ემი ადამსი, რენე ზელვეგერი, ზოი დეშანელი, ბრიტანი მერფი, მიშელ უილიამსი და პინკი — ამ ვარსკვლავებს ერთი რამ აერთიანებს. ყველა მათგანი ერთ დროს ჯენის ჯოპლინზე ბიოგრაფიულ ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად განიხილებოდა. ამერიკული როკის ლეგენდის ცხოვრების დიდ ეკრანზე გაცოცხლება ჰოლივუდში არაერთხელ ცადეს, მაგრამ მცდელობების უმრავლესობა უშედეგოდ დასრულდა.
სულ ახლახან კი, ცნობილი გახდა, რომ ჯოპლინზე ფილმის გადაღებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. ამჯერად, მთავარი როლი მსახიობ შეილინ ვუდლის ერგო. როგორც ცნობილია, ვუდლი ასევე მოირგებს პროდიუსერის როლს. თუმცა, არ ვიცით, იქნება თუ არა პროექტში ჩართული ჯოპლინის მემკვიდრეობის მმართველი კომპანია ან დართავს თუ არა იგი ნებას შემქმნელებს, ფილმში მომღერლის მუსიკა გამოიყენონ.
აი, თავად ვუდლის თქმით კი, ჯენის ჯოპლინს მათი ფილმი ამბავი ძალიან გაახარებდა.
"კალიფორნია ჯენის ჯოპლინისთვის ბევრს ნიშნავდა. ეს შტატი მისთვის იმ სცენად იქცა, რომელზეც არა მხოლოდ მუსიკის სამყარო შეიცნო, არამედ თავისი მომხიბვლელი ბუნებაც", — ამბობს მსახიობი, — "თავადაც ლოსანჯელესელი, რომელიც კინოინდუსტრიის ხალხთან გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფილმზე ყველაზე ნიჭიერი, მოწადინებული და გულმოდგინე ხალხი იმუშავებს, ეს კი უზომოდ მახარებს. ასე მგონია, თავისი პორშეთი კალიფორნიის გზებზე მიმავალი ჯენისი ყურებამდე გაღიმებული იქნებოდა, რომ სცოდნოდა, საკუთარი ამბით მშობლიურ ქალაქს ასე ეხმარება".
ჯენის ჯოპლინის ბიოგრაფიად იყო ჩაფიქრებული 1979 წლის გახმაურებული ფილმი The Rose, ბეტ მიდლერით მთავარ როლში. თუმცა, ჯოპლინის ოჯახმა თანამშრომლობაზე უარი თქვა. ამის მიუხედავად, ფილმი წარმატებული გახდა: ოსკარის ოთხ ნომინაციას გამოჰკრა ხელი, მისი საუნდტრეკი კი ჰიტად იქცა.
18 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, ჯენის ჯოპლინი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკულ მუსიკოსად რჩება. ხანმოკლე კარიერის მიუხედავად, როკვარსკვლავმა ამერიკულ კულტურაში დიდი კვალი დატოვა. ჯოპლინი 1970 წელს, 27 წლის ასაკში, ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ, მას როკ-ენ-როლის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2004 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა ჯოპლინი ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებელს შორის დაასახელა.