ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაწყებული საერთაშორისო გამოძიება დავით კეზერაშვილის უახლოეს გარემოცვაზე გავიდა. სომხეთში, გერმანიის პროკურატურის მოთხოვნით, თავდაცვის ექს-მინისტრის ბიძაშვილი, მიხეილ ბინიამინი, იგივე მიშა ბენიაშვილი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ევროპელი პენსიონერების ძარცვის ტრანსნაციონალური სქემა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა, გამოძიების ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე ბინიამინი საერთაშორისო თაღლითური დაჯგუფების ალბანურ ფილიალს კურირებდა.
ალბანეთში კეზერაშვილის ბიძაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები ადგილობრივმა პოლიციამ დახურა. გერმანული გამოძიების ინფორმაციით, ამ კონსპირაციული დაწესებულებებიდან ევროკავშირის მოქალაქეებს მილიონობით ევრო გამოსძალეს. მოსალოდნელი საფრთხის გამო მიხეილ ბინიამინმა ალბანეთი დატოვა, თუმცა ის საერთაშორისო ორდერით, ერევანში დააპატიმრეს.
მიხეილ ბინიამინის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიები მოქმედებს თბილისშიც. კერძოდ, ჩინური ელექტრო ავტომობილების ცენტრი თბილისში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მის მფლობელად საჯარო რეესტრში, ბინიამინის ცოლის ძმა, ასევე, ისრაელისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე მორდეხაი მიხაელიაა მითითებული. შეგახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი მიხეილ ბინიამინი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც BBC-ის სკანდალურ საგამოძიებო ფილმშიც ფიგურირებს. „მილიარდიანი თაღლითობა“ - ამ სახელწოდებით ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოძიება აპრილში გამოაქვეყნა.
ფილმის მთავარი მონაწილე დავით კეზერაშვილია, რომლის უახლოესი გარემოცვა სხვადასხვა ქვეყანაში ქოლ-ცენტრების ქსელს მართავს. თავად კეზერაშვილი ბრალდებებს უარყოფს და ყველაზე სანდო რეპუტაციის ბრიტანულ მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მიხეილ ბინიამინი გამოძიების ობიექტი გახდა ისრაელშიც. საქმე ეხება დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს საქართველოს ბიუჯეტიდან იარაღის შესაძენად გადარიცხულ 11 მილიონ დოლარზე მეტ თანხას, რომელიც წინასწარი შეთანხმებით, ისრაელის საგადასახადო სამსახურებს დაუმალეს.
კეზერაშვილი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ რაც დროს გადის, მეტად იკვეთება კეზერაშვილის კრიმინალური მასშტაბები ქოლცენტრების საქმეში და მთელ ამ ისტორიში უცნაურია ის ფაქტი, რატომ აქვს მას ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, მაშინ როდესაც კეზერაშვილის კრიმინალური ბიზნესის მსხვერპლი სწორედ ევროპელი პენსიონრები არიან. ევროპელი პენსიონრების ნაძარცვი ფულით კეზერაშვილი საქართველოში აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის მედიას და ე.წ. „ენჯეო“ სექტორს, რომლებსაც არ უქმნით უხერხულობას ის ფაქტი, რომ კრიმინალური სქემის თანამონაწილეები არიან.
დავით კეზერაშვილი 2008 წლის ომის დახმარებით, მოკლე დროში, კოლოსალურად გამდიდრდა, გაძარცვა რა ქართული ჯარი. გარდა ამისა, მისი ხელით იძარცვებოდა საქართველოს ბიუჯეტი და კეზერაშვილის „შავ სალაროში“ გროვდებოდა ბიზნესმენებისა და მცირე მეწარმეებისთვის წართმეული თანხები, რომლესაც უშუალოდ სააკაშვილი უწევდა ორგანიზებას. ამის მიუხედავად, სამართლიანმა ევროკავშირმა კეზერაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, სადაც ასევე წარმატებით გააგრძელა უკვე ევროპელების ძარცვა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ? როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, საქართველოსთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა.
„არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები. პროკურატურამ, გერმანელ კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა უკანონო ქოლ-ცენტრებიდან მიღებული დიდი ფულადი თანხების გადარიცხვები, რომლებიც ევროპელი პენსიონერების ძარცვით იყო დაგროვილი 2019-2021 წლებში და რომლებიც დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის ანგარიშებზე მოხვდა.
