გამოკვეთილად ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა - სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, რომლის განხილვის თემა იყო „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“ და, რომელზეც მოსმენაზე მოხსენებით წარსდგა ა-ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, კაპიტანი ეკა გიგაური. გიგაურმა საქართველოს ხელისუფლება დააბეზღა, რომ „ოცნების“ მთავრობა ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
გიგაურმა ამერიკელ სენატორებს ისიც შესჩივლა, რომ თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს. კაპიტანი გიგაურის განცხადებით, ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით გააგრძელა კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო მეგობრებს საქართველოს დესტაბილიზაციის მოსურნე „გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩენს.
„საქართველოში შექმნილი ვითარება დრამატულია, მაგრამ მე აქ თანაგრძნობისთვის არ მოვსულვარ. ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ. იქ, სადაც დემოკრატიის მხარდამჭერი ძლიერი მოძრაობები არსებობენ, ხოლო ამერიკასთან პარტნიორობას რუსეთის მსგავსი ქვეყნები უქმნიან საფრთხეს - რასაც ახლა საქართველოში ვადევნებთ თვალს - მოქალაქეების დემოკრატიული მისწრაფებების თანმიმდევრული მხარდაჭერა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.
საქართველოში „რუსულ კანონს“ სახალხო მღელვარება მოჰყვა. თუმცა ხელისუფლებამ მაინც განაგრძო წითელი ხაზების გადაკვეთა რუსული ყაიდის მმართველობის დასამყარებლად. ამიტომ ქართველებისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად, რეფერენდუმია! მკაფიო არჩევანი დემოკრატიულ, წარმატებულ ევროპულ მომავალსა და ჭაობში ჩარჩენილ რუსეთის სატელიტად გახდომას შორის.
თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა, ეს დემოკრატიული განვითარების შანსებს საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსაც გაუქრობს. გეოპოლიტიკურად ეს ასე ითარგმნება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს და თავის გავლენის სფეროში მოგვაქცევს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
სენატში გიგაურის გამოსვლას სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა უწოდა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ასეთი აქტები მიზნად ისახავს არჩევნებზე გავლენის მოხდენას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს იყო მორიგი ლუსტრაცია, თუმცა ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან, არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია.
„მიზანი არის ის, რომ ასეთმა აქტებმა რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისთვის, რომ ასეთ აქტებზე არ ააგოს საკუთარი საარჩევნო გადაწყვეტილება. რეალურად, ვერც ერთი ასეთი განხილვა, ვერც ერთი ასეთი აქტი ვერ მოახდენს გავლენას ქართული საზოგადოების არჩევანზე.
ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი. თქვენ გახსოვთ, რომ იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, დღეს ეს ვითარება არ არის, დღეს ქართული საზოგადოება უყურებს იმას თუ რა ხდება ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერი კახა კალაძე სამარცხვინოს და წარმოუდგენელს უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლის ფაქტს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ყოველივე ამას ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს პასუხს.
„სამარცხვინოა, გიგაურს რომ მიიწვევ იქ. წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში სასაუბროდ. ქართველმა ხალხმა შეაფასოს ეს ყველაფერი, მე არაფერს ვიტყვი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ვინ არიან კოლექტიური გიგაურები საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, მათ, ყველას გასცემს შესაბამის პასუხს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ეკა გიგაურის ამერიკაში გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა. მისი თქმით, ის, რომ ეკა გიგაური დადის ამერიკაში და საქართველოზე ნეგატიურად საუბრობს, ზუსტად ნიშნავს იმას, რომ წარმოადგენს უცხოურ ძალას.
„გიგაური აქ არავის აურჩევია ან დაუნიშნავს ვინმეს. ის პირდაპირ წარმოადგენს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ინტერესებს. შესაბამისად, მის განცხადებას აქვს აბსოლუტურად ნულოვანი ფასი. ის, რომ ეკა გიგაური დადის ამერიკაში და საქართველოზე ნეგატივს საუბრობს, ზუსტად ნიშნავს იმას, რომ წარმოადგენს უცხოურ ძალას. გიგაურის ვიზიტი ამერიკაში ზუსტად ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოპოზიცია დადის უცხოეთში და უცხოურ ინტერესებს ატარებს საქართველოში. ჩვენ გვინდა ხალხის ინტერესები გავატაროთ საქართველოში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ს სენატში ეკა გიგაურის პოლიტიკურმა ფიზკულტურამ, ბუმერანგის ეფექტი გამოიღო. „საქართველოს მოქალაქეების თვალში რადიკალური ოპოზიცია და მისი მოკავშირე ენჯეოები, რეპუტაციულად კიდევ უფრო მეტად დაზარალდნენ. ეს უნდოდათ არჩევნების წინ? მოკლედ, დათვური სამსახური გაუწია კაპიტანმა გიგაურმა“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ნაცოპოზიციის გარდაუვალ დამარცხებაზე ორი მთავარი მოცემულობაც მეტყველებს - აგრესიული თავდასხმები ერზე და უცხოელი მფარველების მასობრივი მობილიზაცია ნაცლუზერების თავხედურ, ღია მხარდაჭერაში.
„უსამშობლოების მძულვარება ყოველივე ქართულზე არაა ახალი. ასე გააფთრებულად მზარდი და უზნეო კამპანია საზღვარგარეთიდან რევანშისტების სასარგებლოდ, მიანიშნებს იმაზე, რომ აგენტოკრატიამაც ზუსტად იცის მათი გოშიების ნულოვანობა. სწორედ ამით აიხსნება რეპუტაციაშელახული დასავლელი აქტორების ვიზიტები და მათი ჩალისფასიანი „დამოძღვრები“ დემოკრატიაზე. ჩვენი საზოგადოებისთვის არაფრისმთქმელი რაღაც რეზოლუციების, მოსმენების, შანტაჟის, მუქარნარევი განცხადებების, წინასაარჩევნოდ, პატრონების კარზე ნაცსექტანტების გახშირებული ვიზიტების და ღია და შიდა ობსტრუქციის მიუხედავად, ხალხი ირჩევს მის ხელისუფლებას, ხოლო ფარისეველთა „ნოტაციები“ კიდევ უფრო ახუნებენ მათ ნაცმონა-მორჩილებს“, - ამბობს გია აბაშიძე.