კეზერაშვილის ყოფილი მოადგილე -

კეზერაშვილის ყოფილი მოადგილე - "ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულებრივი ორგანიზაციაა"

"მე კეზერაშვილის მოადგილეობიდან და ოპერატიულის უფროსობიდან იმიტომ წამოვედი, რომ მინდოდა თუ არა, უნდა ვყოფილიყავი თანამონაწილე იმისა, რასაც ეგენი აკეთებდნენ. უნდა მცოდნოდა ყველა ის საქმე, რითაც ფულის მობილიზებას ახდენდნენ. ფულის მობილიზებას "ნაციონალებისთვის" აკეთებდა ფინანსური პოლიცია. არ ვიყავი მათთვის სანდო პირი და შესაბამისად არ მახედებდნენ, ეს ფული საიდან და როგორ მოდიოდა", - აცხადებს ფინანსურ პოლიციაში დავით კეზერაშვილის ყოფილი მოადგილე სერგო ჯავახაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მიზეზი, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გაუქმდეს.

"როგორც კი შეიქმნა ფინანსური პოლიცია და კეზერაშვილი დაინიშნა უფროსად, ერთადერთი დავალება ზემოდან ის იყო, რომ პარტიისთვის მომხდარიყო ფულის მობილიზება, ოღონდ ეს ხდებოდა ადგილობრივი ბიზნესის დაყაჩაღების ხარჯზე. სხვათა შორის, მეც მქონდა რამდენიმე საქმე. მაგალითად, გოგი ლიპარტელიანს ჰქონდა რაღაც დარღვევები აქციზთან დაკავშირებით, გოგი თოფაძეს ჰქონდა, მაგრამ არც ერთი არ დამიყაჩაღებია, მე მათ ვთხოვდი, რაც იყო ბიუჯეტის დავალიანება. ჩემი წამოსვლის შემდეგ ციფრები გაათმაგდა და გაოცმაგდა. ესენი შევარდნაძის პერიოდში ჩათვლებს აკეთებდნენ, მაგრამ მე როგორც კი მოვედი, დავუძახე, პირადად შევხვდი და საქმე მოვაგვარე. ამის შემდეგ ათმაგი მოსთხოვეს - გამოვიდნენ და თვითონ ილაპარაკონ. მე ამ თანამდებობაზე 7 თვეს გავძელი, მერე გადავედი ისანი-სამგორის საგადასახადოს უფროსად, ბოლოს კი თბილისის საგადასახადოს უფროსად. ფინანსური პოლიცია თავიდან მე გავაკეთე, კადრები ჩემს ხელში გადიოდა. ძალიან ძნელი იყო - მაგ პერიოდში მე ვითვლებოდი ჟვანიას კადრად და რა ფინანსური დინებებიც შემდეგ დაიწყო, ამაში უკვე აღარ მენდობოდნენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგო ჯავახაძე.

"გორის ფინანსური პოლიციის უფროსი გავათავისუფლე დაუკითხავად, საკმაოდ სერიოზული მიზეზი იყო და უკან არ დავიხიე. ჩემი აზრით, ის ოქრუაშვილი კადრი იყო, მან კეზერაშვილს უთხრა და ამის გამო დაიძაბა სიტუაცია. ამბობენ, თითქოს ჩვენ კაბინეტში ვიჩხუბეთ - კონფლიქტი იყო, მაგრამ ერთმანეთს ხელით არ შევხებივართ. მოკლედ, მაშინ პრეზიდენტისგან მოდიოდა დირექტივები: დაიჭირეთ 5 კაცი, დაიჭირეთ 10 კაცი, მე ამის გაკეთება ნამდვილად არ შემეძლო, არადა, ესენი ამას დაჟინებით ითხოვდნენ. თავიდან ფინანსური პოლიცია ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, მაგრამ როგორც კი კეზერაშვილი პრეზიდენტის ნომენკლატურა გახდა, ამ თანამდებობაზე ადამიანს ნიშნავდა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. კეზერაშვილს მინისტრის რანგი ჰქონდა, მაგას ზურაბ ნოღაიდელი ვერასოდეს ვერ მოხსნიდა. ახლა სააკაშვილი თვითონ აღიარებს, რომ ეს ადამიანი იყო "ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებელი - მეც ვეთანხმები, მაგრამ ის დამფინანსებელი იყო თავიდანვე, როგორც კი სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. კეზერაშვილის ხელში ფინანსური პოლიცია უკვე იყო დანაშაულებრივი სტრუქტურა", - დასძენს ფინანსური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე.

