რა კრიტერიუმით შეადგინა „ოცნებამ“ სიის ოცეული და რა გავლენა ექნება მას ამომრჩეველზე

რა კრიტერიუმით შეადგინა „ოცნებამ“ სიის ოცეული და რა გავლენა ექნება მას ამომრჩეველზე

რა კრიტერიუმებით დააკომპლექტა „ქართულმა ოცნებამ“ სიის ოცეული და რა სახის ამომრჩეველზე გათვალა ოლიმპიური ჩემპიონების სიაში ჩაწერა? მმართველი გუნდის საარჩეევნო სია კვლავ პოლიიტკური განხილვის თემაა. ანალიტიკოსები for.ge-სთან რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, რის მიხედვითაც, დიდი ალბათობით, მმართველმა გუნდმა სია შეადგინა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება: სიის სათავეში, პირველ ნომერი ბიძინა ივანიშვილია. საარჩევნო სიაში, ახალ სახეებთან ერთად, წარმატებული ქართველი სპორტსმენები - გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძეც არიან.

1. ბიძინა ივანიშვილი; 2. ირაკლი კობახიძე; 3. ირაკლი ღარიბაშვილი; 4. შალვა პაპუაშვილი; 5. მამუკა მდინარაძე; 6. თეა წულუკიანი; 7. ლაშა ტალახაძე; 8. ვახტანგ თურნავა; 9. მაკა ბოჭორიშვილი; 10. გენო პეტრიაშვილი; 11. სოზარ სუბარი; 12. მარიამ ქვრივიშვილი; 13. ანრი ოხანაშვილი; 14. ნიკოლოზ სამხარაძე; 15. ეკა ჭიჭინაძე; 16. შოთა ბერეკაშვილი; 17. ლევან მახაშვილი; 18. მიხეილ ყაველაშვილი; 19. გიორგი გაბუნია; 20. ლიკა შარტავა.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ივანიშვილმა „ოცნების“ რეპუტაციის გადარჩენა არავის ანდო და მაშველი რგოლის ფუნქცია თავად იკისრა. გაამართლებს თუ არა მისი ყოფნა სიის სათავეში, მათი თქმით, ეს არჩევნებზე გამოჩნდება. თუმცა ფიქრობენ, რომ ფაქტია, „ოცნებამ“ ბოლო შანსი გამოიყენა და ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ბიძინა ივანიშვილი სიაში ჩაეწერა. ასეთი რამ 2012 წელსაც კი არ მომხდარა.

რა კრიტერიუმებით დააკომპლექტა „ქართულმა ოცნებამ“ სიის ოცეული? - ამ კითხვაზე პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გუნდი საკმაოდ მრავალფეროვანია, სადაც არიან როგორც სტაჟიანი პოლიტიკოსები, ასევე ახალი სახეები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები, ოლიმპიური ჩემპიონები და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები.

პრემიერი აქვე ოპოზიციას შემადგენლობასაც უწუნებს და ამბობს, რომ ისინი გადახალისებას ვერ ახერხებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მრავალფეროვანი წარმომადგენლობა შეგვეთავაზებინა ქართული საზოგადოებისთვის. ხედავთ, რომ სხვა პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ გადახალისებას, განახლებას, ამის არავითარი რესურსი არ აქვთ. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მეამაყება, რომ ჩვენ გუშინ დავასახელეთ და წარვადგინეთ ასეთი ოცეული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ სია და გამოქვეყნებულ ოცეულს გარკვეული პიარის სახე აქვს და ის რამდენიმე მიმართულებაზე არის გათვლილი. საყვარელიძის აზრით, სიაში მოცემული სახეები, სხვადასხვა სფეროდან არიან, რაც მმართველ გუნდს საშუალებას მისცემს, ყველა პროფესიის ადამიანი დააინტერესოს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი საყვარელიძე სპორტსმენებზე აკეთებს, რომელთა სიაში ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„რა თქმა უნდა, გენო პეტრიაშვილის და ლაშა ტალახაძის სიაში ჩაწერას რამდენიმე სახის გათვლა აქვს. პირველ რიგში, ამას პიარის ელემენტები აქვს, რომლის მეშვეობითაც „ოცნება“ იმ ახალგაზდების ყუარდღების მიქცევას შეძლებს, რომლებისთვისაც ეს სპორტსმენები დიდი სიყვარულით სარგებლობენ. ამის პარალელურად, ისინი ახალი სახეები არიან, რომლებიც პოლიტიკური წარსულით არ არიან დამძიმებულები, მით უმეტეს მათი მხარდაჭერა და ახლა სიაში ყოფნა, საზოგადოების დიდ ნაწილზე გავლენას მოახდენს. მეორე მხრივ კი „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.

