უდავოდ ბევრს წაუკითხავს ე.წ. "დალესის პროგრამა". მის პირველწყაროდ 1948 წლის 18 აგვისტოს საგარეო დაზვერვის №20/1 მემორანდუმიც სახელდება.ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ის არის, რომ ამ სატანური პროგრამის ძირითადი პუნქტები თავიდან ბოლომდე განხორციელდა საქართველოში და დღეს ამის შედეგად ჩვენი ქვეყანა გადამწვარი სახლის იმ ცნობილ ასოციაციას იწვევს, სადაც მხოლოდ ბუხარი და მისი საკვამურია ასვეტილი, რომელიც მის ცოცხლად დარჩენილ პატრონებს ჯერ ბოლომდე არ მიუტოვებიათ. მოდით, კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ შავით თეთრზე დაწერილი ამონარიდი იმ უბედურების შესახებ, რაც დაგეგმეს და შემდგომ დაგვმართეს ჩვენმა ვითომ კეთილისმსურველებმა:
“საბჭოთა კავშირში ჩვენ დავთესავთ ქაოსს, შეუმჩნევლად შევცვლით ზნეობრივ ფასეულობებს და ვაიძულებთ მოსახლეობას, ირწმუნოს ყალბი ფასეულობანი. თანამოაზრეებსა და თანაშემწეებს ვიპოვით ხელმძღვანელობაში. ეპიზოდურად, ერთმანეთის მიყოლებით გავითამაშებთ გრანდიოზული მასშტაბის ტრაგედიებს, რომელთაც ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის დაღუპვა, მისი თვითშეგნების შეცვლა და საბოლოოდ გაქრობა, მისი ეკონომიკის სტაგნაცია და განადგურება მოჰყვება.
ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ იმ შემოქმედებით ინტელიგენციას, რომელიც ადამიანთა შეგნებაში შეიტანს სექსის, ძალადობის, ღალატის, ბეზღობის კულტს.
სახელმწიფოს მართვაში დავამყარებთ ქაოსსა და განუკითხაობას, ჩვენს მომხრეებს შევუქმნით ყალბ ავტორიტეტს. პატიოსნებასა და წესიერებას ისე გავამასხარავებთ, რომ ისინი აღარავის დასჭირდება და წარსულის გადმონაშთად იქცევა. შეუმჩნევლად დავნერგავთ თავხედობას, მატყუარობას, ლოთობას, ნარკომანიას, ცხოველურ შიშს ერთმანეთის მიმართ, უპასუხისმგებლობას, ღალატს, ნაციონალიზმსა და მტრობას ადამიანებს შორის. უპირველეს ყოვლისა - მტრობასა და ზიზღს რუსი ხალხის მიმართ.
ყოველივე ამას დავნერგავთ მოხერხებულად, და ფარულად ისე, რომ ცოტანი თუ მიხვდებიან, რა ხდება. ვინც მიხვდება, ჩავაყენებთ უმწეო მდგომარეობაში, გავხდით სასაცილოს, ცილს დავწამებთ, ნაძირალად და საზოგადოების მტრად გამოვაცხადებთ... ადამიანის ტვინი უცვლელი არ არის, ამრიგად, ჩვენ შევარყევთ თაობიდან თაობებს, ადამიანებს შევარჩევთ ჭაბუკური წლებიდან, ყურადღებას გავამახვილებთ ახალგაზრდებზე, გავრყვნით და გავრხწნით მათ - გადავაქცევთ ჩვენი გავლენის აგენტებად, კოსმოპოლიტებად... ასე გავაკეთებთ ამას!”
ისე აგვიხდეს ყველაფერი კარგი, როგორც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ეს გეგმა ასე სინქრონულად განხორციელდა საქართველოში. მოხდა ეკონომიკის არა თუ სტაგნაცია, არამედ უფრო მეტიც, თითქმის მთელი ქართული ინდუსტრიის განადგურება, რომელშიც ასი ათასობით ადამიანი მუშაობდა, ეს იქნებოდა მეტალურგია, ავიამშენებლობა, გემთმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ელმავალთმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა, სამშენებლო მასალების წარმოება, საოკეანო ფლოტი თუ სხვა დარგები, რომლებსაც სჭირდებოდა წარმოების მოდერნიზება, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მორგება და არა მათი სრული გაპარტახება და უნიკალური დაზგა-დანადგარების კაპიკების ფასად უცხოეთში გაყიდვა ან ჯართად გატანა.