აღმოჩნდა, რომ, რასაც BBC მის საგამოძიებო სიუჟეტში ამტკიცებდა, ახლა საბანკო გადარიცხვებით დადასტურდა: „მისტერ ოფშორი“, როგორც მას BBC-მ უწოდა, დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების ბიზნესის უკან დგას. ამ ისტორიის ნამდვილი პარადოქსი ისაა, რომ კეზერაშვილი, რომლის დანაშაული უკვე ევროპული საგამოძიებო უწყებების მიერაცაა დადასტურებული, თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში და, იმავდროულად, რადიკალური ქართული ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი დამფინანსებელია“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კეზერაშვილი ქართულ პოლიტიკას და პოლარიზაციას აფინანსებს ფულით, რომელიც ჯერ იშოვა საქართველოში ჯარისა და ბიზნესის ძარცვით, ახლა კი შოულობს ევროპაში, ევროპელი პენსიონერების ძარცვით, რაც შემაშფოთებელია. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია, რომ საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს და ეს დასკვნები უნდა აისახოს გადაწყვეტილებებში, მათ შორის, 26 ოქტომბერს.
„კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ ის საქართველოში აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედია-საშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია. მას ამით კანონის დარღვევაც აქვს პირდაპირი ფორმით აღიარებული, მაგალითად, არსად ჩანს, არსად არის დეკლარირებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რაც მას რეალურად აღიარებული აქვს.
ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკას და საქართველოში პოლარიზაციას აფინანსებს იმ ფულით, რომელიც იშოვა ჯერ საქართველოში ჯარის ძარცვით, ბიზნესის ძარცვით, ახლა კი შოულობს უკვე ევროპაში, ევროპელი პენსიონერების ძარცვით.
ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელი არის ის, რომ ეს კაცი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან სერიოზული კითხვა, რომელსაც საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის, 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერის შეფასებით, თავისთავად მძიმეა ის ფაქტი, რომ ნაძარცვი თანხები საქართველოშიც შემოდის და პოლიტიკა ფინანსდება. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ ძარცვავდა ამ წლების განმავლობაში პენსიონერებს.
„ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც მიმდინარეობს გამოძიება და ბევრი ადამიანია დაკავებული. კეზერაშვილის დაკავებას რაც შეეხება, ალბათ, რაღაც დონეზე სჭირდებათ და იყენებენ რაღაცისთვის. საქმე ძალიან ცუდია იმ თვალსაზრისითაც, რომ გარკვეული ნაძარცვი თანხები საქართველოშიც შემოდის და ამით ფინანსდება პოლიტიკა. ამაზე დიდი სიბინძურე რა შეიძლება იყოს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ტელევიზიები და წინასაარჩევნო კამპანია ნაძარცვი ფულით ფინანსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ გამოძიების მსვლელობის პროცესში თბილისში მდებარე რამოდენიმე ქოლ-ცენტრი დახურეს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო კეზერაშვილთან. ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობა ქოლცენტრებისა, საიდან ხდება ამ ზარების განხორციელება და ხდებიან თუ არა მათი ზეგავლენის ობიექტები საქართველოს მოქალაქეები, უცნობია. თუმცა, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი დავით კუხალაშვილი თვლის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით, აღნიშნული ქოლცენტრები შეიძლება მოქმედებდნენ უცხო სახელმწიფებში და თანამედროვე ეტაპზე ამის ტექნოლოგიური პრობლემა არ არსებობს.
„ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება გაზარდონ მოქალაქეების ცნობიერება და ყველა ფაქტის იდენტიფიცირება მოახდინონ, როდესაც ასეთი რამ ხორციელდება. თანამედროვე ეტაპზე ჩვენ გვაქვს ისეთი აღჭურვილობა და მათ შორის თბილისში, რომლის საშუალებითაც ტექნიკური საშუალებები აფიქსირებენ სხვადასხვა პირების, თუ პირთა ჯგუფების სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებას და იდენტიფიცირების პროცესესზე გარკვეულ ხელშეწყობას აჩენს.
ამიტომ, ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული და აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც კი ამ ზემოქმედების ქვეშ მოხდა, უნდა იყოს გამოკითხული. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს იმის გამეორება, რომ ჩვენ უსაფრთხოების სისტემა არა გვაქვს ძლიერი და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის ასეთი მოწყვლადობა არის სწორედ ამ მოდელის არარსებობის ბრალი“, - აცხადებს კუხალაშვილი.
