„ნაცმოძრაობის“ ასაკრძალად კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უკლებლივ ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს“

„ნაცმოძრაობის“ ასაკრძალად კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უკლებლივ ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს“

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი გამონაყოფი პარტიების ასაკრძალად კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უკლებლივ ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს. კერძოდ: წლების განმავლობაში დაგროვილი არაერთი უდავო ფაქტი ადასტურებს, რომ ეს ძალა მიზნად ისახავდა და ისახავს კონსტიტუციური წეს-წყობილების ძალადობით შეცვლას, რისთვისაც მუდმივად შეთქმულების რეჟიმშია. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ამ ძალის ანტიკონსტიტუციურმა ქმედებებმა 2008 წელს გამოიწვიეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე მოღალატეობრივი დანაშაულია, რაც შეგნებულად ჩაიდინეს.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

„მართლმადიდებლობა, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი საქართველოს კონსტიტუციაში აისახება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციაში ამ ცვლილებებისთვის „ქართული ოცნება“ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ითხოვს, ამ განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საზოგადოებაში და მათ შორის ეკლესიაში. მაგალითად, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ეს არის ხელისუფლების წინასაარჩევნო პროგრამა და, რომ ეს არის შემოთავაზება და პირობა, რომლის შესრულების არავითარი გარანტიები არ არსებობს. ბატონო დათო, რეალურად რა დგას ამ ინიციატივის უკან, ეკლესიის კონტროლი, თუ ეკლესიის დაცვა გარე ძალების თავდასხმისგან?

დავით ზარდიაშვილი: მეუფე ნიკოლოზს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი წარმოდგენა ჰქონია პარტიის საარჩევნო პროგრამაზე. დიახ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამული დაპირება; ამომრჩეველი ენდობა და ხმას აძლევს სწორედ ისეთ პარტიას, რომლის პროგრამაც, ე.ი. საპროგრამო დაპირებებიც, ყველაზე უფრო მეტად ასახავს მის ინტერესებს. ბუნებრივია, მართლმადიდებლური ეკლესიის საკონსტიტუციო სტატუსის განმტკიცება, რაც არის ამ საპროგრამო დაპირების არსი - საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ძირეულ ინტერესებშია.

მიუხედავად კონსტიტუციური, ე.წ. კონკორდატის ხელშეკრულებისა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, კონსტიტუციაში დამატებით უნდა გაჩნდეს ჩანაწერი, რაც კიდევ უფრო აქცენტირებულად გაუსვამს ხაზს საქართველოს თვითმყოფადობის უზრუნველყოფაში ეკლესიის უდიდეს ღვაწლსა და წამყვან როლს. ცხადია, ეს დიდი ტრიადის, რაც ქართველთა ეროვნულ იდენტობას ადგენს - „მამული, ენა, სარწმუნოება“, კონსტიტუციაში უფრო გამოკვეთილად ასახვის მიზანს ემსახურება, ხოლო ამ საკონსტიტუციო ცვლილების დღევანდელი კონტექსტი აშკარაა: რადგან შინ თუ გარეთ ძლიერდება შეტევა ქრისტიანობაზე და განსაკუთრებულად - მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, აუცილებელია უფრო მყარი დაცვა, მათ შორის - ქვეყნის უზენაესი კანონითაც.

გარდა ამისა, აქ ირიბად შეიძლება ვიგულისხმოთ უფრო შორსმიმავალი კონტექსტიც, რომლის სრული სახით საბოლოო წარმოდგენა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ქრისტიანულად საკრალური, ზეგარდმო კავშირის აღდგენას გულისხმობს; ეს საქართველოში სამომავლოდ, შესაძლოა, მონარქიის აღდგენასაც უკავშირდებოდეს, რის გარეშე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ისეთ საკრალურ კავშირზე, რასაც რეალურად მატერიალური გამოხატულება ექნება, საუბარი ჭირს. თუმცა ამაზე მხოლოდ სამომავლოდ უნდა ვიფიქროთ.