თითქოს, ვიღაცის უხილავი, ჯადოსნური ხელით მოხდა ეს ყველაფერი ისე, რომ დღეს პასუხისმგებელი არავინ არ არის. არადა, მოვლენები იმ ჩარჩოში ექცევა, რაც აღწერილი აქვს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის ჩინოვნიკს ჯონ პერკინსს თავის წიგნში ”ეკონომიკური მკვლელის აღსარება” და ნობელის პრემიის ლაურეატს ჯოზეფ სტიგლიცს ნაშრომში ”გლობალიაზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება”, რომლებშიც მხილებული აქვთ დასავლეთის ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკის არსი, რამაც მესამე სამყაროს ქვეყნები სრულ გაპარტახებამდე და გაღატაკებამდე მიიყვანა.
ამაში არც არაფერია განსაცვიფრებელი. დასავლეთის ფინანსური წრეები და სტრუქტურები საკუთარი ტრანსაციონალური კომპანიებისა და საბანკო კარტელების ინტერესებს იცავენ, რომლებსაც სრულიად არ სჭირდებათ მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე ახალი კონკურენტები წარმატებული ინდუსტრიული ქვეყნების სახით. მათი ხალხებისათვის განკუთვნილია, მაქსიმუმი, ნედლეულის მიმწოდებლად და იაფ მუშახელად ყოფნა დასავლეთის მიერ წარმოებული პროდუქტის მყიდველ-მომხმარებლის როლში. დიდსულოვნად მხოლოდ ტურიზმის განვითარების ინსტრუქცია გადმოგვეცა, რასაც ნუ დავუკარგავთ და ნაცრეჟიმი ნამდვილად ცდილობდა რომ განვითარებულიყო, მაგრამ მხოლოდ ტურიზმი, რომ მილიონობით მუშახელს ვერ დაასაქმებს და ეკონომიკას ფეხზე ვერ დააყენებს, ეს არა მარტო საქართველოს, არამედ თუნდაც ესპანეთისა და საბერძნეთის მაგალითითაც კარგად ჩანს.
ვისაც კონკრეტული მტკიცებულება და მოწმე სჭირდება აქ გამოთქმულ შეხედულეებში დასარწმუნებლად, მან აუცილებლად უნდა ნახოს ქვემოთ მითითებული დოკუმენტური ვიდეო-ფილმი ზემოთ ხსენებული ჯონ პერკინსის შესახებ, მე მხოლოდ მის ერთ ფრაზას ვთარგმნი: ”ჩვენ პატარა ექსკლუზიურ კლუბს წარმოვადგენთ. ჩვენ გვიხდიან და კარგადაც გვიხდიან მთელ მსოფლიოში ქვეყნების მილიარდობით დოლარში მოტყუებისთვის. ჩვენი მუშაობის დიდი წილი შედგება მსოფლიო ლიდერების დარწმუნებაში გახდნენ მონაწილე ამერიკული კომერციული ინტერესების ფართო ქსელის განვრცობისა. ბოლოს და ბოლოს ეს ლიდერები გამოჭერილნი უნდა იქნენ ვალების აბლაბუდის იმ მახეში, რომელიც მათი ლოიალურობის გარანტიას იძლევა”. http://www.youtube.com/watch?v=LCyJLOISK_o
ამ მომენტისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალია 9 მილიარდ 370 მილიონი ლარი. ბოლო წელს გაიზარდა 257 მილიონით, ხოლო 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო ვალი 2014 წლის ბოლოსთვის იქნება 10 მილიარდ 410 მილიონი ანუ 2014 წელს იგი გაიზრდება 1 მილიარდ 40 მილიონი ლარით. ამას ემატება 600 მილიონი ლარი შიდა ვალი. ეს უკვე სახელმწიფო ბიუჯეტზე ბევრად მეტია და ქვეყნის მშპ-ის ღირებულების 40%-ზე ადის.
2013-2014 წლებში საქართველოს მთავრობას 1 600 000 000 ლარის საგარეო ვალის გადახდა უწევს, ანუ რეალურად 8 მილიარდიანი ბიუჯეტის შემოსავლების 20% საგარეო ვალების გასტუმრებაში იხარჯება. ამის შედეგად მთავრობა შიდა სახაზინო ვალდებულებებს ვერ ისტუმრებს და სწორედ ამიტომაც ახალი ვალების აღების წრეზე მუდმივ ტრიალს იწყებს.
