როგორ დავიცვათ ჩვენი ტრადიციული ფასეულობანი?

როგორ დავიცვათ ჩვენი ტრადიციული ფასეულობანი?

თავისი ხანგძლივი ისტორიის მანძილზე საქართველოს უამრავი ომი აქვს გადატანილი. ბევრი მათგანი ჩვენი ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა, ბევრიც წავაგეთ. გამარჯვებაც და დამარცხებაც, ცხადია, მრავალი ფაქტორით არის ხოლმე გამოწვეული. მათი გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ამიტომ გვსურს ყურადღების გამახვილება იმ ერთ-ერთ ფაქტორზე, რომელმაც წარსულში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა,  როგორც   მცირე და დიდ ომებში ჩვენს   დამარცხებაში,  ისე  ქვეყნის ისტორიულ ბედზეც.

მაგრამ სანამ ისტორიულ მასალაზე გადავიდოდეთ, გავიხსენოთ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საბრძოლო ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან.“

„ესე მე დამსვრის…

ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია „ვეფხისტყაოსანში“ არის ქაჯეთის ციხის აღება.

ოპერაციის წინ გაიმართა „სამხედრო შტაბის“ თათბირი. მონაწილენი - ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი. სამივემ თავ-თავიანთი აზრი გამოთქვეს საბრძოლო ტაქტიკის შესახებ.

უაღრესად საინტერესოა თითოეულის გეგმა და მსჯელობა.

თათბირს იწყებს ფრიდონი - „ჩინით“ ყველაზე დაბალი, ბოლო სიტყვა კი ტარიელს ეკუთვნის.

ფრიდონმა ობიექტურად შეაფასა საბრძოლო ამოცანის სიძნელე, პირდაპირ შეტევა არასწორად მიიჩნია და თავისი უნარისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით რჩევა მისცა  მეგობრებს.

ცოტანი ვართ, - თქვა ფრიდონმა, - ქაჯთა ქალაქის აღებას კი დიდი ლაშქარი სჭირდება. ჩვენ ათას წელსაც ვერ შევუვალთ, თუ კარი დაგვიხშეს. ამიტომ ასე მოვიქცეთ: სიყმაწვილისას ჯამბაზობას მასწავლიდნენ, კარგადაც გავიწაფე. ჩვენს შორის ვისაც შუძლია საბლის ტყორცნა, გალავნის ბურჯზე თოკის მარყუჟი მოაცვას. მე ამ თოკზე ისე გავივლი, თითქოს ველად მივრბოდე. გალავანს გადავევლები და იქ საძებნელი გახდება ჩემს მახვილს გადაჩენილი კაცი. შემდეგ კარს გავაღებ და მომეშველეთო.

ავთანდილსაც არასწორად მიაჩნია პირდაპირი შეტევა, მაგრამ იგი ფრიდონის რჩევასაც დასაბუთებულად იწუნებს, როგორც მეტისმეტად სარისკოს და თავის ტაქტიკას სთავაზობს მეგობრებს:

ქაჯები ქალაქში შემავალ მგზავრს არ იჭერენ, - ამბობს ავთანდილი, - ამიტომ მე ვაჭრულად ჩავიცვამ, ერთ ჯორს ავკიდებ იარაღს, მარტო შევალ, სამივე რომ შევიდეთ, შეიძლება მიგვიხვდნენ, იქ ჩუმად ავისხამ იარაღს, სისხლის რუებს დავაყენებ, კლიტეებს დავლეწავ და თქვენც შემოდითო.

