ურთიერთმიტევება შემდგომი რეინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის - ბიძინა ივანიშვილის მშვიდობის ფორმულას ოპოზიციასა და საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რა თქვა ივანიშვილმა და როგორ გაიგეს მისი ნათქვამი?
„მიტევება და ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული დიპლომატია, რომელმაც ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება უნდა უზრუნველყოს“, - ასე განმარტავს მმართველი პარტია საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გორში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე გაკეთებულ გაცხადებას.
საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ სიტყვების არასწორი ინტერპრეტირების მცდელობა მათ ოპონენტებს არ გამოუვათ. პოლიტიკოსებმა საზოგადოებას საერთაშორისო სასამართლოებში „ოცნების“ ხელისუფლების დროს მოგებული საქმეებიც შეახსენეს და თქვეს, რომ მშვიდობიან რეინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.
ხელისუფლების მშვიდობის ფორმულა, ამ ფორმით, მიუღებელია ოპოზიციისთვის. „ნაცმოძრაობამ“ ამ საკითხს სპეციალური ბრიფინგიც კი მიუძღვნა. ყოფილ სამთავრობო პარტიაში ამბობენ, რომ „ოცნების“ განცხადებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ოპოზიციის ნაწილი საარჩევნო პოპულიზმზე საუბრობს.
ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე განაცხადა: „არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიოფ მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება, მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდაა და მას საერთო ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკასთან არაფერი აქვს.
„ივანიშვილის განცხადება წმინდა წყლის წინასაარჩევნო ფანდია, რომელიც ნაციონალებზე კიდევ ერთხელ გადავლაა. ივანიშვილი და მისი გუნდი 12 წელია ხელისუფლებაშია, მაგრამ დეოკუპაციის კუთხით ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. ამ განცხადებას მხოლოდ წინასაარჩევნო დატვირთვა აქვს და არანაირი პროცესი ამ მიმართულებით დაწყებული არ არის. ეს არის ნაციონალების კიდევ უფრო ღრმად ჩაფლობის მცდელობა, რომელიც 2008 წლის მოვლენების მხოლოდ საკაშვილზე და მის გუნდზე გადაბრალებას ემსახურება.
კი აბტონო, ბოდიშის მოხდა არ არის სასირცხვილო და არც კატასტროფა, თუკი ეს საჭიროა და მე არა ერთხელ მისაუბრია ამაზე, რომ როცა საჭირო იქნება, ქართველები უნდა დავფიქრდეთ. თუმცა ეს ბოდიში უნდა მოვიხადოთ ორმხრივად და პროცესის თანმდევი უნდა იყოს. რაღაცა მოლაპარაკებაზე ნაბიჯები როცა გადაიდგმება, ჩატეხილი ხიდის აღსადგენად მუშაობა როცა დაიწყება, ეს ბოდიში რა დროს და რა კონტექსტში უნდა ვთქვათ, გამოჩნდება. თანაც აქ ყველაზე ცუდი ისაა, რომ რუსეთზე არ მიდის საუბარი. ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ ამ ყველაფერში მთავარი მონაწილე ფიგურა რუსეთია. რუსეთის არ ხსენება და მისი გათეთრება რას ემსახურება? რა პოლიტიკის ნაწილია? მე მაინც მგონია, რომ ეს განცხადება გაკეთდა, არა ოსებისთვის, არამედ რუსებისთვის, მათთან რაღაცების დალაგების მცდელობისთვის. თუმცა ვნახეთ, ოსებიდან და რუსებიდანაც როგორი დაცინვა და ცინიკური განცხადებები მოჰყვა ამას. თითქოს ქართველები გამოფხიზლდნენ და გამოიღვიძეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, გაუგებარია რეიტინგის მხრივ რას ელის „ოცნება“ ამ განცახდების შემდეგ. რატომ ჰგონია, რომ ეს არის იმ სახის მესიჯი, რომლის შემდეგადაც გორელები არჩევნებში მმართველ გუნდს მხარს დაუჭერენ?!