"რაც შეეხება გამოძიებას, რაღაც-რაღაცებზე საქმეებიც არის აღძრული, ფინანსური პოლიცია ძალიან ბევრ ბიზნესს ლობირებდა - სპირტით დაწყებული, საწვავით დამთავრებული, მაგრამ იარაღი უკვე სხვა რამეა, ეს საერთაშორისო დანაშაულია და აქ აღძრული საქმეები გაუფერულდა. საქართველოში არც ერთი ბიზნესი არ კეთდებოდა ფინანსური პოლიციის გარეშე - ვისაც უნდოდათ გააჩერებდნენ, ვისაც უნდოდათ, საერთოდ გაატყავებდნენ. კეზერაშვილს კონკრეტული სეგმენტი არ ეკავა, ის აკონტროლებდა ყველაფერს. საიდანაც სჭირდებოდათ, იქიდან იღებდნენ თანხებს. მე რომ არაფერი ვთქვა, ისედაც ძალიან ბევრი ბიზნესმენი გამოჩნდა დაზარალებული და გაუბედურებული. ბიზნესმენი "ნაციონალების" მხარდამჭერი თუ იყო, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, კეზერაშვილი მოსთხოვდა 3 მილიონს თუ 10 მილიონს და კაი დედმამიშვილი იყო, არ მიეტანა. რად უნდოდა ამას აქტი, რად უნდოდა ამას საკანონმდებლო რევიზია და ასე შემდეგ? დაავალებდნენ და მიიტანდნენ", - აცხადებს სერგო ჯავახაძე და შეკითხვას - "შენ კონკრეტულად რა საქმეზე დაჭირიეს?" - პასუხობს:

"სიმართლე გითხრა, დღემდე ვერ გავარკვიე, ჩემი დაჭერის უკან ვინ იდგა, მაგრამ საბოლოო ჯამში საქმე შეაკერინეს ფინანსურ პოლიციას. ჩემს საქმეს რომ გადახედო, აბსურდია. მე ვფიქრობ, საბაჟო ტერმინალ "ოპიზას" ხელში ჩაგდების მიზნით დამიჭირეს. მართალია, მე ვიყავი საგადასახადოს უფროსი, მაგრამ ინფორმაცია "ოპიზაში" უფრო მეტი იყო, თუ ვინმეს რამე შემოჰქოდა, ყველა შემოდიოდა და მეუბნებოდა: აი, ჩვენ მალე უნდა გაგვიშვა, რადგან ტვირთი ამას და ამას ეკუთვნისო - ყველა ასახელებდა, ამ ტვირთების უკან ვინ იდგნენ. დავუშვათ, გენპროკურორს შემოჰქონდა საქონელი, მე რატომ უნდა მცოდნოდა ამის შესახებ? როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ინფორმაცია დამიგროვდა და დამიჭირეს. მერე "ოპიზა" წაიღო ფინანსურმა პოლიციამ და თვითონ გახსნეს ახალი ტერმინალი კახეთის ტრასაზე, "პეპელასთან". იქ უკვე ფინანსური პოლიციის ტიპები იყვნენ ხელმძღვანელები. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", გამოდის, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. ალბათ უამრავი ბიზნესმენი დაადასტურებს და მისცემს ჩვენებას, როგორ "ახევდნენ" მილიონებს".