა და მის გადასარჩენად 150.000 დოლარი სწორედ ასლანმა მისცა, რის შემდეგაც ვალდებული იყო, მისი ერთგული ყოფილიყო, თუმცა, ასლანმა სანაცვლოდ მონობა მოსთხოვა. ამიტომაც არსებობს ვარაუდი, რომ რომან დუმბაძე აბაშიძის მძევალი იყო, ამასთან, მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გაეთქვა, მაგრამ სავარაუდოდ, გენერალს ყელში ამოუვიდა დუმილი, ისიც, რომ მისი ოჯახი ბათუმში ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა და“აბაშიძისგან თავის დაღწევა სცადა. სანაცვლოდ კი სიკვდილი დაიმსახურა.
რა ვერსიაც უნდა ითქვას, საეჭვოა, რომელიმეს მართებულობა ზუსტად დადგინდეს.
მას შემდეგ, რაც დუმბაძე ერის მოღალატედ შერაცხეს, არაფერი თქმულა იმის შესახებ, რომ თავის დროზე აფხაზეთის ომში, როცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა კონფლიქტში მონაწილეობის წინააღმდეგი იყო, რომან დუმბაძემ 150 მეომრისგან შეკრიბა რაზმი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
"ბევრი გვინახავს სამივე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ისეთი, რომლებსაც მოღალატეს არავინ არქმევს იმიტომ, რომ პრინციპები არ გააჩნიათ და უსინდისოდ იცვლიან ტყავს იმის მიხედვით, როდის როგორ სჭირდებათ," - თქვა არაოფიციალურ საუბარში რომან დუმბაძის ერთ-ერთმა ახლობელმა და აბაშიძის მთავრობის ყოფილმა წევრმა, რომელმაც კატეგორიული უარი თქვა, ვინაობა საჯაროდ გაემხილა.