აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა. დასანქცირებული პირები „ბრალდებული“ არიან „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“, თუმცა რა მტკიცებულებებს ეყრდონა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, წინა სხვა შემთხვევების მსგავსად, განმარტებული არ არის. ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით კვლავ შეშფოთებულია.
აშშ-მა ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა. ბლინკენის განცხადებით, ეს ადამიანები, „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობდნენ.
„ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ექსტრემისტული დაჯგუფის ორ ქართველ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის ქართველებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ, ძალადობრივი თავდასხმებისთვის. მათ შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს; კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები; პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში“, - აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახაზინო დეპარტამენტის სანქციების დაწესების მოტივაცია განმარტა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა, რომლის განცხადებით, აშშ იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს.
„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს არ შეესაბამება. ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ მიღების გარდა, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ მიმართავდა ძალადობას საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ კანონს აპროტესტებდნენ.
აღნიშნული ქმედებები არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ჩვენი მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია, საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
ბლინკენის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებულია სენატორი ჯიმ რიში, რომლის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს. საქართველოს მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ“, - წერს ჯიმ რიში X-ზე.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ექნება პრემიერ-მინისტრს. მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციელების სანქცირება, რომელთაც ქვეყანას რევოლუცია ორჯერ აარიდეს თავიდან, დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ. ირაკლი კობახიძეს არ სჯერა, რომ ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება სანქციების თაობაზე და ფიქრობს, რომ არაფორმალურმა ძალებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელთაც აქვთ გარკვეული გავლენები მის ადმინისტრაციაზე.
„ბაიდენის ადმინისტრაციასთან გვექნება კომუნიკაცია, ალბათ, პირადად მეც მექნება კომუნიკაცია, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციასაც გაგიზიარებთ. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ შეხვედრებისთვის, დისკუსიისთვის, კომუნიკაციისთვის. ამას ყოველთვის ვაფიქსირებთ და ჩვენი მხრიდან იდგმება ხოლმე ქმედითი ნაბიჯები, თუმცა, სამწუხაროდ, მეორე მხრიდან ამას არ მოჰყვება ხოლმე სათანადო ნაბიჯები. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ პოლიციელების სანქცირებაზე.
შეგახსენებთ, რომ ესენი არიან ის პოლიციელები, რომლებმაც რევოლუცია ორჯერ აარიდეს თავიდან ჩვენს ქვეყანას, 2020 წლიდან მოყოლებული. ასეთ დროს საზოგადოებას უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ უნდა ვინმეს, მესამედაც სცადოს საქართველოში რევოლუციის მოწყობა და დაასუსტოს პოლიცია? ამას ვერ ეღირსებიან, მაგრამ ეს განცდა ხომ რჩება. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. სამომავლოდ ჩვენ ველით ჯანსაღ და სწორ დამოკიდებულებას როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე ქართული საზოგადოების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სანქცირებული ძალოვანები მედიის წინაშე ამ დრომდე არ ჩნდებიან. „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სამართალდამცავების მიმართ სანქციების დაწესების მიზანია, ქვეყნის ინსტიტუციური მდგრადობა შეარყიონ, რომ რევოლუციას გზა გაუხსნან. დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მართვა და სულის შთაბერვა გარედან ხდება, რადგან ოპოზიციას არანაირი შიდა რესურსი არ გააჩნია არჩევნებში.
„გააკეთებენ რაღაც განცხადებას, შემდეგ ოპოზიცია საუბრობს, ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ. ოპოზიციას ქვეყნის შიგნით ქოსატყუილობის გარდა არაფერი გამოსდის. სამართალდამცავების მიმართ სანქციების დაწესება ერთ რამეს ნიშნავს, ნუ გეშინიათ, არჩევნებს რომ წააგებთ, რევოლუციის მოწყობისთვის შეძლებისდაგვარად გზას მოგისუფთავებთ, წნეხს გავაგრძელებთ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამართალდამცავებზე. ეს არის ამის შინაარსი. მათი მიზანია, ქვეყნის ინსტიტუციური მდგრადობა შეარყიონ, რომ რევოლუციას გზა გაუხსნან“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გადაწყვეტილება, რომელიც ბლინკენმა ოპოზიციის სასრგებლოდ მიიღო, მიესალმება რადიკალური ოპოზიცია და დარწმუნებული არიან, რომ ამომრჩეველი გაითვალისწინებს სანქციების შედეგებს. ეს არის ამომრჩეველზე ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი, რასაც რადიკალები მიმართავენ. რადიკალური ოპოზიციის წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სანქციები არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს, სწორედ ამიტომ ცივილიზებული სამყარო მათ სანქციების ენით ესაუბრება.
