ხაზარაძე და გახარია ათონელზე გამოიძახეს - შესაძლოა, კიდევ ერთი პოლიტქორწინება გაფორმდეს

ხაზარაძე და გახარია ათონელზე გამოიძახეს - შესაძლოა, კიდევ ერთი პოლიტქორწინება გაფორმდეს

ხაზარაძე-გახარიას გუნდი ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება, ახლა ყველა იმის მოლოდინშია, შედგება თუ არა ერთ დროს მტრად გადაკიდებული ლიდერების პოლიტიკური ქორწინება და რას მოუტანს ეს მათ? 

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ამ გაერთიანებამ შესაძლოა, მათ ამომრჩევლებში, საერთოდ, ანტიპათია გამოიწვიოს და ელექტორატის გაზრდის მაგივრად, მათი რიცხვი შეამციროს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მთავარი აქ არის შედეგი და მიზანი, რის გამოც ერთიანდებიან. სხვაგვარად ამ პოლიტიკურ ქორწინებას აზრი არ აქვს.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, 17 სექტემბერს, „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას ეპატიჟება. პრეზიდენტმა შუამავლის როლი თავად იკისრა და პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მზაობა ორივე მხრიდან არსებობს და გაერთიანებისკენ ნაბიჯის გადადგმა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანს გაამარტივებს.

„გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის, „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას პარტიის ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მიცემს. მივესალმები ხაზარაძის საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებას, ვიცი რომ არსებობს გახარიას მხრიდანაც“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის მოწოდებას Facebook-სტატუით გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე. პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მზადაა, ოპონენტთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

„მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას, საქართველო ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში „ძლიერი საქართველოს“ როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას. როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისათვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება - „ძლიერი საქართველო“ ამის დასტურია“, - წერს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძის პოზიციას იზიარებს „ლელოსთან“ კოალიციაში მყოფი ანა დოლიძეც, თუმცა იქვე კითხულობს, იქნება თუ არა გაერთიანება შედეგისთვის ეფექტური.

პრეზიდენტის მიწვევა მიიღეს გახარიას პარტიაშიც, მაგრამ გაერთიანებასთან დაკავშირებით კითხვაზე კონკრეტულ პასუხს თავი აარიდეს.

„ლელოსთან“ დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ღიაა, საჯაროდ გვაქვს ნათქვამი და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოწოდებას გავითვალისწინებთ. იმის გამო, რომ პრეზიდენტს პატივს ვცემთ, გავითვალისწინებთ და მივალთ შეხვედრაზე“, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

პრეზიდენტის ინიციატივა მმართველი გუნდისთვის კი იმის დასტურია, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას კიდევ ერთხელ არღვევს. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ამ ორი ძალის გაერთიანებით პოლიტიკური რეალობა ვერ შეიცვლება.

ანალიტკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ გაერთიანებამ შესაძლოა მოგების მაგივრად, ორივე პოლიტიკური ძალა დააზიანოს. საყვარელიძის აზრით, ეს არ იქნება პოლიტიკურად მომგებიანი ერთობა, რომელიც ე.წ. მესამე ძალის შესაძლებლობას გააჩენს.

„გახარიას მხარდამჭერი არის „ოცნებაზე“ განაწყენებული ელექტორატი. ხაზარძის კი ნაციონალებზე გულმოსული. ორივეს ამომრჩეველი რადიკალურად განსხვავებული პოზიციების და შეხედულებების მქონეა. ვერც ერთი მათგანი ერმანეთს ვერ იტანს. ამიტომ გახარიას და ხაზარაძის ერთობა თუკი მათი ელექტორატისთვის მიუღებელი იქნება, მაშინ მათი გაერთიანების მიზანი რა არის? მე ეჭვი მაქვს, რომ თუკი ეს პოლიტიკური ქორწინება გამოვა, მაშინ არსებობს რისკი, რომ ორივემ ერთად იმაზე ნაკლები ხმა აიღოს, ვიდრე ცალ-ცალკე. მათი ამომრჩეველი გაბრაზდეს და საერთოდ ან არჩევნებზე აღარ წავიდეს, ან დაუბრუნდნენ „ოცნებას“ და ნაციონალებს. ეს რისკი თუ შეფასებული არა აქვთ, თუ რაიმე სახის გამოკითხვა არ ჩაატარეს, ეს გაერთიანება რაში სჭირდებათ?