ასეა თუ ისე, ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის ამაღლება უდავოდ არის ძირეული ეროვნული ინტერესი და ამ თვალსაზრისითაც, „ოცნების“ კონსტიტუციური უმრავლესობა სავსებით არგუმენტირებულია, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი მიზანშეწონილობით. დასანანია, რომ მეუფე ნიკოლოზი არც თუ კეთილგანწყობილი ეჭვით აფასებს ამ საკითხს, რაც უწინარესად მის პოლიტიკურ გემოვნებაზე მეტყველებს და არამც და არამც ეკლესიის პოზიციაზე. ბუნებრივია, ეკლესია უწინარესად არის დაინტერესებული საკუთარი საკონსტიტუციო სტატუსის კიდევ უფრო მეტად გამყარებით.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, პრაქტიკულად, ომს უცხადებს პარტნიორებს, მოსახლეობას, პოლიტიკურ ძალებს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში ცდილობს გაამართლოს, რომ „რუსული კანონი“ არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა. ის მიმართავს დასავლეთს, რომ პროცესი აკონტროლონ, უნდა იყონ ყურადღებით და წარმომადგენლობითად საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ზურაბიშვილი გადავიდა მოქმედებაზე?

- აქ ახალი არც არაფერია - ზურაბიშვილი დიდი ხანია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაზე გადავიდა - მისი ქმედებების ანტიკონსტიტუციური შინაარსი ერთმნიშვნელოვნად დადგენილიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. აბსურდულია მოსაზრება, თითქოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რაც საქართველოს დასავლური საგარეო ორიენტაციას დეკლარირებაა და სხვა კონკრეტული სამართლებრივი დატვირთვა არცა აქვს, ეწინააღმდეგება. კიდევ უფრო აბსურდულია, რომ ამ აბსურდული სარჩელით ის სუბიექტი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვინც ამავე სასამართლომ კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებებში ამხილა.

არა „ოცნება“, არამედ სწორედ ეს არის კოშმარი, რაშიც ზურაბიშვილმა თავად ჩაიყენა თავი და ვშიშობ, მან ამ კოშმარს თავი დააღწიოს სხვაგვარად, თუკი საერთოდ ყოველგვარ პოლიტიკურ საქმიანობას სრულად არ განერიდება. მე თავად ვიყავი პრეზიდენტად მისი არჩევის ერთ-ერთი აქტიური მომხრე და ცხადია, ძალიან ვწუხვარ, როცა ასეთი კრახით და კონფუზით ასრულებს იგი თავის ე.წ. მოღვაწეობას. უაღრესად სამწუხაროა! მაგრამ რას ვიზამთ? რასაკვირველია, ეს ყველაფერი პირადად ქ-ნი სალომეს კატასტროფული მარცხი და სირცხვილია, რაც ქვეყნის ინტერესებზე და მის პოლიტიკაზე ან საერთოდ არ აისახება, ანდა უმნიშვნელო პრობლემებს თუ შეგვიქმნის.

მთავარი პრობლემა, რასთანაც ზურაბიშვილის „წიკები“ მოსატანიც არ არის, ბუნებრივია, ის უცხო ძალები არიან, რომელთაც „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ და რომელთა რიგითი კლიენტი გახდა ეს ქალბატონი, რომელსაც, ჩვენდა სავალალოდ, ამხლა ნდობა გამოვუცხადეთ და სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ავირჩიეთ. ვაგლახ, რომ მწარედ შევცდით. მადლობა ღმერთს, რომ დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტს არა აქვს ისეთი რეალური სახელისუფლებო ბერკეტები, რომ სერიოზული კრიზისები შექმნას. ასე რომ ყოფილიყო, ქ-ნ სალომეს ახლოსაც არავინ გააკარებდა პრეზიდენტის სავარძელს. ასე რომ, ზურაბიშვილი დასანანი და ძალზე უხერხული შეცდომაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რაიმე კატასტროფა.

მთავრობასა და დასავლეთს შორის დაპირისპირება გრძელდება. პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდის არც ერთი წევრი არ შეხვდა საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანელ დეპუტატებს. ბუნდესტაგის წევრი ნილს შმიდი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს. მეტიც, მისი თქმით, 9 ნაბიჯთან ერთად, რომელიც უნდა შესრულდეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად, ახლა არის მე-10 ნაბიჯიც, რომელიც გულისხმობს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის გაწვევას. ბატონო დათო, ეს არის ულტიმატუმი და რა გაგრძელება შეიძლება ამ მუქარებს მოჰყვეს?

