ამერიკელი სენატორები საქართველოს ღიად ემუქრებიან და არ მალავენ, რომ მხარს უჭერენ რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნებას. გარდა იმისა, რომ ლობირებენ და აფინანსებენ რევოლუციას ქვეყანაში, არიან არაკორექტულები და აგრესიულები. სენატორი ჯიმ რიშის განცხადებით, ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი.
რესპუბლიკელი სენატორის თქმით, არ ესმის რატომ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც რუსეთი შეიჭრა, ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც სურთ კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში დაბრუნება. მან მაგალითად მოიყვანა ბალტიის ქვეყნები, სადაც სენატორის თქმით, მათ რუსეთთან საქმის დაჭერა არ უნდათ, არანაირი ფორმით. ამასთან, სენატორმა აღნიშნა, რომ საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდებიან.
„2012 წლიდან შორიდან ვაკვირდებოდით და არ გვესმოდა. ვხედავთ უკუსვლას, რეალურად, არ გვესმის. თქვენი ქვეყანა 4 მილიონ ადამიანზე ნაკლებია, ისე ჩანს, თითქოს, მინიმუმ, მნიშვნელოვანი მოძრაობაა, რომელიც წარსულ რუსულ მმართველობას და რუსულ რეპრესიებს ადიდებს. უბრალოდ, არ გვესმის ეს. თქვენ მიიღეთ თავისუფლება რუსეთისგან და რატომ უნდა მიექანებოდეს ქვეყანა უკან?
საქართველო, რომელსაც შეჭრით „ეწვია“ რუსეთი, აიღო მისი ორი ტერიტორია, პირობა დადო, რომ წავიდოდა, მაგრამ ჯერაც აგრძელებს ტერიტორიების ოკუპაციას. იმას ვამბობ, რომ შეშლილების ჯგუფი ყოველთვის იქნება, მაგრამ რატომ უნდა იყოს ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც, როგორც ჩანს, უკან კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში სურს დაბრუნება, რომელიც რუსეთს ჰქონდა“, - განაცხადა ჯიმ რიშმა.
სენატორი ბენ კარდინის განცხადებით, გასაოცარია, მაგრამ „უცხოური გავლენის“ კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს, დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვნენ. დემოკრატი სენატორის განცხადებით, კონგრესს აქვს პასუხისმგებლობა, გაბედული ნაბიჯები გადადგას.
„მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიაში კანონის სპონსორები ძალიან ნათლად ამბობდნენ თავიანთ ზრახვებს, სამოქალაქო საზოგადოების თუ რომელ აქტორებს მიიჩნევდნენ მტრებად. კონგრესს და კონკრეტულად ამ კომიტეტს პასუხისმგებლობა აქვს, რომ გაბედული საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგას, რათა პირდაპირ შეეწინააღმდეგოს ამ კანონების გამოყენებას და მხარი დაუჭიროს მამაც აქტივისტებს, რომლებიც დემოკრატიის ერთგულნი არიან“, - განაცხადა ბენ კარდინმა.
აგრესიასთან ერთად, სენატორი ჯინ შაჰინი იტყუება, როდესაც როგორც ფაქტი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს. მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, სადაც მისი თქმით, საქართველოს პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულები არიან.
„შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრთან გვქონდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროის რეგრესის საკითხი წამოვწიეთ, რაზეც „უცხოური აგენტების“ კანონის მიღებამ იმოქმედა. მოვუწოდეთ მას, რომ დაფიქრდეს გზებზე, რითაც მომავალში საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების განხილვა შეგვეძლება, რომლებიც თანხვედრაში იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.
ამერიკელ სენატორებს პასუხობს მთავრობის მეთაური და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებაც ეს არის, რაც რიშმა თქვა - ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა, მისი ტერმინით რომ ვთქვათ, ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეფასებები და ტერმინები, რომლებსაც კონგრესში „ქართული ოცნების“ მიმართებით იყენებენ, თავად ტერმინების ავტორებისთვის არის უხერხული, რადგან აჩვენებს უკულტურობის დონეს კონგრესში.
„ეს ტერმინები არის უსიამოვნო თავად ამ ტერმინების ავტორებისთვის. არ შეიძლება უკულტურობის ასეთ დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში. ამერიკის კონგრესი იყო ის ინსტიტუცია წლების განმავლობაში ჩვენთვის, რომელიც სამაგალითო იყო და დღეს ამ ინსტიტუტში, ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში, ჩვენ ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბით შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია და პირადად ჩემთვის არის ძალიან გულსატკენი.
