რა სახის პოლიტიკურ გავლენას მოახდენს ქვეყნის შიდა პროცესებზე ამერიკის მორიგი სანქციები და არის თუ არა ეს ოპოზიციის დახმარების მორიგი კამპანია? მმართველი გუნდის თქმით, ამერიკის ადმინისტრაციის მორიგი ქმედება, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს კიდევ უფრო აზიანებს, წინასაარჩევნოდ რადიკალური ოპოზიციისთვის გაწვდილი ხელია. ამის მიზანი კი საზოგადოებაში პანიკა და ნიჰილიზმის გააღვივებაა.
ამასთანავე არსებობს ეჭვი, რომ ამერიკის ადმინისტრაცია თავად მმართველ გუნდში და მის მხარდამჭერ ბიზნესმენებში დაპირისპირების შეტანას ცდილობს. დიდი ალბათობით, იმიტომ შეირჩა ორი ძალოვანი მაღალჩინოსანი, რომ შიში პოლიციურ ძალებშიც გაჩნდეს. ამის პარალელურად კი ამერიკის ადმინისტრაცია ამბობს, რომ კიდევ 60 ადამიანს დაუწესა სავიზო შეზღუდვები, თუმცა მათ ვინაობას კვლავ არ ასახელებს.
მხოლოდ ცნობილი ხდება, რომ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის ფინანსური სანქციები 4 პირს დაუწესა. მათ შორისაა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება და მისი ერთ-ერთი მოადგილე მილერი ლაგაზაური. მათთან ერთად სანქცირებულია „ალტ - ინფოს“ 2 წევრი - კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე. ოთხივე მაგნიტსკის სიით დასანქცირდა, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
შეერთებული შტატები საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ გადახედვას განაგრძობს. ამ პროცესის ფარგლებში უკვე დაპაუზებულია მთავრობის 95 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარება, შეჩერებულია სხვადასხვა პროექტი, საერთაშორისო წვრთნები უვადოდ გადადებულია.
ახლა კი ჯერი ეროვნულ ბანკზეა, ნათია თურნავამ უნდა გადაწყვიტოს სანქცირებულ 4 ადამიანს დაუბლოკავს თუ არა ფინანსურ ანგარიშებზე წვდომას. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ყველას საქართველოს კანონმდებლობით მოქმედებისკენ უკვე მოუწოდა.
ამერიკული სანქციების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს პირველად შეხვდა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზში წერია, პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს და მას „ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზე გათვლილი უწოდა“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს“.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.
როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ სანქციების მიზანი ცნობილია და ეს არავისთვის დასამალი აღარ არის. ახვლედიანის აზრით, ამერიკის ადმინისტრაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ამით მხარდაჭერას უცხადებს და წინასაარჩევნოდ დახმარებას უწევს.
„ეს არის იმაზე გათვლილი, რომ ოპოზიციას მორიგი სალაპარაკო თემა ჰქონდეს. ეს არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც რადიკალურ ოპოზიციას უკვე არავისთვის აღარ არის გასაკვირი, ბაიდენის ადმინისტრაცია უწევს. ოპოზიციის რიტორიკას დააკვირდით, მოსახლეობაში თესავენ იმ აზრს, რომ თითქოს „ოცნება“ ქვეყანას იზოლაციაში აქცევს, აგერ, ამერიკამ ზურგი შეგვაქცია და ხალხო გამოფხიზლდით. ნუღარ მისცემთ ამ ხელისუფლებას ხმას და ა.შ.
რეალურად, გამორიცხულია საზოგადოებაზე ამ მიმართულებამ რაიმე ზემოქმედება მოახიდნოს. წინა სანქციებმა რა პოლიტიკური რეალობა შექმნა? ხალხმა „ოცნების“ მხარდაჭერაზე უარი თქვა? ოპოზიციის რეიტინგი გაიზარდა თუ აქციები დაიწყო ამის გამო და ხალხი ქუჩაში გამოვიდა? არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ახლაც არ მოხდება. მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთბა გაფუჭდა ისევ და ხალხს ამერიკის მიმართ კიდევ უფრო მეტი უნდობლობა აქვს. გაიზარდა მოტივაცია, რომ 26 ოქტომბერს ოპოზიციამ ვერ გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში ეს რადკალური, მოღალატე ძალა არ დაბრუნდეს“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ამერიკელების გათვლა ასევე მმართველ გუნდში დაპირისპირების და დაბნეულობის შეტანის მცდელობაა. თუმცა ახვლედიანი ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია „ოცნებიდან“ აგენტები და მოღალატეები წავიდნენ, ამიტომ ასეთი მყარი, როგორიც ახლა „ოცნებაა“ არსებობის მანძილზე არ ყოფილა.
„ე.ი. ამ 4 ადამიანის სახელების და გვარების თქმა შეიძლება, რომლებიც დაასანქცირეს, მაგრამ დანარჩენი 60 ადამიანის თქმა თურმე არ შეიძლება. ამასაც თავისი მიზანი და გათვლა აქვს. ეს არის შანტაჟი და ადამიანის ემოციებზე მანიპულირება. ამით ცდილობენ „ოცნების“ მხარდამჭერებში, იქნებიან ესენი ბიზნესმენები თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები, შიში გააჩინონ. ვაითუ მე ვარ ამ 60 კაცში მოხვედრილი და ა.შ. ამით თამაშობენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ვერც „ოცნების“ შიგნით ვერ შეიტანენ ვერანაირ განხეთქილებას.
შესაძლოა ამერიკაში მართლა ვიღაცას სჯერა, რომ ამით მმართველ გუნდში დაპირისპირებას გამოიწვევს. თუმცა 2020 წლის შემდეგ, „ოცნება“ ისე დაიწურა, გასუფთავდა და ჩამოყალიბდა ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებლ ძალად, რომ დღეს ამის გაკეთება ძალიან რთულია. „ოცნებაში“ მანამდე მართლა იყო გრანტებზე გაზრდილი ჩუგოშვილების მსგავსი პოლიტიკური აქტორები. ეს ადამიანები მუდმივად ცდილობდნენ, რომ საკუთარი პატრონებისთვის ესიამოვნებინათ და არა ქართველი ხალხის პოზიციები დაეცვათ. ასეთი ხალხი წარსულს ჩაბარდა და ყველას ლუსტრაცია მოხდა. ამიტომ ტყუილად სჯერა ვინმეს ამერიკაში, რომ ამით „ოცნების“ შიგნით დაპირისპირებას შეიტანენ“,-ამბობს ახვლედიანი.