„ქართულ ოცნებას“ მთავარი სანქცია 26 ოქტომბერს ელოდება, როდესაც ქართველი ხალხი არჩევნების გზით ხელისუფლებიდან გაუშვებს უნდობლობა გამოცხადებულ სანქცირებულ ხელისუფლებას. ეს სანქციები არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს, სწორედ ამიტომ ცივილიზებული სამყარო მათ სანქციების ენით ესაუბრება. სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, მეტიც საქართველოს გაუჭირდება შეინარჩუნოს ის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაც კი, რომელიც დღეს გვაქვს. დემოკრატიულ სამყაროში, სანქცირებული ხელისუფლების მიმართ აღარავის არ აქვს ნდობა“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ხარაზიშვილის, ლაგაზაურის და სხვების წინააღმდეგ მყისიერად დადგა შედეგი, მათ ესმით, რომ მათი მომავალი უკავშირდება პატიმრობას. მეტიც, ხაბეიშვილი აშანტაჟებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს ძალოვანი უწყების სხვა წარმომადგენლებს.
„ზვიად ხარაზიშვილი მონაწილეობდა ჩემ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. ეს პარლამენტში მეორე დღესვე დეტალურად მოვყევი, როგორ დემონსტრაციულად არ ჰქონდა ნიღაბი, ცდილობდა, შიშის გრძნობა დაეთესა და ა.შ. ვწუხვარ იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფოს ასეთი კრიმინალები წარმოადგენენ, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ მყისიერად დადგა შედეგი – ხარაზიშვილის, ლაგაზაურის და სხვების წინააღმდეგ. მათ ესმით, რომ მათი მომავალი უკავშირდება პატიმრობას.
აშშ-ის მხრიდან სანქცია მაღალი თანამდებობის პირზე ისტორიას არ ახსოვს, არ არსებულა, არ ყოფილა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეალობა დადგა. სხვა ადამიანები, ვგულისხმობ ძალოვნებს, უნდა გაფრთხილდნენ და 26 ოქტომბერი არის ის დღე, როდესაც ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს გამარჯვება უნდა იზეიმონ ქართველ ხალხთან ერთად და არ უნდა მოემზადონ ძალადობრივი მოქმედებებისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, დასასრული უდგას აშშ დღევანდელ ადმინისტრაციას, რომელიც გაუგებარი შინაარსის სანქციების გამოყენებით არის დაკავებული. ანალიტიკოსი კითხვით მიმართავს აშშ-ს საელჩოს, გასცეს პასუხი საზოგადოებას ლეგიტიმურ კითხვაზე - რა სავიზო სანქციები დაუწესეს ხარებას, მორგოშიას და მახარაძეს?
„არ მითხრათ ახლა ჯორჯიის შტატში ჰქონდათ მიწვევა საარჩევნოდ და სანქციამ სულზე მიუსწროო. ეს არის სწორედ ის, რასაც აგონია ეწოდება. თავის ქვეყანაში ლამისაა ყოველ შაბათ-კვირას პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვიას ესვრიან და ესენი კიდევ სავიზო სანქციებს უწესებენ. ამაზეა ნათქვამი: „კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს უწყო მტვრევაო“.
სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს. თუმცა არა გასაკვირი. ვინაიდან უმაღლესი სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ლომჯარიას, ჩხიკვაძეს, გიგაურს, შალიკოს უსმენენ და მათი დასმენების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს სანქციებს უწესებენ, იქ არეულადაა საქმე. ისე კი ნამდვილად სამწუხაროა ამ დღეში ამ ქვეყნის ჩაგდება არსებული მმართველი ძალის მიერ. რომელიც დაფუძნებულია დიდი მოაზროვნეების მიერ. ეს ამერიკელმა ხალხმა უნდა დაასრულოს 5 ნოემბერს და კიდევაც დაასრულებს“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.