ეს არის სწორედ დასავლეთის საფინანსო სტრუქტურების გავლით მის უკან მდგომი დასავლური ჰეგემონური ინტერესებისადმი სუვერენული ქვეყნის მორჩილებისა და მისი მარიონეტად ქცევის უნივერსალური მაგალითი, რისი ხელშემწყობნიც სწორედ ის ლიბერალისტური მთავრობები და მათი დამღუპველი პოლიტიკის გამთეთრებელი ის სულგაყიდული ექსპერტები არიან, რომლებსაც სწორედ ამგვარი საქმიანობისთვის ქვეყნის ხარჯზე ელიტარულ კორუფციაში გახვევის პრივილეგია ეძლევათ (აბა, დაუკვირდით, ძირითადად სწორედ დასავლურ გრანტებზე შემომჯდარი ეს ექსპერტები მოდიან მთავრობაში და თუ მთავრობის ჩანაცვლება ხდება, ისინი ისევ პროდასავლურ ექსპერტობას უბრუნდებიან) და პარალელურად საკუთარი გაღატაკებული ხალხის მასხრად აგდებით იმხელა ხელფასებსა და პრემიებს იწერენ, რომ ერთი წლის ოფიციალური შემოსავლებით ფუფუნებით ცხოვრების გარდა ძვირადღირებული ბინებისა და მანქანების ყიდვასაც ახერხებენ.
სამაგიეროდ, 2012 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 8%–ს აქვს ფულადი დანაზოგი, 43%–ს აქვს ამა თუ იმ სახის ვალი, ხოლო სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 4% აცხადებს, რომ მათ დანაზოგი აქვთ. მოსახლეობის ნახევარზე მეტი რეალურად სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება, ხოლო გაეროს მონაცემებითაც კი, საქართველოში ყოველწლიურად 350 ბავშვი შიმშილით კვდება, ხოლო 77 000 ბავშვი შიმშილობს.
2013 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9 მლრდ. 681 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 2 მლრდ 618 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 7 მლრდ. 064 მლნ. აშშ დოლარს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ნოემბერში 4 მლრდ. 446 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტსა და იმპორტს შორის ასეთი მასშტაბური სხვაობის მიზეზი სწორედ საქართველოს ეკონომიკის ის დეინდუსტრიალიზაცია და სრული განადგურებაა, რომელზეც ზემოთ ვლაპარაკობდით, ხოლო ვაიეკონომისტების ის არგუმენტები, რომ პატარა ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს განვითარებული მძიმე მრეწველობა, რომელიც მისი ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების საფუძველია, აქარწყლებს სწორედ უამრავი პატარა ქვეყნის ტექნოლოგიურად განვითარებული სამრეწველო წარმოების წარმატებული მაგალითი. მათ ჩამონათვალში შეგვიძლია შევიყვანოთ ჩეხეთი, დანია, ისრაელი, შვეიცარია, ჰოლანდია, ფინეთი და სხვა, რომელთა ნაწილი გამორჩეულია სამხედრო დანიშნულების მქონე მძიმე ტექნიკის წარმოებითაც კი.
მაშასადამე, თუ გვინდა რომ გვეშველოს, უნდა შევთანხმდეთ, რომ მომხმარებელი ერიდან უნდა ვიქცეთ მწარმოებელ ერად, რომლის ყველანაირი წინაპირობა ჯერ კიდევ არსებობს, როგორც მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის მქონე კადრების არსებობით, ისე წარმოებისათვის აუცილებელი ნედლეულისა და მისი გადამმუშავებელი მრეწველობის დარგების განვითარების რეალური პერსპექტივით. ამას დამატებული ჩვენი პროდუქციის გასაღების რუსეთის 150 მილიონიანი ბუნებრივი ბაზრის არსებობა და მასთან დაკავშირებული კოოპერაციული წარმოების გამოცდილება და შესაძლებლობა, რომელიც ნაცრეჟიმის იდეოლოგიზირებული პოლიტიკის წყალობით წლების მანძილზე ჩაკეტილი და აკრძალული იყო საქართველოსთვის, რამაც ქართული სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების სრული გაკოტრება გამოიწვია.
