სურს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულ საზოგადოებას ამ პოსტზე, ამას არავინ კითხულობს, მთავარია, რომ „ლე ფიგაროსთან“ საუბრისას პრეზიდენტი მზადაა, „დიდი პასუხისმგებლობა“ აიღოს, მათ შორის, მეორე ვადითაც, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუმცა მზადაა თუ არა ოპოზიცია, ზურაბიშვილი გახდეს მათი ლიდერი, ეს უკვე სხვა საქმეა. აღარაფერს ვამბობთ ქართულ საზოგადოებაზე, ეკითხებიან თუ არა მათ, სურთ კი ზურაბიშვილის მეორე ვადით ხილვა ამ პოსტზე და იმ ეგზისტენციალური საფრთხის აცილება, რასაც ახლანდელი პრეზიდენტი სთავაზობს?!
რას ნიშნავს ზურაბიშვილის ამბიცია, მეორე ვადითაც მოსინჯოს ძალები, ხომ არ იგულისხმება აქ ქვეტექსტი, რომ ის თანახმაა, „ნაცებმა“ გაიმარჯვონ, უფრო ზუსტად კი, ოპოზიციის სახელით „ნაცებმა“ აირჩიონ პრეზიდენტად? უღირს მას ასეთი თანამდებობა და ასეთი გარიგება სისხლიან პარტიასთან?!
ამასთან დაკავშირებით პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ალბათ, იმიტომ შეარჩიეს, რომ მის ხელთათმანებს სისხლიანი ლაქები არ აქვს და იგი პირდაპირ დანაშაულებში არ იყო ჩართული, რომელიც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ახასიათებს.
გია ვოლსკის თქმით, ზურაბიშვილმა საკუთარი პირობები დააყენა, რომ ის იქნება ერთადერთი და განუმეორებელი, რომელიც დროებითი მთავრობის შემადგენლობას დააყენებს. ვოლსკი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილს უნდა მთავრობა წარმოადგინოს და ერთ წელიწადში ველი გაწმინდოს. ალბათ, იგივე რეპრესიები სჭირდება, რომელშიც გვარამია უკვე გამოცდილია და ამის შემდეგ უნდა ჩაატაროს არჩევნები.
„ამ პროცესის ლიდერი უნდა იყოს ზურაბიშვილი თავისი ქოლგით. ეს ქოლგა როგორია - რეალურია, სერიოზულია, ფუფალას დროშაა, ქოლგაა თუ სხვა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს“, - აცხადებს გია ვოლსკი და იხსენებს სააკაშვილ- გვარამიას უხამს შეფასებებს პრეზიდენტთან დაკავშირებით და განმარტავს, ახლა მთავარია, ოპოზიცია როგორ დაიჯერებს, რომ ზურაბიშვილი მათი ლიდერია.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამიერიდან პრეზიდენტად არჩევა აღარ იქნება მოსახლეობის მასშტაბით, არამედ შედგება დიდი კომისია, რომელიც მოახდენს პრეზიდენტის არჩევას. ბევრ ქვეყანას აქვს ამის გამოცდილება და ბევრ ქვეყანაში, ისევე, როგორც ჩვენთან, პრეზიდენტი არ წარმოადგენს პოლიტიკურად გადამწყვეტ ფიგურას, ირჩევენ, როგორც სავალდებულო რგოლის შემსრულებელს და არა, როგორც ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელს.
„მეორე მხრივ, რასაც იძახის ქალბატონი პრეზიდენტი, ცოტა გაუგებარია. რას ნიშნავს მისი მხრიდან თანხმობა, მე ვითამაშებ შუამავლის როლსო. ეს მაშინ, როცა დასავლეთსა და მთავრობას შორის არის დაძაბულობა. რისი შუამავალი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც მთავრობამ იმპიჩმენტი გამოუცხადა და თვლის, რომ პრეზიდენტობის ღირსი არ არის. რაც შეეხება ქვეტექსტს, „ნაცების“ პრეზიდენტობას აპირებს თუ არა ზურაბიშვილი, ეს თქვა კიდეც მაგ ინტერვიუში, ევროპისკენ მიმავალი ერთადერთი პერსპექტივა არის ამ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებაო. არ ვიცი, რამდენად არის ეს გარიგება ოპოზიციასთან, შეიძლება ილუზიებია უბრალოდ, რადგან საქართველოში ილუზიები ბევრს აქვს. წესით, უნდა ახსოვდეს პრეზიდენტს, პირადად მასზე როგორ ლაპარაკობდა ოპოზიცია. ამდენად, თუკი დავიჯერებთ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, მოისურვებს კი ეს ოპოზიცია პრეზიდენტად ისევ ზურაბიშვილს?! ხომ შეიძლება გაიმარჯოს ამ ოპოზიციამ და „გადააგდოს“ ეს პრეზიდენტი, ანუ არ შეუსრულოს წინასაარჩევნო დაპირება?!“ - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ for.ge- სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ირონიით შენიშნავს, რომ „ნაცები“ ისევე მოვლენ ხელისუფლებაში და ზურაბიშვილი ისე გახდება პრეზიდენტი, როგორც 5 ნოემბერს თავად იგი გახდება ამერიკის პრეზიდენტი.
„ეს ქალბატონი ერთი ხელმოცარული ბეხრეკია. როდესაც მეორე ვადაზე საუბრობს, ვერ არის სრულ გონებაზე და ავიწყდება, რომ ჩვენს ხალხს ის არ უნდოდა და დღესაც არ უნდა პრეზიდენტად. ხოლო თუ ნორმალურადაა და მაინც ამას ლაპარაკობს, მაშინ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ეს მისი პატრონების დაკვეთაა. იმ პატრონების, რომლებმაც ის ჩაიყვანეს ერთ-ერთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, დააყენეს თავისუფლების ქანდაკების ფონზე და აყვირეს, ცოცხლად დაწვით ქვეყნის სამართალდამცავებიო. ჩვენს ხალხს არასდროს არ ყვარებია ეს პრეზიდენტი. ძალიან მიკვირდა მაშინაც და ახლაც მიკვირს, რატომ მოხდა, რომ ეს ქალბატონი პრეზიდენტად იქნა არჩეული, მით უმეტეს, უპრეცედენტო ფაქტია მსოფლიოში და ასეთი ფაქტი არსად ყოფილა, რომ ბანერებზე გამოკრული იყო „ოცნების“ სხვა ლიდერები. ხალხს იმდენად ეზიზღებოდა ზურაბიშვილი, რომ იგი ბანერებზეც არ გამოაკრეს. ძალით იქნა გათრეული, ვერც თამარის ჯვარმა ვერ უშველა, ეშმაკს როდის შველოდა რაიმე, ეშმაკს შველის მხოლოდ და მხოლოდ ღორების კოლტში შესვლა, როგორც წერია სახარებაში და შემდეგ უფსკრულიდან ზღვაში გადაჩეხვა, რა თქმა უნდა, მე ვლაპარაკობ არა ფიზიკურ, არამედ სულიერ განადგურებაზე“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ ჩვენთან საუბრისას.