შედგება თუ არა ერთ დროს პოლიტიკური მტრების კოალიცია? - ხაზარაძე - გახარიას შორის მედიატორობის პირველი რაუნდი, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ითავა, დასრულებულია. ათონელის რეზიდენციაში ერთსაათიანი ვახშმის შემდეგ, როგორც ეს პრეზიდენტმა განაცხადა, პოლიტიკურმა ლიდერებმა ჯერჯერობით შეთანხმების გარეშე დაასრულეს. აღმოჩნდა, რომ მამუკა ხაზარაძეს ჯერ შეთანხმება საკუთარ გუნდში სჭირდება, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. გიორგი გახარია თანახმაა, თუმცა ხაზარაძეს მოსაფიქრებლად კიდევ ერთი დღე მისცა.
მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გუშინ პოლიტიკურ მტერ გიორგი გახარიასთან, რომელსაც ყოფილი ბანკირი ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერებასა და მუქარაში სდებდა ბრალს, 17 სექტემბერს პრეზიდენტთან ვახშმამდე პირისპირ შეხვედრით დაიწყო. როგორც ცნობილი გახდა ხაზარაძემ გახარიას პირობა წაუყენა, რომ მას თუ „ლელოსთან“ გაერთიანება სურს, მაშინ „ოცნებასთან“ კოალიციის შექმნაზე უარი უნდა თქვას. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, მან გახარიასგან ეს დაპირება მიიღო და ამის შემდეგ მასთან კითხვები აღარ აქვს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე, მადლობა გიორგის (გახარიას). ჩვენ შევხვდით პირისპირ, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე. მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ჩვენ ავიღეთ პაუზა“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
გიორგი გახარია კი ამბობს, რომ პირადი წყენა დავიწყებულია და ის მზადაა ხაზარაძესთან ითანამშრომლოს, თუმცა „ლელოს“ ლიდერს ელოდება, რომელმაც საბოლოო შეთანხმების გასაფორმებლად დრო ითხოვა.
„მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, იმიტომ რომ მე დღეს აქ, პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ არ გვქონდა უარის თქმის უფლება. როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. ჩემი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ოპოზიციური პარტიების კიდევ ერთ შესაძლო გაერთიანებას აკვირდება „ქართული ოცნებაც“, რომელიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მოლაპარაკებების მაგიდასთან ხაზარაძე-ჯაფარიძე მხოლოდ იმიტომ დასვა, რომ მათ ცალ-ცალკე ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ.
როგორც ჩანს, „ლელოში“ გახარიასთან ალიანსი ბევრს არ სურს და გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, ეს კი ანა დოლიძის განცახდებიდან ნათლად იკვეთება. მან თქვა, რომ გახარიასთან დაკავშირებით გუნდთან ჯერ ხაზარაძეს არაფერი განუხილია. ასევე დოლიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ სჭირდება ორ ისეთ პარტიას გაერთიანება, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას გაერთიანებას რამდენიმე სახის მნიშვნელობა აქვს, რაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას შეცვლის. ძაბირაძის თქმით, მათი გაერთიანებით ჩნდება შანსი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვეღარ შეძლო ოპოზიციურ ფლანგზე პირველობის შენარჩუნება. ამით კი ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ორპოლუსიანი პოლიტიკური მოჯადოვებული წრიდან თავის დაღწევას შევძლებთ.
„გასაგებია, რომ ეს გაერთიანება ხელისუფლების ჩანაცვლებას ვერ შეძლებს და არავის აქვს იმის ილუზია, რომ არჩევნებზე გახარია - ხაზარაძის ტანდემი 49%-ს აიღებს. თუმცა ჩნდება ქვეყნისთვის და ჩვენი პოლიტიკური მოცემულობის შეცვლის რეალური შანსი. ამით შესაძლებელი ხდება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვეღარ შეძლოს იმ სახის მხარდაჭერის აღება, რაც საშუალებას აძლევდა პირველი ოპოზიციური პარტია ყოფილიყო. ეს კი ხელისუფლებას აძლევდა მუდმივად იმის შესაძლებლობას, რომ ისინი მტრის ხატად გამოეყვანა და ამით ხალხი შეეშინებინა. ამ ახალი პოლიტიკური ცენტრით შესაძლებელი იქნება, რომ მმართველ გუნდს ჰყავდეს უფრო ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, რომლითაც მოსახლეობის დაშინებას ვეღარ შეძლებს.
თუკი ეს პოლიტიკური კოალიცია შევა პარლამენტში, მაშინ ამ 4 წლის მანძილზე ჩნდება შესაძლებლობა პოლიტიკური ველის გაჯანსაღების და ერთხელ და სამუდამოდ ამ პოლარიზების დასრულების. ამით კი ასევე ჩნდება იმის ალბათობა, რომ მათ გადაიბირონ, როგორც „ნაციოანლების“ ასევე „ოცნების“ მერყევი ამომრჩეველი. მეორე მხრივ, გახარია იყო პრემიერი და სხვა მაღალი თანამდებობები ეკავა, ეს კი მას მისცემს საშალებას, რომ აი, ის ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც „ოცნება“ არჩევნების დროს იყენებს და ისინი ნამდვილად აძლევენ ხმას მმართველ გუნდს, გადაიბიროს. ეს არის ამ პოლიტიკური ერთიანობის პლუსი, რომლისაც ეშინია, როგორც „ნაციონალებს“, ასევე ხელისუფლებას. მას არ სურს ნაცების გვერდით გაწევა, რადგან ეს ორი პოლიტიკური ძალა წლებია ერთმანეთს კვებავს“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, გაუგებარია მამუკა ხაზარძის ულტიმატუმი გიორგი გახარიას მიმართ, რომ მან „ოცნებას“ კოალიცია არ უნდა შეუქმნას. ანალიტკოსი ამბობს, რომ თუკი პოლიტიკურად სავაჭრო გახარიას ექნება და „ოცნებას“ ამისთვის მანდატებს დაათმობინებს, ამაში ცუდი არაფერია. ძაბირაძე ამბობს, რომ პოლიტიკა სწორედ ესაა, რომ როცა და როგორ გჭირდება ისე იმოქმედო.
„არ ვიცი, მე ვერ გავიგე ხაზარაძის ლოგიკა, რატომ არ უნდა შეუქმნას გახარიამ კოალიცია „ოცნებას“ თუკი ეს საჭირო იქნება?! თუ ქვეყნისთვის ასე უკეთესია, ამაში ცუდი რა არის? როგორც იქნება საჭირო ისე უნდა იმოქმედოს. ეს ვერ გავიგე ხაზარაძის მხრიდან რას ნიშნავს. გასაგებია, რომ ეს ორი ლიდერი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებულები იყვნენ, მაგრამ თუკი თავად ერთმანეთთან რაღაცები გადააფასეს და თვლიან, რომ პირად წყენაზე მაღლა ქვეყნის ინტერესებია, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, - ამბობს ძაბირაძე.