უკანასკნელმა 20-წლიანმა პროცესებმა მაინც ხომ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების გარეშე, ის თავისით ვერ გამოცოცხლდება. როგორც დასუსტებულ და სისხლნაკლულ ადამიანს სჭირდება საჭირო რაციონის მიღება და ინექციები, ისე ჩამკვდარ ეკონომიკურ ურთიერთობებს ესაჭიროება უპირველეს ყოვლისა საკრედიტო-ფინანსური ინექციები. ჩვენ კი ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ საბანკო სისტემა შიდა კარტელური გარიგების საფუძველზე საკუთარი გაუმაძღარი მადის დასაკმაყოფილებლად მსოფლიოში გამორჩეულია მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაწესებით და იმის ნაცვლად რომ ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის სამსახურში იდგეს, მოსახლეობის ფართო ფენების ოფიციალური ძარცვის ინსტრუმენტად არის ქცეული. სესხები ძირითადად გაიცემა არა პერსპექტიული ბიზნესპროექტების დასაფინანსებლად, არამედ მოსახლეობის სამომხმარებლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ანუ უცხოური საქონლის შესყიდვის დასაკრედიტებლად, რათა იმავე მოსახლეობის ამ არადამიანური პროცენტებით დაბეგვრის გზით ასობით მილიონი დოლარის ყოველწლიური მოგებით შეივსოს ერთი მუჭა საბანკო კასტის პირადი ყულაბები. ეს მაშინ, როცა ეროვნულ ბანკს შესაბამისი ლეგიტიმაცია გააჩნია, რომ მინიმუმადე შეამციროს სამომხმარებლო სესხების გაცემის კვოტა წარმოების დაფინანსების კვოტის გაზრდის ვალდებულების დაწესებით.
ამავე დროს, სახელმწიფომ ბიუჯეტის ხარჯზე უნდა შექმნას ბიზნესის განვითარების ფონდი იმ სამრეწველო ობიექტების დასაფინასებლად, სადაც ათასობით ადამიანიც დასაქმდება და ამავე დროს, უახლოეს წლებში ქვეყნის ეკონომიკისათვის დიდი უკუმოგების მომტანიც იქნება. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნოდ დაანონსებული მრავალმილიარდიანი ფონდების შედეგიანი მუშაობის შესახებ ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი გვსმენია.
დღეს, როცა აღფრთოვანებულნი ვართ სამხრეთ კორეის, კუვეიტის, ტაივანის თუ ჩინეთის მოკლე დროში ეკონომიკური სასწაულებით, ეს მხოლოდ ბიზნესის განვითარების სამართლებრივი საფუძვლების შექმნით ან უცხოური ინვესტიციების შედინებით არ მომხდარა, სწორედ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებისა და პროგრამების წყალობით მოხერხდა უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყნებში ეროვნული სამამულო წარმოების აღორძინება. ამის შესახებ უამრავი დასაბუთებული მასალაა ინტერნეტში, რომლებიც სრულიად ეწინააღმდგებიან ჩვენი იმ ლიბერალისტი ექსპერტების თეორიებს, რომლებიც ბიზნესს სარეველა ბალახს ამსგავსებენ, რომელიც ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე ასფალტზეც კი ამოვა, ოღონდ სახელმწიფო ხელს ნუ შეუშლისო .
ის 60 მილიონი ლარი, რომლითაც ეს მთავრობა ამაყობს, რომ გასულ წელს დაიხარჯა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვისო, არის სამარცხვინოდ მცირე რაოდენობის იმ ქვეყნისთვის, რომელსაც იმპორტ-ექსპორტს შორის ასეთი მასშტაბური უარყოფითი სალდო აქვს, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებითა და რეალური უმუშევრობის დონით კი ჩამორჩენილი ქვეყნების რიგებში მტკიცე ადგილი უკავია. ამიტომაც განსაცვიფრებელი არაფერია, რომ ეკონომიკური აქტივობა ეცემა, ვითარდება ინფლაციური პროცესები, ხოლო ცხოვრების ყველა სფეროში მოსახლეობის ყველაზე რეპროდუქციული ნაწილი საზღვარგარეთ გარბის ან გაქცევის გზებს ეძებს. სამაგიეროდ, ასევე სამარცხვინოა რომ მთავრობის ბიუროკატიული აპარატი გასულ წელს 110 მილიონს ხარჯავს ძვირადღირებული მანქანების შესაძენად, რითაც აშკარად იკვეთება დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტები - ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისათვის ზრუნავს, თუ საკუთარი საჯდომის კომფორტულად განთავსებისთვის.
