როგორც ჩანს, სირიუს ბლექის როლი გარი ოლდმანისთვის საკმარისი არ ყოფილა — ოსკაროსან მსახიობს ჰარი პოტერის შესახებ გადაღებულ ახალ სერიალშიც სურს მონაწილეობის მიღება.
ვარსკვლავი 15 სექტემბერს ემის დაჯილდოებაზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალ IndieWire-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სერიალის პროდიუსერებს მისთვის როლი არ შეუთავაზებიათ, თუმცა, ვარაუდობს, რომ თუ შემოთავაზებას მიიღებს, ეს როლი სირიუს ბლექისა არ იქნება.
"დაგენიძლავებით, რომ სრულიად ახალ ქასთს აიყვანენ. მინდა, რამდენიმე წელში დამბლდორის როლი შევასრულო," — თქვა 66 წლის ოლდმანმა.
"მიყვარს სირიუსი. ფილმში მას საკმარისი დრო არ დაუთმეს. უცებ გამოჩნდა და უცებვე მოკვდა," — თქვა მსახიობმა თავის პერსონაჟზე, სირიუს ბლექზე, რომელიც ჰარი პოტერის ნათლიაა და რომელსაც თავისი ბიძაშვილი, ბელატრისა ლესტრეინჯი (ჰელენა ბონემ კარტერი) ფილმის მეხუთე ნაწილში კლავს.
ჰარი პოტერზე სერიალს კომპანია HBO იღებს და წიგნის მთავარი ტრიოს, ჰარის, რონისა და ჰერმიონის როლებისათვის შესარჩევი ქასთინგი უკვე გამოაცხადა.