- რამდენადაც ვიცი, გერმანელ დეპუტატებს ოფიციალურად შეხვდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ნიკა სამხარაძე. ასე რომ, აქ ჩვენს ქვეყანას სტუმარ-მასპინძლობის წესები არ დაურღვევია. სხვა საქმეა, რომ ამ არცთუ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებს არ შეხვდა „ოცნების“ და სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, რაც სულაც არ არის რაიმე აღსანიშნავი და მით უმეტეს, უჩვეულო მოვლენა. ამ ვიზიტს არანაირი არსებითი გავლენა არ ექნება საქართველოსა და გერმანიას, ან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე.

რიგითი გერმანელი დეპუტატები ჩამოვიდნენ და უცერემონიოდ, უაღრესად არაკორექტულად, გამოხატეს თავიანთი მკვეთრად ნეგატიური პოზიცია საქართველოს დღევანდელი პოლიტიკის მიმართ, რათა მხარი დაეჭირათ ისეთი ანტიკონსტიტუციური ძალისთვის, როგორიცაა „ნაცმოძრაობა“ და მისი გამონაყოფი პარტიები. ეს მხარდაჭერა მათ ვერ იხსნის საარჩევნო კრახისგან და იმედია, როგორც ამას მმართველი პარტია გვპირდება, იმ სამართლებრივი პროცესისგან, რაც ამ ე.წ. პარტიებს დაასრულებს, აკრძალავს რა მათ კანონგარეშე საქმიანობას.

როგორ უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლება იმ ზეწოლას რაც დასავლეთიდან და აშშ-დან მოდის? ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში 9-11 აგვისტოს გამართული ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ კობახიძის თხოვნა იყო, რომ აშშ-მა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციის დაფინანსება შეწყვიტოს, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. შაჰინის განცხადებას ტყუილს უწოდებს პრემიერი, თუმცა, ხელისუფლება ამბობს, რომ არ უნდათ საქართველოში ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის კარგი...

- მძაფრი დაპირისპირება უკვე სახეზეა. ხელისუფლება „გლობალური ომის პარტიის“ მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული „ჰიბრიდული ომის“ პირობებში მუშაობს. ჯინ შაჰინი ამ ჰიბრიდული ომში მტრის - „გლობალური ომის პარტიის“ ერთი რიგითი ჯარისკაცია და არ ღირს მასზე საჭიროზე დიდი ყურადღების გამახვილება. მთავარია, ეს „ჰიბრიდული ომი“ მოვიგოთ. ამისთვის ჯერ უნდა მოვიგოთ საარჩევნო ბრძოლა, შევქმნათ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა და ხელისუფლების მთავარი ამოცანა აქ და ახლა არის ქვეყანში კეთილი ნების სრული კონსოლიდაცია, რათა ეს აუცილებლად მოხერხდეს: დავიცვათ კონსტიტუცია, კონსტიტუციურობა, სიმართლე, სამართლიანობა და სამართალი - ანუ სჯული. მის დაცვას კი საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება დღევანდელ, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში. სწორედაც სიმართლე, სამართლიანობა, სამართალი - სხვა, ამაზე ძლიერი ჯავშანი საქართველოს გარეშე და შიდა მტრებისგან თავდასაცავად ამ „ჰიბრიდულ ომში“ არა აქვს; ხოლო რადგან ომი კოგნიტურია და ძირითადად საინფორმაციო ხასიათი აქვს, აუცილებელია მტრის დეზინფორმაციული პროპაგანდის წინააღმდეგ ძალების სრული მობილიზება და ამ მტრული პროპაგანდის წელში გადატეხვა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით, მმართველი გუნდი გერმანულ მოდელს აამოქმედებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისევე როგორც გერმანელებმა მოაშორეს საკუთარ ქვეყანას „ნაციონალ-სოციალისტები“, ასევე უნდა მოშორდეს ქვეყანას „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ბატონო დათო, როგორ წარმოგიდგენიათ იმ პარტიის გაუქმება, რომელსაც ჰყავს 15-20% ამომრჩეველი?

