არაერთი მტკიცებულებების მიუხედავად, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და მისი ოჯახის წევრები პენსიონერების ძარცვის თაღლითურ სქემაში არიან ჩართულები და უფრო მეტიც, კეზერაშვილია ამ სქემის სულის ჩამდგმელი და „მისტერ ოფშორი“, როგორც მას „ბიბისის“ საგამოძიებო სიუჟეტში უწოდებენ, ის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილებას კვლავ თავისუფლად განაგრძობს.
მმართველი გუნდისთვის და მთავრობის მეთაურისთვის ირაკლი კობახიძისთვის, გაუგებარია, რატომ სარგებლობს ყოფილი მაღალჩინოსანი ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების უფლებით, იმ ფონზე, როდესაც ევროგაერთიანების მოქალაქეებისთვის მილიონობით ევროს გამოძალვაშია ეჭვმიტანილი.
თბილისში მოქმედი კიდევ ერთი „ქოლცენტრის“ საქმეზე კი პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის, დაკავებულია კომპანია „მორგან ლიმითედთან“ დაკავშირებული 4 პირი. დაკავებულებს შორის ერთი დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი, ერთიც კი მისი ახლო ნათესავია. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, თბილისში მომუშავე ცენტრიდან უკანონო ფული პირადად ექს-მინისტრის ანგარიშებზე ირიცხებოდა.
არალეგალურ „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ, რასაც BBC თავის საგამოძიებო სიუჟეტში ამტკიცებდა, ახლა საბანკო გადარიცხვებით დადასტურდა: მისტერ ოფშორი, როგორც მას BBC-მ უწოდა, დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ ბიზნესის უკან დგას.
გადამწყვეტი ასპექტი კი ისაა, რომ უკანონო წყაროებიდან მოპოვებული ეს არალეგალური პოლიტიკური დაფინანსება არსად ფიქსირდება და არც რაიმე ფორმით აღირიცხება. ენმ-ს უკანონო დაფინანსება ღია საიდუმლოებაა. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კარგად იციან ეს „საიდუმლო“. მეტიც, კეზერაშვილს საქართველოში ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის. ამ ისტორიის ნამდვილი პარადოქსი ისაა, რომ კეზერაშვილი, რომლის დანაშაული უკვე ევროპული საგამოძიებო უწყებების მიერაცაა დადასტურებული, თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში და, იმავდროულად, რადიკალური ქართული ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი დამფინანსებელია.
საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით, რათა, სანაცვლოდ, ეს რადიკალური ჯგუფები დააფინანსოს? ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტკოსი ზურა ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი სანამ სჭირდებათ, თუნდაც დასავლელ ზოგიერთ აქტორს, მანამდე გამოიყენებენ. იქნება ეს ფინანსური თუ პოლიტიკური რესურსი. ანალიტკოსი ამბობს, რომ ფაქტია, სწორედ, ამასთან გვაქვს საქმე, რადგან კეზერაშვილი ამხელა დანაშაულის მიუხედავად, ევროპის მასშტაბით, გადაადგილებას მაინც უპრობლემოდ ახერხებს.
„ფაქტია და უკვე ამის მტკიცებაც აღარ არის საჭირო, რომ ის ძალები, რომელიც ახლა ჩვენს ხელისუფლებას უპირისპირდებიან, დავით კეზერაშვილზე გარკვეულ იმედებს ამყარებენ. ფაქტი სახეზეა, რომ მას იყენებენ იმისთვის, რათა ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის და მედიების დაფინანსება არ შეფერხდეს. ის ჰყავთ ახლა გარკვეულ დასაყრდენ ძალად, რომლის ამხელა დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელიც დღესავით ნათელია და ხელის გულზე დევს, თვალს ხუჭავენ. ჩვენ ვნახეთ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების და გერმანელი სამართალდამცველების ერთობლივი ძალისხმევით რამხელა საქმის გაშიფრვა მოხდა. მიუხედავად ამისა, კეზერაშვილის ევროპაში გადაადგილებას თავისუფლად ახერხებს.
