„ბოლო პერიოდში წინასაარჩევნო მარათონის საერთაშორისო პრიზმაში გატარებით და კონფერენციების ფორმატში გადატანით, გარედან მოწვეული სტუმრების ფართო ჩართულობით, ოპოზიცია ცდილობს ამომრჩეველს დაანახოს არსებული რეალობის ალტერნატივა: თუ "ქართული ოცნება" დარჩა ხელისუფლებაში ჩვენ დავკარგავთ ევროპულ პერსპექტივას, პოლიტიკური სტიგმის სპექტრში - „ქართული ოცნება“, როგორც პრორუსული ძალა, ხოლო ოპოზიცია პროდასავლური ძალები!
ვფიქრობ, ცოტა არასწორია მოწვეულ სტუმართა სტატუსებზე აქცენტირება, ყოფილი ელჩების თუ ევროდეპუტატების ჩათვლით. მათი მონაწილეობა ამ თვალსაზრისის გასაძლიერებლად გამოიყენება, რადგან ამომრჩევლისათვის, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა თაობისათვის ნაკლებად არის ცნობილი მათი წარსული საქმიანობა და ნაკლებადაც აინტერესებთ.
ამ სტრატეგიით იქმნება თავისებური შიშები წინა თაობებისათვის ასე სანატრელი ევროპული მომავლის დაკარგვაზე, მაგრამ რამდენად რეალურია ეს სხვა საკითხია!
მიმაჩნია, რომ დღევანდელ მეტად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მაინც ძალზე საეჭვოა, რადგან დასავლეთს, ევროპას პირველ რიგში საქართველოს გარეშე შუა აზიასთან დამაკავშირებელი სხვა ალტერნატიული კორიდორი უბრალოდ არა აქვს. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ "ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი“ (EBRD, 2023) შეფასება, რომელიც „შუა დერეფანში“ ღერძზე „ჩინეთი - ევროპა“ ტვირთნაკადების მოცულობის 7-ჯერ გაზრდას წინასწარმეტყველებს 2022-დან 2040 წლამდე დროის პერიოდში, ჩვეულებრივი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში, და თითქმის 50-ჯერ გაზრდას - მისი ოპტიმისტური ვარიანტის დროს. EBRD-ს მონაცემების თანახმად, საკონტეინერო ნაკადის მოცულობა „ცენტრალური აზიის ნაკადშიც“ (Central Asian stream) აგრეთვე მნიშვნელოვნად გაიზრდება. გარდა ამისა, არსებული სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია და გაურკვევლობა გააძნელებს წვდომას საფინანსო რესურსებზე, გააუარესებს რა ქვეყნის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს და ყველაზე მეტად სწორედ დასავლურ კაპიტალს აზარალებს, რომელიც ფართოდ არის წარმოდგენილი საბანკო- საფინანსო, ფარმაცევტულ, მომსახურების თუ სამშებებლო ბიზნესებში და ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, მრავალ მილიონიან მოგებაზე არიან გასული!
ამასთან, თანამედროვე გლობალური ტენდენციები და ბოლო პერიოდში BRICS-ის, გაფართოების მზარდი ტენდენციები, არის არა დროებითი მოვლენა, არამედ რეალურად არის ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები ერთპოლუსიანი მსოფლიოდან მრავალპოლუსიან მსოფლიოსკენ. უნდა დავეთანხმოთ თვალსაზრისს, რომ ეს გაერთიანება ფაქტიურად წარმოადგენს ალტერნატივას დასავლური დომინაციის საპირწონედ.
ბრიქსის ახალ წევრებად, ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკასთან ერთად, კიდევ 5 ქვეყნის(ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები) მიერთება წლის დასაწყისში, ხოლო უკვე დღეისათვის 11 ქვეყნის განაცხადი, მათ შორის თურქეთის მხრიდან ამ საკითხის პოლიტიკური აქტუალიზაცია, გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებებზე მიუთითებს.
სწრაფი გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც ლიბერალური მემარცხენე დღის წესრიგი დასავლეთში მულტიკულტურიზმის ხელოვნური კულტივაციისაკენ არის მიმართული, ხოლო ადამიანის უფლებები ცალკეულ ინტერესთა ჯგუფების დომინაციით მიმდინარეობს, რაც ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ტრადიციული ცხოვრების არსებულ წესთან, BRICS-ი დასავლური მოდერნიზმის ალტერნატივადაც შეიძლება განვიხილოთ, რასაც ტრადიციულ დასავლურ ფინანსურ სისტემებზე დამოკიდებულების შემცირებით, უფრო ინკლუზიურ გლობალურ წესრიგამდე მივყავართ.
აქედან გამომდინარე, კიდევ საკითხავია დღეს საქართველო უფრო სჭირდება დასავლეთს თუ ჩვენ დასავლეთი გარედან ასე “მოწოლის” საპირწონედ?“