კეზერაშვილის მხრიდან ფინანსდება ოპოზიციური პარტიებიც, რადიკალური „ენჯეოებიც“, სხვადასხვა სქემით დონორ ორგანიზაციებსაც აფინანსებინებენ რადიკალურ „ენჯეოებს“ და რადიკალურ ოპოზიციას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი შეფასებით, სწორედ ამ მიზეზით ეწინააღმდეგებიან აღნიშნული ძალები გამჭვირვალობის კანონს.
„ჩვენთვის ეს უკვე დიდი ხანია, ცნობილია, რომ ბატონი კეზერაშვილის მხრიდან ფინანსდება - თვითონ აქვს ეს ნათქვამი ინტერვიუში, ოპოზიციური პარტიებიც, რადიკალური „ენჯეოებიც“. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფული შემოდის საქართველოში. ამის გარდა, ის გარე ძალები, რომლებიც მფარველობენ ამ რადიკალურ ჯგუფებს, სხვადასხვა სქემით დონორ ორგანიზაციებსაც აფინანსებინებენ რადიკალურ „ენჯეოებს“, რადიკალურ ოპოზიციას. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რატომ არ სურთ ამ რადიკალებს გამჭვირვალობის ქართული კანონი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შავი ფული ტრიალებს და შესაბამისად, არ სურთ, რომ ეს ყველაფერი გამოააშკარაონ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.