ეს არის ძალიან მიშვნელვანი არჩევნები, სადაც როგორც ქვეყნის ბედი წყდება, ასევე „ოცნების“ და მათი მხარდამჭერების. აუცილებელია, რომ „ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს, რადგან შემდეგ ოპოზიციასაც და დასავლეთსაც სპეკულაციების საშუალება არ ჰქონდეს. ამისთვის „ოცნებას“ ჯოკრები სჭირდებოდა. ასეთი ჯოკრები კი ბიძინა ივანიშვილი და ეს სპორტსმენები არიან, მით უმეტეს სიმბოლურია გენო პეტრიაშვილის სიაში ყოფნა, რადგან ის გვახსოვს რუსების მიერ იყო გატაცებული და მას პრორუსს და ა.შ. ვერავინ დაუძახებს. მეორე მხრივ ეს ადასტურებს, რომ მმართველი გუნდი არა პრორუსული ძალაა, არამედ ის ძალაა, რომელსაც ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება შეუძლია“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია, დიდი ალბათობით, ეცდება საარჩევნო სიაში საზოგადოებისთვის საყვარელი და ავტორიტეტული ფიგურები შეიყვანოს, რათა „ოცნების“ სიას კონკურენცია გაუწიოს. თუმცა ანალიტიკოსს ეეჭვება, რომ ლაშა ტალახაძეზე ავტორიტეტული ფიგურა ოპოზიცამ მოძებნოს. მეორე მხრივ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის პირველ ნომრად დასახელება ბრძოლის ხაზს კვლავ მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ავლებს. თუმცა სააკაშვილი იმდენად არის დასუსტებული, რომ ის პოლიტიკურად ბევრს ვერაფერს ვეღარ შეძლებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ამ სიით დასტურდება, რომ „ოცნებას“ რთული სიტუაცია აქვს, რადგან იძულებული გახდა ყველა კოზირი ჩამოსულიყო. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ გარკვეული გავლენა ივანიშვილის და სპორტსმენების სიაში ყოფნას ექნება, მაგრამ არა იმ დონის, რომ მმართველ გუნდს დამატებით ხმები მოუტანოს.

„მე მაინც მგონია, რომ ჯობდა ივანიშვილსაც და ამ სპოტრტსმენებსაც რაღაცა მხარდამჭერი კლუბი ჩამოეყალიბებინათ და მმართველი გუნდისთვის მხარი ასე დაეჭირათ. მე მგონია, რომ „ოცნებას“ იმ დონეზე რთულად აქვს სიტუაცია, ამის გამო იძულებულები გახდნენ თამაშში მთავარი ჯოკერი ივანიშვილი და ოლიმპიური ჩემპიონები ჩაერთოთ, ყველა ჯოკრის გათამაშება მოხდა, რაც კი ჰქონდათ, ამიტომ არ მგონია, რომ საქმე მთალად კარგად ჰქონდეთ. მეორე მხრივ, ჩემთვის სრულიად გაუგებარია და უპრეცედენტოა მოქმედი სპორტსმენების სიაში ჩაწერა. როგორ უნდა გავიდეს ეს ხალხი შემდეგ შეჯიბრებებზე ვერ გავიგე. ჩემი დიდი პატივისცემა მათ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ფეხი შემოაბიჯეს, მაგრამ არ მესმის მათი მოტივაცია რა არის. კი ბატონო, რაღაცა გავლენა ახალგაზრდებზე ამ სპორტსმენების სიაში ყოფნას ექნება, მაგრამ არ მგონია, რომ ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე ჰქონდეთ, მით უმეტეს ე.წ. შუაშისტ ელექტორატზე, რომელიც საერთოდ სხვა პოლიტიკური გემოვნების არის. კი ბატონო, ამ 20-ს გარკვეული პიარის სახე აქვს, თუმცა დანარჩენი ყველა ძველი სახეა, რომელთა მიმართაც საზოგადებაში ბევრი კითხვებია დაგროვილი და პოლიტიკურად გახუნებული სახეები არიან“, - ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება კითხვას - რას დაუპირისპირებს „ოცნებას“ ოპოზიცია, ძაბირაძე ამბობს, რომ ისინი ჯერ პრემიერის საერთო კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ. თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ამაზე „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს. ამიტომ ფიქრობს, რომ საქმე კარგად არც ოპოზიციას არ ექნება, თუკი საზოგადოებას არ წარუდგენს იმ მთავარ ფიგურას, რომელმაც ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ივანიშვილი მხოლოდ პარტიულ ელექტორატს მოიზიდავს და გაამაგრებს, სხვა დანარჩენ ამომრჩეველზე ზეგავლენას ვეღარ მოახდენს.

Gami 30 წელი რომ აგდია ძაბირაძე და ,"რესპები" ქართულ პოლიტიკაში, რა გააკეთეს დამპლობის და ვერაგობის გარდა?!
2 თვის უკან