ტარიელმა ორივეს მოუსმინა, შეაქო მათი გმირული განზრახვანი, მაგრამ როგორც ფრიდონის, ისე ავთანდილის გეგმაში ტარიელი გარეთ უომრად რჩებოდა კარების გახსნამდე, ამიტომ მათ გეგმას კატეგორიულად არ დაეთანხმა შემდეგი არგუმენტით: ჩემს ხელმქნელს  რომ ბრძოლის ხმები შემოესმება, „თქვენ გქონდეთ ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა? ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.“ ამის გამო ტარიელი პირდაპირ იერიშს ირჩევს: სამთავემ ას-ასი მეომრით შევუტიოთ სამი მხრიდან, ვეცოტავებით და წინ მოგვეგებიან, მაშინ კი ხმალი მძლედ დავატრიალოთ, მტერს გონს მოსვლა არ ვაცალოთ, ყველა ერთად ვეკვეთოთ და კართა დახშვას ვეღარ მოასწრებენ. სამთაგან ერთი მაინც შევუვალთ და იმ ერთმა შიგნით მათი სისხლის ღვარი დააყენოს. სხვები გარეთა ლაშქარს დავერიოთ და მუსრი გავავლოთო.

ძნელი მისახვედრი არ არის, თუ ვისი გეგმა იყო უფრო მისაღები - რა თქმა უნდა, ავთანდილის. მაგრამ ორივე ძმობილი დაეთანხმა ტარიელს, რადგან მან ისეთი არგუმენტი მოიყვანა („ესე მე დამსვრის...“), რომელიც სამივესათვის ყველაზე ანგარიშგასაწევი აღმოჩნდა. ეს იყო ტარიელის თავმოყვარეობის საკითხი, მიჯნურის წინაშე შეურცხვენლობის საკითხი....

ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდი რეალურ ცხოვრებაში რომ წარმოვიდგინოთ, ტარიელის გეგმის თანახმად შეიძლება დამარცხებულიყვნენ კიდეც ჩვენი გმირები.

საქმე მხატვრულ ნაწარმოებთან გვაქვს და, რა თქმა უნდა, გაიმარჯვეს. რუსთაველი რეალისტი პოეტია და ამიტომაცაა, რომ ჩვენმა გმირებმა ძალზე დიდი დანაკლისიც ნახეს, რაც საგანგებოდ აღნიშნეს კიდეც, - მათ სამასი მეომრიდან მხოლოდ ას სამოცი შემორჩათ...

ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს: ტარიელის არჩევანი განსაზღვრა მორალის, სახელის ფაქტორმა („ესე მე დამსვრის“), და არა გამარჯვებისათვის საჭირო ხერხების გამოყენების აუცილებლობამ. ასეთი მოტივირება იმდროინდელი საქართველოს საბრძოლო პრაქტიკაშიც ხომ არ თამაშობდა გარკვეულ როლს?

არა  არს  ჩუეულება  ქართველისა,  რათა  მტერი იხილოს  და  ზურგი  შემოაქციოს...“

 

ბევრი ისტორიკოსი ცდილობს მოძებნოს თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური დასუსტების მიზეზები, რომლებმაც ძლიერი და  აყვავებული ქვეყანა უეცრად განადგურებამდე მიიყვანა.

ამ მიზეზთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გარეგანი ფაქტორი - მონღოლთა გამოჩენა (შინაგან ფაქტორთა გარდა).

ამიტომ ზედმეტი არ იქნება იმის გახსენება, რაც მონღოლთა სამხედრო ხელოვნების შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი.

მონღოლები, მათ მიერ დაპყრობილ ხალხთან შედარებით, უკეთესად იყვნენ ორგანიზებულნი, მათ უპირატესობას შეადგენდა საზოგადოებრივი ცხოვრების მარტივი პირობები - მომთაბარეობა, პატარაობიდანვე ყოველი მონღოლის ცხენოსნად აღზრდა, ცხენების სიმრავლე და კარგი ჯიში, მონღოლ მამაკაცთა მასობრივი სამხედრო წვრთნა, მტკიცე დისციპლინა ლაშქრობაში, ორიგინალური ტექნიკა, ნიჭიერი სარდლობა და ა.შ.

საინტერესოა, რა საბრძოლო ტრადიციებითა და გამოცდილებით შევხვდით ჩვენ მათ?

ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, უფრო სრულად გავაცნობიეროთ ზოგი რამ, შევადაროთ ისინი ჩვენს ძველსა და ახალ სინამდვილეს. იქნებ რამე საგულისხმოც მოგვეჩვენოს ჩვენი დამარცხების მიზეზთა ძიების გზაზე.

იმ ავტორთა შორის, რომელთაც საინტერესო ცნობები დაგვიტოვეს მონღოლთა სამხედრო წყობისა და ხერხების შესახებ, მკვლევართა დიდ ყურადღებას იპყრობს რომის პაპის ინოკენტი IV-ის მიერ 1246 წელს მონღოლეთში ელჩად გაგზავნილი პლანო კარპინი. იგი თავის თხზულებებში მონღოლთა საბრძოლო ტაქტიკის შესახებ მოგვითხრობს:

„...ყოველთვის, როდესაც მტრებს დაინახავენ, მათ წინააღმდეგ მიდიან და თითოეული სამ-ოთხ ისარს ისვრის. თუ დაინახეს, რომ ამ გზით მათი დამარცხება შეუძლებელია, თავისიანებისაკენ იხევენ. ამას მოსატყუებლად შვრებიან, რათა მტერი (უკანდახეულებს) გამოუდგეს და წინასწარ მოწყობილ ხაფანგში მოხვდეს, სადაც მათ ხოცავენ. აგრეთვე თუ დაინახეს, რომ მათ წინააღმდეგ დიდი ლაშქარია დაძრული, ისინი ხანდახან უკან იხევენ ერთი ან ორი დღის სავალზე, თავს ესხმიან ქვეყნის მეორე ნაწილს, ადამიანებს ჟლეტენ, ყოველივეს ანადგურებენ და ძარცვავენ. თუ დაინახეს, რომ ამის გაკეთებაც არ ძალუძთ, ათი-თორმეტი დღის სავალზე იხევენ და ხანდახან უშიშარ ადგილას ჩერდებიან, მთელ ქვეყანას აოხრებენ. ომებში მეტად მზაკვარნი არიან... თათრები, თუ ეს მათთვის მოსახერხებელია, გაურბიან ხელჩართულ ბრძოლას, ხოლო ადამიანებსა და ცხენებს ისრებით ხოცავენ. ისინი ხელჩართულ ბრძოლაში მაშინ ებმებიან, როცა მტრის მებრძოლები და ცხენები დაღლილნი არიან. როცა ისინი ხედავენ, რომ მტრის დაძლევა არ შეუძლიათ, თვალთმაქცურად ილტვიან მისგან. როდესაც მდევარი იღლება ხანგძლივი დევნისაგან, თათრები დასვენებულ ცხენებზე გადასხდებიან, მოტრიალდებიან, მტერს თავს ესხმიან და ატყვევებენ ან ხოცავენ. ხანდახან გაქცეული თათრები იფანტებიან, რათა მტერს გზა დაუთმონ თავიანთ რაზმებს შორის, ხოლო შემდეგ სტვენისა და ძახილის ხმაზე სწრაფად ერთიანდებიან, მტერს გარს ერტყმიან და ანადგურებენ.“ „მოწინააღმდეგის მიმართ მონღოლები ალერსიანსა და ტკბილ სიტყვებსაც იყენებდნენ, შემდეგ კი გაუგონარი სისასტიკით უსწორდებოდნენ დამარცხებულებს.“

