რატომ გაჭიანურდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილების გამოცხადება?

რატომ გაჭიანურდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილების გამოცხადება?

საკონსტიტუციო სასამართლომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების შესახებ პრეზიდენტის, ოპოზიციის და მესამე სექტორის სარჩელები განიხილა, თუმცა პროცესების დასრულებიდან 11 დღის თავზეც ვერდიქტი არ გამოუცხადებია.

სათათბიროდ გასული პლენუმის მოსამართლეები არ ამბობენ, რა ვადებში გამოაცხადებენ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

იურისტები ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსული კანონის“ სარჩელზე გადაწყვეტილების გაჭიანურების მიზეზი აზრის გაყოფა იქნება, რის შემდეგაც, კანონის მოქმედება არ შეჩერდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კი კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს „სრულიად უპერსპექტივო“ უწოდა და აღნიშნა, რომ „მას არაკომპეტენტური, ოდიოზური პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“ წარმოადგენდნენ“.

„სამართლებრივად სრულიად უპერსპექტივოა ის სარჩელი. ამას დაემატა ის, რომ არაკომპეტენტური ადამიანები წარმოადგენდნენ ისედაც უპერსპექტივო სარჩელს - ბურჯანაძე, ბესელია და ა.შ. ოდიოზური „ენჯეოშნიკები“ და პოლიტიკოსები, შესაბამისად რა სამართლებრივი პერსპექტივა უნდა ჰქოდნეს ამ სარჩელს, ვერ წარმომიდგენია. სამი გონიერი, კვალიფიციური იურისტი უპირისპირდებოდა რამდენიმე იდიოზურ პოლიტიკოსს და „ენჯეოშნიკს“ და აბსოლუტურად თავდაყირა დაუყენეს მთელი სარჩელი, რადგან არგუმენტი არ ჰქონდათ. იქიდან იყო მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები“,- თქვა კობახიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მოსამართლეების ქცევა ძალიან უცნაურია და მისთვის გაუგებარია რატომ შეიძლება დროში გადაწყვეტილების გამოქვეყნება ასე გაჭიანურებულიყო. მისი თქმით, ეს ხომ მხოლოდ წინა სასამართლოს სხდომები იყო, სადაც უნდა გადაწყდეს ღირს თუ არა ამ სარჩელის გარშემო სასამართლო სხდომების ჩანიშვნა. მიუხედავად ამისა, მოსამართლეებს გადაწყვეტილების მიღება მაინც უჭირთ.

„ერთი რაც შეიძლება ითქვას, ის არის, რომ მოსამართლეები რაღაცას ელოდებიან. ჩემი აზრია, რომ ისინი „ოცნებას“ ელიან და მათი გადაწყვეტილება სწორედ ამაზეა დამოკიდებული. პრეზიდენტის ირგვლივ მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოებმა გვაჩვენა, რომ მოსამართლეებიდან წინააღმდეგობას მხოლოდ ერთი ან ორი პირი თუ გასწევს. მე მაინც მგონია, რომ ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტლებას მიიღებენ. თუკი სასამართლოების გამართვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ ამ კანონის აღსრულება უნდა შეჩერდეს.

როგორც ჩანს, ეს არ აწყობთ, ამიტომ ჯერ კიდევ ფიქრობენ რა გამოსავალი იპოვონ. მთლად უარსაც ვერ ამბობენ, რადგან სასამართლოზე სარჩელის ავტორები საკმაოდ დამაჯერებლად წარსდგნენ და ახსნეს, რატომ უნდა მოხდეს ამ კანონის შეჩერება და რა სახის ზიანის მომტანია. მე ვურჩევ „ოცნებას“ რომ სჯობს ეს კანონი შეჩერდეს და ის სკანდალი და დაპირისპირება, რის გამოც დასავლეთთან „ოცნებას“ აქვს, გარკვეულწილად, მაინც შენელდება. მეორე მხრივ კი მათ ამ მარწუხიდან, რომელშიც თავი სკაუთარი სურვილით გაყვეს, თავს ვერ დაიხსნიან. ერთი ვარიანტია კიდევ, რომ ხმები შუაზე გაიყოს, 4-მა მოსამართლემ უარი თქვას, ხოლო 4-მა კი თანხმობა, ამით კი სასამართლოს წარმოებაში სარჩელის მიღება არ მოხდება. თუმცა ვხედავთ, რომ ამასაც არ აკეთებენ. დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული მოსამართლეების თავზე ეს პასუხისმგებლობა და ვნახოთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ მოსამართლეებზე არასამთავრობო ორგანიზაციების და რადიკალური ნაცოპოზიციის მხრიდან არნახული ზეწოლა ხორციელდება. ამიტომ ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მათ დრო სჭირდებათ რათა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ.

„მოსამართლეებზე არნახული ზეწოლა მიდის. ამ კანონის ირგვლივ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი. მოსამართლეები ყველა მხრიდან წნეხის ქვეშ არიან. ის განცხადებები, რაც ოპოზიციის და მათთან აფილირებული ენჯეო სექტორიდან კეთდება, ძალიან რთულია მოსამართლეებზე არ მოქმედებდეს. ვხედავთ დასავლეთიდან ხელისუფლებაზე რამხელა წნეხია, რა სახის ცილისწამების და შანტაჟის ნიაღვარი მოედინება. მოსამართლეებიც ადამიანები არიან და მათზე ეს ყველაფერი მოქმედებს. სასაცილო კი ისაა, რომ ოპოზიცია და არასამთავორბო ორგანიზაციები, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ სცნობენ და რა სახის ბულინგის ქვეშ არიან მოსამართლეები. მაშინ პრეზიდენტი ზურაბიშვილი რატომ არ გადადგა, თუკი ის ამ ინსტიტუტს პატივს სცემს და მისგან ახლა გადაწყვეტილების მოლოდინშია? რატომ არ გადადგა, როცა ის კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს?

მჯერა ეს მოსამართლეები, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილს დაუსვამენ იმ პროპაგანდას, თითქოს ეს კანონი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. როგორ შეიძლება ხელისუფლებას დააბრალო 78-ე მუხლის დარღვევა და საგარეო კურსის ცვლილება, როცა სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ სტატუსი მიიღო. რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციას საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. კარგად ვიცით, რომ ეს პოლიტიკური პარტიები პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ფინანსდებიან. ეს ხალხი, დიახაც, უცხო ქვეყნის აგენტები არიან და ამაში ფულს იღებენ. ეს არ არის ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა? ამიტომ ვფიქრობ, რომ მოსამართლეებს სურთ გადაწყვეტილება გონივრულად და დაფიქრებულად მიიღონ, დროშიც ამიტომ გაიწელა“, - ამბობს გვენეტაძე.