„არ ვიცი რატომ ცდილობს „ოცნება“ საკუთარ ფეხებში გასროლას. რა თქამ უნდა, მათ ჰყავთ ომის მონაწილე და მათი ოჯახის წევრებიც ამომრჩეველი. მათივე პარტიის მხარდამჭერებში არ არის ეს პოპულარული განცხადება. საინტერესოა, ალბათ, ასეთ განცხადებას გააკეთებს ზუგდიდშიც. თუმცა, ამით რა სახის მხარდაჭერის იმედი აქვს, არ ვიცი. მაშინ ადგეს და შევარდნაძის, გამსახურდიას, ყველას მაგივრად აფხაზებს და ოსებს ბოდიშები უხადოს, გამოვა ამით რამე? ამიტომ ვერ გაივიგე ამ მესიჯის დატვირთვა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
„ქართული ოცნების“ სიის წევრი ლადო ბოჟაძე კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები ყველასთვის მოულოდნელი და სიუპრიზი იყო, რადგან მას წინასწარ ამის თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია. For.ge-სთან ბოჟაძე ამბობს, რომ რეალურად გამოიკვეთა ის პირველი ნაბიჯები, რომლის მეშვეობითაც დეოკუპაციის საკითხის გდაწყვეტა შესაძლებელია.
„იმისთვის, რომ ქვეყნის მთლიანობის აღდგენა მოხდეს, ჯერ უნდა დავიბრუნოთ იქ მცხოვრები ადამიანების ნდობა და გული. შემდეგ კი ტერიტორიის დაბრუნება უნდა დავიწყოთ. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენის საკითხი რეალურია, ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი აფხაზი, ოსი დების და ძმების გულების დაბრუნება გვინდა. ჩვენ არ ვაპირებთ ტერიტორიის გაწმენდას, ხოლო ყველა დევნილი საკუთარ სახლებში უკან უნდა დაბრუნდეს. რატომ წამოვიდა ნაცოპოზიციისგან ასეთი შეშფოთება? იმიტომ, რომ მათ დაინახეს ტერიტორიის მთლიანობის აღდგენის რეალობა. ჩვენი გუნდის 12-წლიანმა მშვიდობიანმა პოლიტიკამ ეს რეალობა უკვე განაპირობა. ყველას სტაბილურ და განვითარებულ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უნდა.
ასევე 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება და აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა აფხაზეთისთვის და ოსებისთვის კიდევ უფრო მიზიდველი გახდება. რატომ არის ასე მტკივნეული ამ ხალხისთვის და რა არის მიზეზი, რის გამოც მათ ეს მშვიდობინი პოლიტიკა არ მოსწონთ? ამის მიზეზი არის ის, რომ მათ დაუშვეს უდიდესი და ისტორიული შეცდომა 2008 წლის ომით, რამაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი კიდევ დიდი ხნით გადადო. ამ ხალხს ეს ბოღმა და შური კლავს და მათ ქვეყნის ბედი საერთოდ არ ადარდებთ“, - ამბობს ბოჟაძე.
მისივე თქმით, მიხელ საკაშვილი 2003 წელს სწორედ რუსეთის ხელდასმით მოვიდა ხელისუფლებაში, რის სანაცვლოდაც დათმო სამაჩაბლო და აფხაზეთი.
„სააკაშვილის არასამშვიდობო პოლიტიკამ რა მოუტანა ქვეყანას? რუსეთის კიდევ უფრო განმტკიცებული პოზიციები საქართველოში. დაკარგული სოფლები, გამოდევნილი ჩვენი მოქალაქეები და ამდენი დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. არადა 2004 წლმდე, სანამ საკაშვილის ხელისუფლება მოვიდოდა, ჩვენ ცხინვალში შესვლა შეგვეძლო. იქიდან ხალხი რაჭაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. ადამიანურ დონეზე ურთიერთობები აღდგენილი იყო უკვე, თუმცა საკაშვილმა თავისი ამფსონებით რუსების ინტერესი გაატარა და ჩვენს შორის, ოსებსა და ქართველებს ვგულისხმობ, ეს ხიდჩატეხილობა გააჩინა. სწორედ ამაზე საუბრობს ივანიშვილი, რომ ამ ურთიერთობების აღდგენაა საჭირო და პირველი ნაბიჯები სწორედაც, რომ ბოდიშით უნდა გადავდგათ“, - ამბობს ბოჟაძე.