მონღოლთა ბრძოლის ამ ხერხს ომებში სახელგანთქმული ქართველებიც კი შეუყვანია შეცდომაში, რასაც მათი სასტიკი დამარცხება მოჰყოლია. როგორც ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, ლაშა-გიორგის შეუკრებია ოთხმოცდაათი ათასი მხედარი, მათ შეერთებია ივანე ათაბაგი, შანშე და ვარამ გაგელი თავიანთი ლაშქრით და დაძრულან მონღოლებისაკენ. ისინი კი სულ ორი დუმანი, ოციაათასი იყვნენ, რომელთაც სარდლობდნენ ნიჭიერი სარდლები: ჯებე და სუბუდაი. მტრის ლაშქრის ერთი ნაწილი, სადღაც ბრძოლის ველიდან მოშორებით ყოფილა ჩასაფრებული, მეორე კი პირისპირ შეტაკებია ქართველებს და ცხარე ბრძოლა გაუმართავს. რამდენიმე ხნის შემდეგ მონღოლები გაქცეულან, ქართველები დადევნებიან, მაგრამ მტერს ჩვენი სპა შორს გაუტყუებია, წინდაწინ ჩასაფრებულ მონღოლთა ლაშქარს ზურგიდან დაურტყამს ქართველებისათვის. ამ დროს თვალთმაქცურად გაქცეულნიც მოტრიალებულან და ლაშა-გიორგის მხედრობისათვის წინიდანაც შემოუტევიათ. ამ სასტიკ ბრძოლას, რა თქმა უნდა, მონღოლთა გამარჯვება მოჰყოლია. „მაშინ მოიწია  რისხვა ზეგარდმო., უსჯულოებათა და ცოდვათა ჩვენთათვის და ივლტოდეს ქართველნი და სპანი და თვით მეფე ლაშა...“

როგორც ვხედავთ, ქართველთა სარდლები მოტყუვდნენ.

ქართული წყაროებიდან ჩანს, რომ ბრძოლის ასეთი ხერხის შესახებ ქართველებს მანამდე არაფერი სცოდნიათ, რადგან ჩვენს სარდლობას ზურგიდან მოვლის თავისებური წესი ჰქონდა, რომელიც მონღოლებისაგან არსებითად განსხვავდებოდა.

ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ერთი ისტორიული ეპიზოდი. როცა საქართველოში მონღოლები გაბატონდნენ, ქართველი მეფეები თავისი ჯარით მათ ლაშქრობებში მონაწილეობდნენ და მონღოლთა სარდლობას ექვემდებარებოდნენ. ერთ-ერთ ბრძოლაში ნოინის განკარგულებით ქართველებს მონღოლებთან ერთად უკან უნდა დაეხიათ, მაგრამ ქართველთა მეფეს - ჩვენ, ქართველებს, წესად არა გვაქვს, ჩვენსკენ მომავალი მტერი ვიხილოთ და ზურგი შევაქციოთ, თუნდაც სიკვდილი მოგველოდესო. მონღოლებს გაჰკვირვებიათ ასეთ პასუხი, გამწყრალან და მეფისათვის უთქვამთ - რას სჩადიხართ, როგორ ბედავთ აბაღას ბრძანების გარეშე მტერთან შებმასო, თქვენ, ქართველები უმეცარნი ხართ და არ იცით ბრძოლის ხერხებიო. მონღოლებს ჯერ უთხოვნიათ ქართველებისათვის, შემდეგ დამუქრებიან, მაგრამ ისინი მაინც მტრის მრავალრიცხოვანი ლაშქრის დასახვედრად დაწყობილან. მონღოლებს ქართველების ასეთი თვითნებობა აბაღა ყაენისათვის უცნობებიათ. აბაღა ყაენი სასწრაფოდ გამომართულა ბრძოლის ველისაკენ და ქართველთა მეფისათვის საყვედური უთქვამს: მე ვიცი, რომ ქართველები მხნე და შმაგი მებრძოლები ხართ, მაგრამ ასეთი რამ რომელიმე ნოინს რომ ჩაედინა, სიკვდილით დავსჯიდი; მაგრამ არ გადანაშაულებთ, რადგან არ იცით ჩვენი წესები; ახლა იქ დადექით, სადაც გიბრძანებთო. ამის პასუხად თურმე „მეფე გარდახდა ცხენისაგან, თაყუანისცა და ჰრქუა: დიდო ყაენო! არა არს ჩუეულება ქართველისა, რაითა მტერი იხილოს და ზურგი შემოაქციოს...“

ასე რომ, ბრძოლის ის ხერხი, რომლის საშუალებითაც 1223 წელს მონღოლებმა ალყაში მოაქციეს და სასტიკად დაამარცხეს ლაშა-გიორგის ოთხმოცდაათიათასიანი მხედრობა, მომდევნო თაობის ქართველებისთვისაც კვლავ უცხოდ დარჩენილა.

