„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციათა სარეგისტრაციო განაცხადებების მიღება დასრულდა. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს განაცხადით, რეესტრს 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა, იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული უცხოელი დონორები არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრნენ, თუ ისინი იუსტიციის სამინისტროში გაივლიდნენ რეგისტრაციას. შესაბამისად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დააფუძნოს საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები.
„საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა, გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია.
ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ინიციატივაში წინასაარჩევნო მოსყიდვის ნიშნები დაინახეს ოპოზიციის წევრებმა. რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის პროფილის შეცვალა და სამთავრობო ორგანიზაციად გადაქცევა, რაც მისი თქმით, ანტისახელმწიფოებრივია და ამით ანგრევენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს საქართველოში.
„ბიუჯეტიდან აპირებენ იმ ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც რეესტრში დარეგისტრირდნენ. ამით, ფაქტობრივად, უნდათ თავისუფალი არასამთავრობო სექტორის მოსყიდვა, რათა მათი მხრიდან არ ისმოდეს კრიტიკის ხმა. არასამთავრობო სექტორს იმიტომ ჰქვია არასამთავრობო, რომ იგი თავისუფალია ხელისუფლების ზემოქმედებისგან და მისი მეშვეობით ხდება საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების კონტროლი. იმიტომ ებრძვიან არასამთავრობო სექტორს, რომ მათ უნდათ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა და ძარცვონ ბიუჯეტი და არ ჰყავდეთ არავინ მაკონტროლებელი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ნაციონალურ ერთობაში“ გადასული თამარ კორძაიას თქმით, პრემიერს მიაჩნიას, რომ თუკი ხელისუფლება თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს ფულს, პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის.
„თუ „რუსულ კანონს“ გააუქმებენ, ძალიან კარგი ინიციატივა იქნება, მაგრამ რატომ უნადგურებენ საქართველოს მოქალაქეებს იმ 14-მილიარდიან დახმარებას, რომელიც როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეიძლება გადანაწილდეს? მთავარი ის არის, რომ ეს თავისუფალი სივრცისა და სიტყვის დევნაა ქვეყანაში. კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციების ფულს, პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის. კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს 14-მილიარდიან დახმარებას უკარგავს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ნიკა გვარამია ამბობს, რომ კოალიციის არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმთან, არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების პროცესში. რაც შეეხება საგრანტო ფონდის შექმას, გვარამია ამბობს, რომ ეს არის არასამთავრობო სექტორის მოსყიდვის კლასიკური მაგალითი.
„ეს არის სრული აბსურდი, მოსყიდვა არასამთავრობო ორგანიზაციების. უფრო ხისტად ვიტყვი, სულ რომ შუაზე გასკდეს „ქართული ოცნება“, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის, მათ შორის, მათთვის ჩვეული მოსყიდვის შეთავაზებები, ის ხელისუფლებას მაინც დატოვებს 26 ოქტომბერს. საქართველო განვითარდება სწორი, ევროპული და დემოკრატიული მიმართულებით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ოპონენტებს დასავლეთის მაგალითით პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რომლის განცხადებით ლოგიკა გაუგებარია, ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება, შეიძლება ეწოდოს არასამთავრობო, ხოლო თუკი ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება, ეს დაუშვებელია.
„როგორ შეიძლება, მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება! კრიტიკამაც არ დააყოვნა - მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები.
მაგალითად, NED - აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, GIZ - აფინანსებს გერმანიის მთავრობა, USAID - აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, UNDP - აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, EED - აფინანსებს ევროკავშირი, NDI - აფინანსებს აშშ-ის ცენტრალური ბიუჯეტი, IRI - აფინანსებს აშშ-ის ცენტრალური ბიუჯეტი. ნაცურ-აგენტურული ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა!“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
რადიკალებისგან განსხვავებით გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რომლის განცხადებით, პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი საგრანტო ფონდი, საქართველოში არასამთავრობო სექტორის შემდგომი შეუფერხებელი განვითარების და ფუნქციონირების გარანტი არის. როგორც ჩიხეილიძე აცხადებს, კანონის მიღების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი განაცხადი გააკეთეს, რომ საქართველოში სამოქალაქო სექტორი იზღუდებოდა, მათი ფუნქციონირება ეჭვქვეშ დგებოდა და რამდენიმე მათგანი მუშაობის გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავდა.
„პრემიერის ინიციატივამ, არასამთავრობო სექტორს სპეკულაციების სივრცე არ დაუტოვა, სამოქალაქო სექტორს სახელმწიფო გაძლიერების და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ბურთი არასამთავრობო სექტორის მოედანზეა, მათი გადასაწყვეტია გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯს თუ ლუსტრაცია მოხდება, რომ მათი მიზანი არა რეალური მუშაობა და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მუშაობა არის, არამედ ქვეყანაში არეულობის მოწყობა და რევოლუციური ფონის შექმნა. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილისთვის გრანტის მიღების მთავარი მოტივაცია არა სახელმწიფოს დაცვა და სამოქალაქო სექტორის განვითარება, არამედ ქვეყნის ლანძღვა და ოპოზიციის აქციებისთვის ხელისშეწყობა იყო“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.
თუ უეჭველი უცხო ქვეყნის მთავრობების ინტერესები უნდა შეასრულონ ქართულმა ასოებმა?
მეორე, სად არის პროფესორ გოცირიძის ლოგიკა, როცა ამტკიცებს, რომ ქართული სახემწიფოს მიერ ენჯეოების დაფინანსება მათ მოსყიდვას და დამოკიდებულად ქცევას ნიშნავს, ხოლო უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსება მათი დამოუკიდებლობის გარანტიაა და მისი ინტერესების გასატარებლად მოსყიდვას გამორიცხავს.
მესამე, 30 000 ენჯეოში, თითოში საშუალოდ სამი-ოთხი წევრი რომ მოვიაზროთ, მივიღებთ რეალურ წარმოებას მოწყვეტილ 100 ათასზე მეტ, უმეტეს შემთხვევაში შრომისუნარიან, ადამიანს. ისინი სტატისტიკურად ალბათ დასაქმებულებად ითვლებიან. თუ ასე, გამოდის რომ, ყოველი მეათე დასაქმებული, არაფრის შემქმნელი ენჯეოშნიკია. შესაბამისად, იბადება კითხვა, საერთოდ რატომ უნდა დააფინანსოს ამდენი არაფრის შემქმნელი და დეკვალიფიცირებული (წლების განმავლობაში არაფრის კეთება და მუქთი ფულის მისაღებად სხვის ხელში შემყურეობა, თავისთავად გამოიწვევს ნებისმერი დოვლათის შემქმნელობითი კვალიფიკაციის დაკარგვას) ადამიანი ან უცხო და ან საკუთარმა სახელმწიფომ.