ეჭვი მაქვს, რომ ეს ერთიანობა მოდის სრულიად სხვა მხრიდან და პრეზიდენტის აქტიურობაც ამ ეჭვებს ამძაფრებს. ვვარაუდობ, რომ დასავლეთიდანაა ერთიანობის დაკვეთა. ამიტომ, ჯერ ერთი, პრეზიდენტი ცდილობს დასავლეთს ასიამოვნოს, მეორე მხრივ რაღაცა ლიდერის და შუამავლის ფუნქციის მორგება უნდა. სხვა ამ პოლიტიკური ერთიანობის მიზანი ვერ ამოვხსენი. მეორე მხრივ, ამ ადამიანებს ერთმანეთისთვის ისეთები აქვთ ნაკადრები, რომ ამას ქართული საზოგადოება არ ივიწყებს. ამიტომ ესეც საკმაოდ რთული მომენტია, რადგან არც ერთ მათგანს საბოლოოდ არ აუხსნია რა მოხდა, ვინ იყო მართალი და ახლა რომ გაერთიანდნენ, რა გარანტიაა ერთმანეთს ისევ არ დაუწყებენ ლანძღვას? ქვეყნის მართვა ასეთ უპრინციპო ხალხს რატომ უნდა ჩააბარონ?!“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამ ერთიანობით ე.წ. მესამე ძალის შექმნის მცდელობა აქვთ. ან მოსახლეობისთვის ილუზიის შექმნა უნდათ, თითქოს ნაციონალებისგან დამოუკიდებელი, ახალი პოლიტიკური ძალა იქმნება. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არის ფუჭი მცდელობა, რადგან ამ ერთობით თავს უფრო დაიზიანებენ.

„ოპოზიციას ნაკლები შანსი აქვს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს. ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება. მესამე ძალა არ არსებობს, როგორ განაწილდებიან, არ აქვს არჩევნების შედეგზე გავლენა. ერთ მხარეს თაღლითების პარტიაა, მეორე მხარეს - მოღალატეების პარტია, ამიტომ ამ ერთობით არაფერი გამოუვათ. პრეზიდენტ ზურაბიშვილს - მით უმეტეს, რადგან ის არის ფიქტიური პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. მეორე მხრივ, ის არღვევს კონსტიტუციას, რადგან კანონით პოლიტიკურ პროცესებში და პარტიულ აქტიურობაში ჩართვის უფლება არ აქვს.

ის უნდა იყოს მიუკერძოებელი პოლიტიკური ფიგურა. მან ეს ზღვარი საერთოდ წაშალა და რაღაცა მოჩვენებით შუამავლის როლს თამაშობს. ამ ხალხს აქვს ერთი მიზანი, როგორმე პარლამენტში მოხვდნენ. ამისთვის კი გუშინ რომ დედას აგინებდნენ ერთმანეთს, დღეს ხელს ართმევენ. თუმცა გახარია თუ დათანხმდება ამ ერთობას, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს იმას, რომ ის ნაციონალებთან ერთად თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ვნახოთ, პროცესები საინტერესოდ ვითარდება. როგორც ჩანს, არჩევნებს არ აღიარების სცენარის კიდევ უფრო გამყარებისთვის ეს ერთიანობაა საჭირო. თუმცა, მაინც არაფერი გამოუვათ“, - ამბობს აბაშიძე.

მერაბ.g ძალიან არ მინდა ეს შეთანხმება მოხდეს, მაგრამ არ შეიძლება არ გამოვეხმაურო ქოცების მესიჯბოქსს, რომ გახარია და მევახშე ხაზარაძე ერთმანეთს ლანძღავდნენ: გარდა იმისა, რომ ოცნებასთან პირდაპირ მებრძოლი ენუქიძე, ოდიშარია და ბევრი, მამალი ნაცი და ადეიშვილის ყოფილი მოადგილე მიქანაძე ცახუტებული ჰუავთ, ხომ ყველად გვახსოვს, თუ რატომ გაუშვა პირველი პრემიერობიდან ღარიბა ივანიშვილმა (პირდაპირ მიზეზად დაასახელა მისი სანათესაოს კორუფცია!!!) მიუხედავად ამისა, რარიბა მეორედ გახდა პრემიერი??? ამოწყდა მისი კორუმპირებული სანათესაო, თუ ივანიშვილი შეცდა?
ეს ისე, არაკაცური ისტერიისთვის, თორემ მე ჩემსაზე ვდგავარ - თუ შეთანხმება შედგა, ჩემთან ერთად სხვა ბევრ ხმას დაკარგავს გახარია; იმედია ეს არ მოხდება!
2 თვის უკან
Gami აი, როთის ჩამოსვლის პირველი შედეგი -- ხაზარაძე- გახარიას პოლიტმახერულ- ასექსუალური ქორწინების მცდელობა, სალომე ბაბოს მაჭანკლობით. წინ ორი ბეჩავი ნაძირალას ორგიები გველის!
2 თვის უკან