რა იყო ეს, - ჩვეულებრივი უმეცრება, როგორც ამას აბაღა ყაენი ბრალად გვდებს, თუ სხვა რამ?

ამ შემთხვევაში ძნელია უმეცრებაზე ვილაპარაკოთ. ამის თქმის უფლებას კი თუნდაც ის მაძლევს, რომ ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც საქართველოს სამეფო ტახტის მაძიებელი ორივე დავითი: რუსუდანის ძე, და ლაშა-გიორგის ძე ყარაყურუმში ჩავიდნენ, პაპის დავალებით იქ იმყოფებოდა, აგრეთვე, პლანო კარპინი. შესაძლოა ისინი შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს. თუ პაპის ემისრისათვის, მითუმეტეს სასულიერო პირისთვის, შეუმჩნეველი არ დარჩენილა მონღოლთა საბძოლო წესების თავისებურებანი, რაღა მაინცდამაინც ქართველ უფლისწულებს ექნებოდათ თვალებზე ლიბრი  გადაკრული.

ასე რომ ეს ჩვეულებრივი უმეცრება არ იყო, მიზეზი ჩვენს ეთნოფსიქოლოგიაშია საძიებელი.

როგორც ჩანს, მაღალი კულტურის, რაინდული ბუნების მქონე ქართველი კაცისთვის უცხო და მიუღებელი იყო ნომად მონღოლთა ბრძოლის წესი - მიზანს ანუ გამარჯვებას მიაღწიოს ყოველგვარი, თუნდაც დასაძრახი და უკადრისი საშუალებებით.

ცხადია, ომის დროს გარკვეულწილად ყოველთვის ხდებოდა არაზნეობრივი საშუალებების გამოყენება, მაგრამ, მონღოლებში ეს ვლინდებოდა უკიდურესი სახით. ამ წესით მებრძოლ ჯარებს, ფაქტობრივად, პირველად დაუპირისპირდნენ ქართველები, მაგრამ იმდენად ღრმად ყოფილა  მათში გამჯდარი რაინდული ბრძოლის ტრადიციული მეთოდები („არა არს ჩუეულება ქართველისა, რაითა მტერი იხილოს და ზურგი შემოაქციოს...“), რომ უკიდურეს ძნელბედობის დროსაც კი ვერ დაუთმიათ.

დასკვნა

ტრადიციულად, ჩვენს წინაპარს ცალ ხელში სახნისი ეჭირა, მეორეში კი - ხმალი. უცხოელი მკვლევრები წერდნენ, - ქართველი კაცი მკას ვერ ასწრებს, რადგან ამ დროს იწყება მტრის შემოსევაო... საუკუნეების განმავლობაში, ასეთ ვითარებაში - ომის ქარცეცხლში გამოიწვრთნა ქართველი კაცის მებრძოლი სული. სამაგიეროდ, დღესაც არ ვართ პრაგმატულები, არ ვართ ორგანიზებულები და არ გვიყვარს თავს ცოტათი მაინც ძალა დავატანოთ და ვიაზროვნოთ, რათა შედეგი  უკეთესი დავდოთ...

წავიდა ის დრო, როდესაც ამა თუ იმ სახის „იზაციის” მიღებას ქვეყნის არაკეთილმოსურნენი, თავს ზემოთ დაკიდებული მახვილის ქვეშ გვაიძულებდნენ. დღეს მის ნაცვლად შეხვდებით ცერემონიულ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ზრახვების  ჩვენთვის თავს მოსახვევად თავიანთ განკარგულებაში ზრდილობის ბევრი ფორმულა აქვთ შემონახული: გრაციოზული მისალმება, უგულითადესი ღიმილი, გრჩება შთაბეჭდილება, რომ მათი ზრდილობა გაპრიალებულ, ახალშეღებილ კარს ჰგავს, რომელსაც არ უნდა მიეკარო. ისინი ეგოისტები და გულგრილები არიან, თუ იღიმებიან, სიბრალულით გიღიმიან; თუ თქვენს აზრს იზიარებენ, მალე თქვენი თავიდან მოცილება სურთ…და იმიტომ.. კარამდე კი მხოლოდ იმიტომ გაგაცილებენ, კარგად დარწმუნდნენ, ნამდვილად წახვედით თუ არა.