რაც შეეხება კეზერაშვილის ევროპის ქვეყნებში დამუკიდებელ გადაადგილებას და ჩნდება თუ არა ეჭვი, რომ კრინიმალში მხილებული თავდაცვის ექს-მინისტრი საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლოს, დავით კუხალაშვილის განცხადებით, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მეხსიერების წყვეტა, ზოგადად, იმ პირების შესახებ, რომელზეც ვსაუბრობთ.
„ზოგადად, ბოლო პერიოდში სულ ვსაუბრობთ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს ყოფილი ხელისუფლების პირობებში. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ, ყოფილი ხელისუფლება, რომელიც მოვიდა 2003 წელს გადატრიალების შედეგად, ეს იყო უცხო ქვეყნების სადაზვერვო ზეგავლენის და, ალბათობის მაღალი ხარისხით, შეღწევადობას დაქვემდებარებული ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ყველა ის დანაშაულებრივი სქემა, რომელიც განხორციელდა ამ მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ, პრაქტიკულად, ექვემდებარებოდა იმ სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურების კონტროლს, რომელთა დაქვემდებარებაში იყვნენ ეს პირები.
ჩვენ გვავიწყდება კიდევ ერთი პირი, რომელთა შესახებ არავინ არასოდეს არ საუბრობს და ეს გახლავთ იმ პერიოდის შს მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი, რომელიც, პრატიკულად, რუხი კარდინალის სახელით მოიხსენიებოდა და ღმერთმა უწყის რა ქმედებებს სჩადის, ან რატომ გათავისუფლდა იმ პასუხისმგებლობისაგან, რომელიც უნდა დაკისრებოდა მას იმ ქმედებების გამო, რომელსაც სჩადიოდა იმ პერიოდის შს სამინისტრო. ვსაუბრობ თავდაცვის მინისტრზე, რომელმაც როგორც ღია წყაროებში არსებული ინფორმაციების ანალიზი გვაძლევს საშუალებას, დავასკვნათ, რომ მესხელი მონაწილეობდა სხვადასხვა დანაშაულებრივ, კრიმინალურ გარიგებებში, რომელიც სადაზვერვო ქოლგის ქვეშ მიმდინარეობდა და ეს იყო ირაღის უკანონო ვაჭრობა“, - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.
როგორც დავით კუხალაშვილი აცხადებს, ყველა ის დანაშაული, რომელიც უკავშირდება კეზერაშვილის საქმიანობას თავდაცვის სამინისტროში, ჯერ კიდევ დღის სინათლეზე არ არის გამოსული. მისი თქმით, ამ ვითარებაში საინტერესოა, რას აკეთებენ ის სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მნიშვნელოვან ანალიტიკურ და აგენტურულ-ოპერატიულ საქმიანობაზე თავდაცვის სამინისტროში.
„აქედან გამომდინარე, ყველა ის ქმედება, რომელიც ჩადენილია საქართველოში, ალბათობის მაღალი ხარისხით, ექვემდებარებოდა უცხო ქვეყნების სადაზვერვო კონტროლს, რომ შემდეგ ამ ადამიანებმა მიიღეს თავშესაფარი და მარტივად გადაადგილდებიან უცხო სახელმწიფოებში და ამას ჰქვია სადაზვერვო ბლოკი. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები, რომლებმაც ასევე თავშესაფარი იპოვეს უცხო სახელმწიფოებში და მათ შორის მაღალ თანამდებობებზეც კი აგრძელებენ საქმიანობას საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
არ დაგვავიწყდეს ის მაღალჩინოსნები, რომლებმაც უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციებით, ეს იყო ვიდეო, თუ აუდიო ჩანაწერები, გაიტანეს საქართველოდან და ამის საფუძველზე მიიღეს ასევე თავშესაფრები და აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პრაქტიკულად, ჩვენ მივიღეთ ერთიანი მნიშვნელოვანი მიმართულება, ჯგუფური საქმიანობა, რომელშიც ჩართულია უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები.
რაც შეეხება ამ სქემაში ჩვენი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ მოქალაქეებს, ისინი არიან უბრალოდ პატარა ჭანჭიკები, რომლებიც ასრულებენ იმ დავალებებს, რაც უცხო ქვეყნის სადაზვერვო ძალების ინტერესებში შედის. ამიტომ, პროცესები ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ, ამათი დაშორიშორება არ შეიძლება. ასე იყო უძველეს პერიოდში და ასე იქნება მომავალში. ყველა კრიმინალური ჯგუფის წარმომადგენელი, ნებისმიერი კომპრომიტირებული პირი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.