აი, ასეთი მძიმე ეკონომიკური მაჩვენებლების მქონე საქართველო გასული წლის ნოემბრის ბოლოს ხელს აწერს ევროკავშირთან ასოცირების პარაფირების ხელშეკრულებას. როგორც ამბობენ, ეს არის 900 გვერდიანი დოკუმენტი, რომლის შესწავლა დაინტერესებული ადამიანისათვისაც არ იქნება იოლი საქმე, მაგრამ მოკლედ მაინც რომ აეხსნა მთავრობას მოსახლეობისათვის კონკრეტულად რას გვთავაზობს ევროპა და რა პერსპექტივები გააჩნია საქართველოს ამ ყბადაღებული ასოცირებით, ეს ვალდებულება მას ნამდვილად გააჩნდა. და მაინც, აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ იმით მსჯელობა, რამაც გამოჟონა მედიასაშუალებებში და რა შეფასებებიც გაკეთდა ზოგიერთი კომპეტენტური პირის მიერ, ზოგადი წარმოდგენის ჩამოყალიბება მაინც შეიძლება.
ასოცირების ხელშეკრულება შედგება ოთხი ძირითადი თავისგან, რომლებიც მოიცავს ერთობლივ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, სამართალს და საშინაო საქმეებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს. მეოთხე თავი რამდენიმე საკითხს ეხება - მათ შორის, გარემოს დაცვას, მეცნიერებას, ტრანსპორტს და განათლებას.
რახან, ზემოთ ეკონომიკაზე გვქონდა საუბარი, მოდით ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ ვისაუბროთ. მარტივად გასაგები რომ იყოს, ეს ნიშნავს საბაჟო გადასახდელების გარეშე ევროკავშირის ქვეყნებთან საქონელბრუნვის შემოღებას. მაგრამ საქართველოს 2001 წლიდან აშშ-თან შეღავათიანი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს დადებული, ხოლო 2005 წლიდან ე.წ. EU GSP+-ის სქემით სარგებლობს უფლებით ევროკავშირში უბაჟოდ შეიტანოს 7200 სახეობის პროდუქცია, რითაც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთია იმ 15 ქვეყნიდან, რომელთაც გააჩნიათ ამგვარი პრივილეგია.ევროპიდან იმპორტირებული საქონელი კი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით ჩვეულებრივად იბეგრება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოდან ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა 2012 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 მლრდ. 780 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი მხოლოდ 353 მლნ აშშ დოლარი იყო, ანუ საერთო ბრუნვის დაახლოებით 10%. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროპის ქვეყნების წილმა კი 27 პროცენტი შეადგინა.
ეს ციფრები გვიჩვენებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება, რასაც ითვალისწინებს ევროკავშირში საქართველოს ასოცირება, არათუ რაიმე უკეთესობის მომტანი იქნება ეკონომიკური კუთხით, არამედ, პირიქით, ევროპიდან იმპორტის ხელშემწყობი გახდება იმ მცირე ექსპორტის ხარჯზე, რაც საქართველოს ევროპულ ქვეყნებთან გააჩნია.
ყველაზე ხშირად საქართველოს GSP+-ით სისტემით გათვალისწინებული შეღავათების აუთვისებლობის გამო აკრიტიკებდნენ, რადგანაც შესაძლო 7200 პროდუქტიდან ექსპორტზე მხოლოდ 100-მდე სახის ნაწარმი გადის. ევროკავშირთან სავაჭრო პარტნიორობისათვის არსებობს რიგი მნიშვნელოვანი წინაპირობები: ევროკავშირის ბაზარი ღიაა მხოლოდ იმ პროდუქციისათვის, რომელიც აკმაყოფილებს ევროპის ბაზრისთვის განსაზღვრულ რეგულაციებს. ექსპორტს ევროპის მხრიდან სურსათის უსაფრთხოებაზე მკაცრი მოთხოვნებიც უშლის ხელს. საექსპორტო პროდუქტის საჭირო ფიტოსანიტარიულ კონტროლს კი ქართული მხარე ჯერ ვერ ახორციელებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო საკუთარი მრავალფეროვანი საქონლის წარმოებისა და მისი ხარისხის მხრივ, რაც დააკამაყოფილებს ევროპის ბაზარს, სრულიად მოუმზადებელია და მთავრობის მთელი ძალისხმევა აქეთკენ უნდა იყოს მიმართული, თორემ ევროპაში ასოცირება ჩვენი ეკონომიკის აღმავლობისთვის არაფრის მომცემი არ იქნება.