ცნობილია, რომ ამერიკის ზოგიერთ შტატში სიკვდილმისჯილებს სიკვდილით დასჯის დროს ნემსით მომაკვდინებელი წამლის შეყვანამდე სპირტით ინექციას უკეთებენ, რათა ინფექციის შეჭრის ალბათობა აირიდონ თავიდან.

დიახ, ასეთი დროების შვილები ვართ, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატიულ სამყაროს  „მოხმარებისთვის“ აქვს ერთი დემოკრატია  ქვეყნის შიგნით და მეორე - გარეთ. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ! რას ვამბობთ, როდის ვამბობთ, როგორ ვამბობთ ან იქნებ თქმითაც უკვე ვაფუჭებთ საქმეს...

ამბობენ, ერთხელ, აღმოსავლეთის ერთ მბრძანებელს დაესიზმრა, რომ ყველა კბილი ერთიმეორეს მიყოლებით დასცვივდა. შეშინებულმა, სასწრაფოდ, სიზმრების ამხსნელი მოიხმო სასახლეში. კაცმა მწუხარე სახით მოისმინა სიზმარი და მბრძანებელს უთხრა:

„ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ: ერთი მეორეს მიყოლებით ყველა ახლობელს დაკარგავთო.“ მბრძანებელი საშინლად გაბრაზდა კაცის სიტყვებზე, ბრძანა დლეგში ჩაეგდოთ იგი და სხვა სიზმრების განმარტებელი მოეყვანათ მასთან. მეორე სიზმრების ამხსნელმა, როდესაც სიზმარი მოისმინა თქვა:

„ძალიან სასიხარულო ამბავი უნდა გითხრათ: თქვენ ისეთი დღეგრძელი იქნებით, რომ ყველა თქვენს ახლობელზე დიდხანს იცოცხლებთო.“ მბრძანებელი სიხარულისგან ცას ეწია და უხვად დააჯილდოვა ეს კაცი.

დასკვნა: ორივემ თქვა სიმართლე, შედეგი კი სხვადასხვა მიიღო.

ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება  და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები დღენიადაგ ითხოვს უკეთ გავერკვეთ პრობლემებში, საჭიროა ქვეყნის სულიერ-პოლიტიკურ გამოცდილებისა და სამომავლო პერსპექტივების მუდმივი გააზრებით სწორად ვარჩევდეთ, როგორც  სათქმელს, ისე საქმეს.

თანამედროვე მსოფლიოში, როგორც ერთიან ეკონომიკურ სივრცესა და გლობალურ გარემოში, ქვეყნის აქტიური ჩართვა ყოველი ჩვენგანისგან შესაბამის აზროვნებასა და მოქმედებას, სადღეისოდ მიღებული და საერთაშორისო პრაქტიკით დამკვიდრებული წესების ცოდნას მოითხოვს. საჭიროა, დღევანდელი მოწინავე ერების გამოცდილების შესწავლა და ჩვენი ეროვნული ფსიქიკის მოდიფიკაცია, ანუ საკუთარი ეროვნული ხასიათისა და საქმიანი ურთიერთობის სტილის ჩამოყალიბება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ რეალურად გავითვალისწინოთ მთელი ქვეყნის ადამიანური და ბუნებრივი რესურსული პოტენციალი, რათა წარმოვაჩინოთ ქართველთა მრავალსახოვანი და საოცრად რთული ხასიათის ღირსეული ნიშან-თვისებები და ამავდროულად შევძლოთ დავიცვათ  ჩვენი ტრადიციული ფასეულობანი.