რაც შეეხება სენატორ რიშს, ის იყო ჩამოსული 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ მხარდასაჭერად, ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერი, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილმა მას და მის მეგობრებს შანსი არ დაუტოვა 2012 წელს და მათ, ისევე როგორც მათ მეგობარ სააკაშვილს, მოუწიათ არჩევნების შედეგების აღიარება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, სენატორმა ჯიმ რიშმა ყოველნაირი წითელი ხაზი გადაკვეთა. მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული რიში, ისევე როგორც კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი და ფოტიგა „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე „იჯდნენ“ და მათ მესიჯბოქსს აჟღერებდნენ.
„ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია გზავნილები, რომელიც თავიდან ბოლომდე ტყუილზეა დაფუძნებული. მათი ინტერესია საქართველოს მოსახლეობა ტყუილში და შებრუნებულ რეალობაში აცხოვრონ. საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები ქვეყნის მტრები არიან - ჩვენ მათ უსამშობლოებს ტყუილად არ ვეძახით. ისინი 100%-ით უცხოეთიდან იმართებიან. მათ უნდა ისაუბრონ ის, რასაც დაავალებენ. შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდებიან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე იხსენებს, რომ სენატორი ჯიმ რიში ჟურნალისტებმა ამხილეს და კორუმპირებული უწოდეს. შესაბამისად, როდესაც უცხოელი პოლიტიკური სუბიექტი უსინდისოდ ამუნათებს საქართველოს, მათ ბიოგრაფიებში ყოველთვის იძებნება ვიგინდარობის დასაბუთებული ფაქტები. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სენატორმა ჯიმ რიშმა პოლიტიკოსისთვის უსაქციელოდ დააანონსა ჩვენი არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან „ვიგინდარების გაყრა“, რაც ბუნებრივია, მის ნაცსექტანტ ვასალებს გულისხმობს და არა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ის ამაოდ უპირისპირდება.
„როცა უცხოელი აქტორის რეალურ პოლიტიკურ ვიგინდარობაზეა საუბარი, უპრიანია გადავხედოთ მასზე მისი ქვეყნის მედიას. 2023 წელს, აიდაჰოს შტატის სენატორის საარჩევნო შტაბი დაჯარიმდა 4,325 დოლარით იმის გამო, რომ 2020 წლის კამპანიის დროს დროულად ვერ დააბრუნა გადაჭარბებული შემოწირულებები, 58,000 დოლარი. ამასთან, 2023 წელს, მდიდარი სენატორი რიში ცდილობდა გამოეყენებინა თავისი ძალაუფლება და გავლენები, რათა პირდაპირი მნიშვნელობით „ცა გადაეკეტა“ თვითმფრინავებისთვის მის ოლქში მდებარე 18-ჰექტრიანი Southwest Boise რანჩოს თავზე.
ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ის ამხილეს და უწოდეს კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი. როდესაც უცხოელი პოლიტიკური სუბიექტი უსინდისოდ ამუნათებს საქართველოს, საჯარო წყაროებში მათ ბიოგრაფიებში ყოველთვის იძებნება ნამდვილი ვიგინდარობისა და უტიფრობის კონკრეტული დასაბუთებული ფაქტები“, - აცხადებს გია აბაშიძე.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ერთ დროს დემოკრატიის სავანედ ცნობილ, ამჟამად კი ბაიდენის ადმინისტრაციის ხელში ყარაყორუმად ქცეულ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში პატარა საქართველოს გამო დიდი ამბებია ატეხილი. გლობალური ომის პარტიის ანუ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები ხედავენ, რომ პატარა ქვეყანამ მოინდომა რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რასაც ვერ ეგუება ძლიერი ამა მსოფლიოსანნი.
„საქმე იმ დონემდე მივიდა, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ დაქირავებულმა სენატორებმა, ისეთი ტერმინოლოგიით დაიწყეს საუბარი საქართველოს მიმართ, რომელსაც თვით პირწავარდნილი კოლონიზატორები იანოვსკი და კატკოვიც კი ერიდებოდნენ. ამას ემატება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ მოსყიდული უსამშობლო გიგაურისა და შარვალჩახდილ გირჩ-ზურაბას ოკეანისგაღმა ვიზიტები, რათა შემზადდეს ნიადაგი საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისათვის.
უდავოა, რომ ჩვენი „მეგობრები“ ემზადებიან და აქაურ სულგაყიდულებს, ფულის საფასურად ქცეულ მარიონეტებს ანუ მეხუთე კოლონას და სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ამზადებენ 26 ოქტომბრის არჩევნების არაღიარებისათვის, რასაც შემდეგ უნდა მოჰყვეს დესტაბილიზაცია, ცნობილი მოვლენების განმეორება. რამდენიმე დღეში კი საქართველოს ომში ჩაბმა და ღმერთმა დაგვიფაროს, გალაქტიონისეული „სხვა ხალხის მესმის აქ ჟრიამული“. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე 2024 წლის 26 ოქტომბერი თავის არსით იგივე 1121 წლის 12 აგვისტოა. ამიტომაც ქუდზე კაცი ღირსების, მამულის, ენის, სარწმუნოების გადასარჩენად“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.