რაც შეეხება უცხოურ ინვესტიციებს, მისი რაოდენობის ზრდა ბოლო წლებში არ ხდება და წლის განმავლობაში მილიარდ დოლარსაც არ აღწევს. ეკონომიკის სექტორებში წილობრივი მონაცემების მიხედვით, წარმოების სფეროებში მათი კაპიტალდაბანდება საბანკო-სავაჭრო სექტორებთან შედარებით თითებზე ჩამოსათვლელი პროცენტებით განისაზღვრება.
სამწუხაროა, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დასავლეთის მიმართ დაახლოების პოლიტიკის მრავალწლიანი დიდი მცდელობისა, რაც გამოიხატება ნატოს საომარ ოპერაციებში აქტიური მონაწილეობით, რასაც ათობით ქართველი ჯარისკაცის მსხვერპლი მოჰყვა და ენერგორესურსებით ევროპის მომარაგების დივერსიფიკაციისთვისათვის ნავთობ და გაზმაგისტრალებისათვის დერეფნის დათმობით, რაც რუსეთთან დაპირისპირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიცაა, ევროპა საქართველოს ინვესტიციების სიდიდით მაინც არ ანებივრებს. ფინანსურ დახმარებას რაც შეეხება, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდგომ ნამდვილად მოიმატა დახმარების ოდენობამ, რაც ყოველწლიურად 300-400 მილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ მათი მიზნობრიობა ნამდვილად ეჭვს იწვევს, მითუმეტეს, საზოგადოებისათვის სრულიად უცნობია რისთვის იხარჯება ეს ფული.
ამას გარდა, არავინ იფიქროს, რომ მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყნები არ ეხმარებიან სხვა ქვეყნებს, სადაც გეოპოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ. მაგალითად, დასავლეთი ერაყს 4 მილიარდიან, ავღანეთს მილიარდნახევრიან, სუდანს 700 მილიონიან, პაკისტანს და კონგოს ნახევარ მილიარდიანს დახმარებას უწევს, ხოლო ჩინეთი ტანზანიას სამი მილიარდით, კამერუნს და ნიგერიას ორ-ორი მილიარდით ეხმარება და ასევე სხვა მრავალ ქვეყანასაც.
ევროპასთან ასოცირების სარგებლად მიიჩნევენ ევროკავშირში ვიზების მიღების გამარტივების შანსს, რაც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის გადაჭარბებული მოლოდინია. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა საკუთარ წევრებს 2007 წლიდან, ბულგარეთსა და რუმინეთს მხოლოდ წელს მისცეს უფლება ისარგებლონ ე.წ. შენგენის ვიზებით.
ერთი შეხედვით კარგია ევროპაში თავისუფლად გადაადგილებისა და მითუმეტეს, სამუშაოს მიღების უფლება. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ხომ ისედაც დემოგრაფიულად კატასტროფულ მდომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ყელში დანის გამოსმა იქნება. საქართველოში გამოკითხულთა 95% მზად არის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით საზღვარგარეთ საცხოვრებლად წავიდეს, მათ შორის იმ ადამიანების უმრავლესობაც, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ მცირე ხელფასების გამო უკმაყოფილოები არიან. მკვიდრი მოახლეობისგან ქვეყნის ამგვარი დაცლა კი საქართველოს სრული განქართველების საფუძველი გახდება, რომლის გამოსწორებაც უკვე შეუძლებელი იქნება.
95%-მა გამახსენა 1991 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, როცა მოსახლეობის 95%-ს, პირიქით, საქართველოს გარეთ ცხოვრება ვერ წარმოედგინა. ეს ციფრები ყველაზე აშკარა მტკიცებულებაა იმისა, ამ ოციოდე წლის განმავლობაში თუ რამხელა უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური მოვლენები განვითარდა საქართველოში, რომლის შედეგადაც ხალხში ამგვარი დამღუპველი ფსიქოლოგიური განწყობა დამკვიდრდა.
