„შეიძლება ურეიტინგო ადამიანმა ვინმე გააერთიანოს და ლიდერი იყოს?!“ - გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანება და პრეზიდენტის როლი ამ პროცესში

„შეიძლება ურეიტინგო ადამიანმა ვინმე გააერთიანოს და ლიდერი იყოს?!“ - გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანება და პრეზიდენტის როლი ამ პროცესში

მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი საინტერესო ფაზაში გადადის - ყოფილ პრემიერ-ნისტრ გიორგი გახარიას და ლელოს გაერთიანება, რაზეც ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში აქამდე ძალიან აქტიურად საუბრობდნენ, შესაძლოა რეალობად იქცეს. მხარეთა მხრიდან პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა - ისინი ორბელიანების სასახლეში ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი მხარიდან ყველაფერი ნათელია, მან პოზიცია დააფიქსირა, თუმცა, მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთ დღეს ითხოვს მოსაფიქრებლად. გიორგი გახარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. მამუკა ხაძარაძემ კი აღნიშნა, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთ რამეზე შეთანხმდნენ, რომ გააკეთონ ყველაფერი სრული მობილიზაციისთვის და ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაუშვან ხელისუფლებიდან.

ამის ფონზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლსა და ფუნქციაზე შეიძლება ყურადღების გამახვილება. სალომე ზურაბიშვილს არ დაუმალავს, რომ სურვილი აქვს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად კიდევ ერთხელ იქნას წარდგენილი. აღნიშნულის შესახებ მისი მხრიდან გარკვეული შეთავაზებები და ინიციატივები ხშირად მოგვისმენია. ისმის კითხვა: რამდენად არის შესაძლებელი სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდეს მესამე, ალტერნატიული ძალის გამაერთიანებლად, სადაც თავად ერთ-ერთი წამყვანი და ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იყოს?! - აზრი ორად იყოფა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ გახარიასა და ხაზარაძეს ქვეყნის გარედან უბრძანეს გაერთიანება, ხოლო სალომე ზურაბიშვილს გამაერთიანებლის ფუნქცია მიანიჭეს. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, გახარია-ხაზარაძის გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქვედანაყოფად ჩაითვლება.

ძალიან ცდილობენ სალომე ზურაბიშვილის გარე პატრონები, რომ რაღაც შეაკოწიწონ და გააკეთონ - კარგად იციან, გახარიას და მევახშე ხაზარაძეს მინუსებში აქვთ რეიტინგი. სწორედ, გარე პატრონებმა დაავალეს ეს ყველაფერი და ამ დავალების შედეგია ის, რასაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს. ზურაბიშვილი ისევე გახდება გაერთიანების ლიდერი, როგორც მე გავხდები ახლა ჩინეთის პრეზიდენტი.

გლობალური ომის პარტიას, ანუ სამხედრო სამრეწველო კომპლექსს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს, რადგან საქართველოს ხელისუფლება არ იქცა მისთვის მარიონეტად - საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდა კერკეტი კაკალი, რომელიც ვერ გატეხა იმისათვის, რომ ომში ჩაება. გახარია ხაზარაძეს ეძახდა მევახშეს, ხოლო ხაზარაძე გახარიას - თვალთხარიას. ახლაც ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ ეტყობა, მათ პატრონებს იმდენად დიდი კომპრომატები აქვთ, რომ სადაც უნდათ იქ უშვებენ და იქ აყენებენ. როგორც ჩანს, ვერც ერთი ვერ ლახავს 5%-იან ბარიერს, ამიტომ უნდათ, რომ ბარიერი სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით გადაალახინონ. გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან საუბარში.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს რეიტინგი არ გააჩნია და ის ვერ გააერთიანებს კონკრეტულ პოლიტიკურ პირებსა თუ ჯგუფებს.

იმხელა რეიტინგი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ის, რა თქმა უნდა, ყველას გააერთიანებს - შეიძლება ურეიტინგო ადამიანმა ვინმე გააერთიანოს და ლიდერი იყოს?! სამივე ზრდილობიანი ადამიანია, იტყვიან, რომ მოილაპარაკეს, იტყვიან, რომ გაგრძელდება ეს პროცესი, მაგრამ მგონია, რომ რეალური ინტერესი იმისა, რომ გაერთიანდნენ და მით უმეტეს, გადაჯვარედინებული ხელებით გაკეთებულ ტახტზე, პრეზიდენტი დასვან, ეს არც ხაზარაძის ინტერესებშია და არც გახარიას.

საინტერესოა, რატომ არ სთავაზობს პრეზიდენტი გამაერთიანებლის როლს ნაციონალური მოძრაობიდან შექმნილ პარტიებს?! - ალბათ, იმიტომ რომ მათთან ლიდერობის ტენდენცია უფრო მკაფიოდ არის გამოკვეთილი. ამიტომ, მათთვის შეთავაზება, მე ვიქნები თქვენი ლიდერიო, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სარისკოა - შესაძლოა რაიმე ცუდი უპასუხონ. ვფიქრობ, რომ ამიტომ ჩათვალა, რომ ზრდილობიანად მოლაპარაკე ლიდერებს - ხაზარაძეს და გახარიას უფრო ადვილად შესთავაზებდა მის პირველობას და ამიტომ დააყენა ეს საკითხი, თან დააყენა ისე, რომ არც გახარიას უთხოვია მისთვის შუამდგომლობა და არც ხაზარაძეს - მთლიანად მისი ინიციატივა იყო, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ ჩვენთან ინტერვიუში.

აქვე გეტყვით, რომ ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს. ძლიერი საქართველოსა და გახარია-საქართველოსთვის ლიდერები პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტიაგახარია საქართველოსთვისდა კოალიციაძლიერი საქართველო სადილზე 16 სექტემბერს, საღამოს მიიპატიჟა.

Gami სალომე ბაბო - თიმსალ მაკო!
2 თვის უკან