ასევე, დადის ლონდონში და სხვა ევროპულ ქალაქებში სხვადასხვა გავლენიან დასავლელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე. ვინ არის ეს ადამიანი? რატომ არ ხდება მისი დაკავება, როცა „ბიბისმაც“ კი ამხელა საგამოძიებო სიუჟეტი მიუძღვნა?! ეს კითხვები ხომ ჩნდება. რაში სჭირდებათ კეზერაშვილი? სჭირდებათ იმისთვის, რომ აქ რევოლუციური სცენარი განახორციელონ. მას უყურებენ როგორც მნიშვნელოვან ფიგურას, რომელსაც ფულიც აქვს და კონტაქტებიც. აბა, შევხედოთ ოპოზიციურ ფლანგზე რამდენ ჯგუფად იბრძვიან, რომელთაც კეზერაშვილი აფინანსებს. ასევე, მას აქვს ფული მესამე სექტორში ჩადებული. მედიები აქვს, შესაბამისად, მას ხედავენ ადამიანად, რომელსაც მათი ჭკუით ამ ხელისუფლების შეწუხება და ჩანაცვლებაც კი შეუძლია. თუმცა ძალიან ცდებიან, რადგან 27 ოქტომბერს დავით კეზერაშვილი თავის მნიშვნელობას უკვე დაკარგავს და მერე ვნახოთ როგორ ივლის ასე თავისუფლად“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, მას მფარველობენ, კრებსითი კუბილიუსები, შაჰინები და სხვა მსგავსი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც კეზერაშვილთან როგორც ჩანს, სხვდასხვა ვალდებულებაში არიან. ამიტომ ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ის ახერხებს ზოგის ფულით მოსყიდვას, ზოგსაც რაღაცა მსგავსი შეთავაზებებით, რომ მას თითქოს ხელისუფლების ცვლილების რესურსი აქვს. როგორც ჩანს, ბევრს მისი სჯერა, ამიტომაც მის დაკავებას არ ჩქარობენ. ქადაგიშვილი ამის ნათელ მაგალითად ჰელსინკის კომისიის დასკვნას მიიჩნევს, სადაც „ქოლცენტრების“ საქმეში ბრალდებულის სახით „ქართული ოცნება“ გამოიყვანეს. ამას კი ფულის და რიგი ადამიანების მოსყიდვის გარეშე ვერ გააკეთებდნენ.
ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე მიიჩნევს, რომ დავით კეზერაშვილს დასავლეთში რომ მფარველები არ ჰყავდეს, მას აქამდე იმ ბრალდებებიის გამო დააკავებდნენ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს მის წინააღმდეგ წაყენებული. მიუხედავად ამისა, როგორც მამრაძე for.ge-სთან ამბობს, მან ისიც კი მოახერხა, რომ „ქოლცენტრების“ საქმეზე ბრალი აქეთ, „ქართულ ოცნებას“ დასდო, როცა მთელი მისი ოჯახი და ნათესავები ამ სქემაში არიან ჩართულები და ეს გამოძიება თავად ევოპული სპეცსამსახურების მიერ არის ჩატარებული.
„როგორი სასაცილო და ცინიკურია „ჰელსინკის“ კომისიის დასკვნა, სადაც ვკითხულობთ, რომ თურმე „ქოლცენტრების“ საქმეზე, რომელშიც კეზერაშვილი მთელი მისი სანათესავოთი არის ჩართული და ეს გამოძიებით არის დადგენილი, თურმე აქეთ „ქართული ოცნება“ ყოფილა დამნაშავე. ამას ხომ მოხერხება უნდა, ასეთი დასკვნის დაწერას ხომ სანაცნობო წრე და მფარველები სჭირდება. კეზერაშვილმა ეს მოახერხა და ფაქტი სახეზეა. კეზერაშვილის ფიგურა საქართველოში ხალხისთვის ბოკერიაზე მიუღებელია და მას ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. კაცი რომ ჯარს გაძარცვავს და ომის დროს ფულს იშოვის, ასეთ კაცზე ფსონი როგორ უნდა დადო? ყველას ახსოვს ის ჩანაწერი, როცა ნაცები ხელისუფლებაში მოდიოდნენ, კეზერაშვილი თავის ძმაკაცებს როგორ ელაპარაკება ნარკოტიკებზე.
თავად ეს ადამიანიც ნარკოდამოკიდებულია და ეს ახალი არავისთვის არ არის. კეზერაშვილი საერთაშორისო დონეზე იარაღით ვაჭრობაშიც კი არის ეჭვმიტანილი. „ბიბისის“ გამოძიებით კეზერაშვილზე ჟურნალისტები პირდაპირ გავიდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც არ მჯეროდა, რომ მას დააკავებდნენ. კეზერაშვილის უკან ქართულ-ებრაული მაფია დგას, რომელსაც ფესვები ევროპაშიც და ამერიკაშიც მყარად აქვს გადგმული. მასში არიან ასევე ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსები გასვრილები და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მას არ აკავებენ. მშვენივრად ცხოვრობს ლონდონში რამდენიმე მილიონად შეფასებულ ვილაში და თავზე ბუზიც კი არ უფრინდება, როცა მის ნათესავებს აკავებენ და პირდაპირ მისი მხილება ხდება“, - ამბობს მამრაძე.