- „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი გამონაყოფი პარტიების ასაკრძალად კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უკლებლივ ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს. კერძოდ: წლების განმავლობაში დაგროვილი არაერთი უდავო ფაქტი ადასტურებს, რომ ეს ძალა მიზნად ისახავდა და ისახავს კონსტიტუციური წეს-წყობილების ძალადობით შეცვლას, რისთვისაც მუდმივად შეთქმულების რეჟიმშია, ამზადებს რა ე.წ. რევოლუციას, რაც სამართლის ენაზე - ამბოხების, ე.ი. სახელმწიფოს წინაღმდეგ უმძიმესი დანაშულის მომზადებას ნიშნავს;

ასევე: ამ ძალის ანტიკონსტიტუციურმა ქმედებებმა 2008 წელს გამოიწვიეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაც საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ყველაზე მძიმე მოღალატეობრივი დანაშაულია, რადგან მათ ეს შეგნებულად ჩაიდინეს, სავსებით გაცნობიერებული ჰქონდათ თავიანთი უკანონო ქმედებების წინასწარ განჭვრეტადი უმძიმესი შედეგები; გარდა ამისა, ისინი იმთავითვე, შექმნიდანვე ეწევიან ომისა და ძალადობის პროპაგანდას, მათ ფიზიკურ თუ მენტალურ ძალადობას არაერთი ქართველი ემსხვერპლა; ბოლო შემთხვევა - წყალტუბოში მომხდარი ტრაგედია, ამის კიდევ ერთი დასტურია; ისინი გამუდმებით აღვივებენ ეროვნულ, რელიგიურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ მტრობასა და შუღლს.

„ოცნებამ“ უნდა უზრუნველყოს უამრავი, უტყუარად დამადასტურებელი ფაქტის შეკრება, მათი შესწავლა, სამართლებრივი შეფასება, მტკიცებულებებად შეკვრა და საკონსტიტუციო სარჩელის სახით საკონსტიტუციო სასამართლოში წარმართვა. ეს ძალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე, რასაც წარადგენს „ოცნების“ საპარლამენტო ფრაქცია არჩევნების შემდეგ, უნდა აიკრძალოს!

მართალია, ასეთი სარჩელის წარდგენას სულ 30 დეპუტატი სჭირდება, მაგრამ ეს უნდა იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან შინ თუ გარეთ ყველამ ნათლად დაინახოს, რომ ამ სარჩელს იზიარებს და მხარს უჭერს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა! ეს პარტიები უნდა აიკრძალოს არა რაიმე პოლიტიკური მიზანშეწონილობით, არამედ ანტიკონსტიტუციურობის გამო, ვინაიდან კანონგარეშენი არიან და მუდმივად უქმნიან საფრთხეს ქვეყნის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სამოქალაქო მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და ამდენად, ევროპულ თუ არაევროპულ, საერთოდ ყოველგვარ საიმედო მომავალსაც!

petrekupry ვთქვათ, აიკრძალა ნაც.მოძრაობა (როგორც ტავის დროზე გამსახურდიამ აკრძალა კომპარტია), მის ყოფილ წევრებს გაუშვებენ თანამდებობებიდან? მაგ. ხუბუას, გაუშვებენ რექტორობიდან? მაგრამ ხუბუა ხომ პარტიის წევრი არ იყო.... ისე ემსახურებოდა,ამიტომ ვერაფერსაც ვერ უზამენ.... მაჟორიტარებს, რომლებიც ნაცთა მაჟორიტარები იყვნენ და ახლაც "დელეგატები" არიან, გაუშვებენ პარლამენტიდან? არ მგონია,მაშინ რა აზრი აქვს პარტიის აკრზალვას? თუ გასამართლება არ მოყვება.... დღეს მისი ნებით (გარდა რამდენიმესი) არავინ ამბობს, რომ ნაცთა მომხრეა.... სამარცხვინოა დღეს ნაცთა პარტიის წევრობა ....
2 თვის უკან
Zazae890 ჩაგაჯვი თავში
2 თვის უკან