თავად ასოცირების ხელშეკრულებიდან ევროკავშირის წევრად გახდომამდე გარკვეული ვადა საერთოდ არ არის დანიშნული და ეს საკითხი, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ევროკავშირის მიერ წყდება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. მაგალითად, ხორვატიას 12 წელი დასჭირდა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, რომ 2013 წელს ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, ხოლო თურქეთმა 1962 წელს გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება, მაგრამ მისი წევრობა ვერანაირად ვერ დაიმსახურა. ძირითად მიზეზად ექსპერტები მიიჩნევენ იმას, რომ თურქეთი 80 მილიონიანი ისლამური ქვეყანაა და ისედაც ისლამური ემიგრაციის მოზღვავებით უამრავი პრობლემის მქონე ევროპა თურქეთიდან მოსალოდნელ მასშტაბურ ემიგრაციას თავს არიდებს.
რაც შეეხება საქართველოს, სანამ დასავლეთის მიერ რუსეთი პოტენციურ გეოპოლიტიკურ მოწინაღმდეგედ მოიაზრება, მანამ მისი ფაქტორი ევროპის მიერ გათვალისწინებული იქნება საქართველოსთან ურთიერთობების განსაზღვრისას. ხოლო ის რომ, რუსეთთან კონფრონტაციას ევროპა გაურბის მასთან მიმართებაში საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების გამო, ეს კარგად გამოჩნდა აგვისტოს ომის დროს და მას შემდეგაც, როცა რუსეთი საქართველოს ისე ეპყრობა, როგორც მაძღარი კატა თაგვს.
თავად ევროკავშირში სადღეისოდ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 84 მილიონი ადამიანი, ანუ მისი მოსახლეობის 17%, ევროპის კრიზისიდან გამოსვლის პროცესი გაგრძელდება უახლოესი 10 წელი. ამავე დროს, ევროკავშირში ამჟამად უმუშევარია 26 მილიონი ადამიანი. აღნიშნული განცხადება გააკეთა გასული წლის ოქტომბერში ვილნიუსში კონფერენციაზე ევროკავშირის სოციალურ-ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ ლუკა ჯახერმა. კონფერენციის მსვლელობისას გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემიც, რომ ევროგაერთიანების იდეის სწამს ევროკავშირის მოსახლეობის მხოლოდ 31%-ს.
ევროკავშირის საპირისპიროდ კი, შექმნის პროცესშია ევრაზიული კავშირი, რომლის ინიციატორები არიან რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი, ხოლო წევრობის რეალური კანდიდატები სომხეთი, შუა აზიის რესპუბლიკები და უკრაინაში მიმდინარე ბოლო პროცესების ანალიზით უკვე შეიძლება დავასკვნათ, რომ უკრაინაც თავის მომავალს ევრაზიულ გაერთიანებას უკავშირებს.
არავინ უარყოფს, რომ ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა გადაჯაჭვულია რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან, ისევე როგორც ამერიკისა და დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება ევროკავშირისა და ნატოს სამხედრო გაერთიანება, ასევე, მაგალითად, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია-თავისუფალი ვაჭრობის ჩრდილოამერიკული ზონა, რომელშიც გაერთიანებულია აშშ, კანადა და მექსიკა. იგი შეიქმნა 1992 წელს და ძალაშია 1994 წლის 1 იანვრიდან. ანალოგიური ორგანიზაციები გააჩნიათ აზიურ სახერლმწიფოებს და მათ შორის კონკრეტულად არაბულ სახელმწიფოებს. ერთ-ერთ გაერთიანებაში საქართველოც არის შესული, თუ გახსოვთ, გუამის სახელით რომ ფუნქციონირებს.
ასე რომ, სახელმწიფოთა ინტეგრაციული პროცესები ბუნებრივი მოვლენაა და ეს მათ ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესებს გამოხატავს. გაერთიანება კი მაშინ არის ძლიერი, როცა მასში შემადუღებელ როლს ასრულებს რომელიმე ჰეგემონი ქვეყანა, რომელიც ამ გზით მსოფლიოს ერთ-ერთ პოლიტიკურ პოლუსს ქმნის, რაც თანამედროვე სამყაროს კანონზომიერი მოვლენაა, რადგან ერთპოლარული მსოფლიოს ეპოქა აშშ-ის დომინირებით, ჩინეთისა და რუსეთის სულ უფრო მზარდი გეოპოლიტიკური ძალისა და პოზიციების გამო, უკვე ანაქრონიზმს წარმოადგენს და წარსულს ბარდება.
საერთაშორისო ურთიერთოებებში რეალპოლიტიკის მთავარი პრინციპების მიხედვით გეოპოლიტიკურ სივრცეებს რომ ისტორიულ-გეოგრაფიული გავლენის ზონები წარმოშობენ, ეს, ვინც ცოტათი მაინც ერკვევა მსოფლიოს პოლიტიკური სისტემის მოწყობის ელემენტარულ საკითხებში, მისთვის სადავო არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, უკრაინის შესვლას ევრაზიული კავშირის შემადგენლობაში, ამ კავშირის მსოფლიოსთვის ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ პოლუსად ჩამოყალიბებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი ეკისრება. უკრაინის დაკარგვა ნიშნავდა რუსეთისა და ევრაზიული კავშირისათვის საბოლოო ჯამში სევასტოპოლის დაკარგვას, რაც შავი ზღვის აკვადორში მისი საზღვაო და სახმელეთო ძალებისათვის გასასვლელის გადაკეტვას გამოიწვევდა, რასაც თავისთავად ნატოს ფლოტილია დაიკავებდა. ეს იქნებოდა უდიდესი დარტყმა რუსეთის ფორპოსტის ქვეშ მყოფი გაერთიანების პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესებისათვის, რომლის ნება მიმართულია კავკასიაში შემოჭრილი დასავლეთის ინტერესების ალაგმვისაკენ, რომელიც თავის მხრივ ცდილობს კავკასიის დერეფნით გზა გაჭრას შუა აზიის უმდიდრესი ენერგეტიკული რესურსებისაკენ, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება და 90-იანი წლების პოლიტიკური დეგრადაციისგან განთავისუფლების შემდეგ, მის შენარჩუნებას თავდაუზოგავი ბრძოლით ცდილობს.
სწორედ ამიტომაც უკრაინის მიმართ მოქნეულ მათრახს, რაც მისთვის დაგეგმილ ეკონომიკურ ემბარგოსა და ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსულ ოლქებში სეპარატისტული მოძრაობის საფრთხის წარმოჩენაში გაცხადდა, მოაყოლა 15 მილიარდ დოლარიანი თაფლაკვერი, ანუ მათრახისისა და თაფლაკვერის ნაცადმა პოლიტიკამ გაამართლა, რასაც დასავლეთმა ვერანაირი წონადი ღონისძიება ვერ დაუპირისპირა, თუ რაიმედ არ ჩავთვლით უკრაინისთვის 700 მილიონი ევროს სამარცხვინო კომპენსაციის შეპირებას.
უკრაინისთვის ბრძოლაში გამარჯვებით, ფაქტია, რომ რუსეთმა კიდევ ერთი გეოპოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა ევრაზიული მსოფლიო გეოპოლიტიკური პოლუსის შექმნის გზაზე. ამ ბატალიებში უკრაინის პრეზიდენტის, იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის გადაწყვეტილება, რაც გამოიხატება ევროკავშირში უპირობოდ შესვლაზე უარის თქმასა და ევრაზიულ კავშირთან დაახლოების პოლიტიკაში, არის სწორედ უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკის წარმოება.
პროდასავლური უკრაინული ოპოზიციის ზეწოლის შედეგად უკრაინის მთავრობის პოზიციების შეცვლის შემთხვევაში უკრაინა სეპარატისტული და სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დადგებოდა და ამავე დროს, ეკონომიკური კრახის გამო მილიონობით უმუშევარ თანამოქალაქეს მიიღებდა. ეს ყველაფერი კი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთოდ, მის სახელმწიფოებრიობას დიდ საშიშროებას შეუქმნიდა.
ამ მოვლენების ანალიზის შემდეგ, ვინც უკრაინის ხელისუფლებას კვლავ საკუთარი ქვეყნის ღალატში დებს ბრალს, სწორედ ის უყურებს და აფასებს მოვლენებს უკუღმა. სამწუხაროდ, საერთაშორისო ურთიერთობების კანონზომიერებათა საწინააღმდეგოდ ქვეყნის ბედით თამაშს, რაც დამღუპველ შედეგებს იწვევს, მხოლოდ საქართველოს ხელისუფალნი ამ ფუნდამენტურ საკითხებზე ღრმა ფიქრისა და განსჯის გარეშე აგრძელებენ.
გია თვალავაძე-ლოგოსი - პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოსთვის” საინიციატივო ჯგუფის წევრი
(გაგრძელება იქნება)