მმართველი გუნდი უკვე დარწმუნებით და მტკიცებულებით ფორმაში საუბრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომრბის არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებს. პრემიერი ირაკლი კობახიძე ხაზგასმით ამბობს, რომ ეს გეგმა უკვე ძალაშია და ზურაბიშვილი ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან ერთად აღნიშნულ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. ამის მტკიცებულებაა, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის 27 აგვისტოს გაკეთებული განცხადებები. ბიუროს ხელმძღვანელმა გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ბიურომ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოსთხოვა, 31 აგვისტოსთვის წლის პირველი 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია წარმოადგინონ, ხოლო IRI-სა და NDI-ს ქართული ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრებს კი ყველა ფინანსური ანგარიშის გასაჯაროება.
ბიუროს მონიტორინგის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიები მიღებულ ფინანსურ შემოწირულობებს „სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ“. ამავე დროს, მათი პოლიტიკური კამპანია და აქტივობები „შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს“. ამ კონტექსტში შემდეგი პარტიებია ნახსენები:
„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი”, „ელენე ხოშტარია – დროა“, „ახალი – გვარამია, მელია“
„უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის“, – განაცხადა კუპრაშვილმა და დასძინა, რომ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებას ატარებენ და პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო ბროშურებს და კონკრეტული პარტიების მხარდამჭერ ვიდეოებს ამზადებენ, ეს კი საქართველოს კანონდმებლობით აკრძალულია.
პრემიერი კობახიძე კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პატრონების ერთი პატარა ჭანჭიკია, მარიონეტი. - „მეტი ფუნქცია და დატვირთვა ამ ადამიანს არ აქვს“, - ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“
კობახიძის თქმით, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩა „ნაცმოძრაობის“ ხმების წყალობით, მისი ლეგიტიმაცია ნულოვანია.
სავარაუდო სცენარის შესახებ კითხვაზე, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა, შესაძლოა, არჩევნები არალეგიტიმურად ცნოს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გარანტირებული სცენარია.
„სალომე ზურაბიშვილს დიდი ვადა აღარ აქვს დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე. ერთი თვე რჩება არჩევნებიდან და ეს იქნება მისი ბოლო დავალება, რომელსაც რეალურად წარმატებით ვერ შეასრულებს, რადგან არავითარი ფასი არ აქვს მის არც ერთ სიტყვას. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე დარჩა „ნაცმოძრაობის“ ხმების წყალობით, მისი ლეგიტიმაცია უკვე არის ნულოვანი. თქვენ იცით, 2018 წელს როგორ იქნა არჩეული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე – პირველ ტურში ხმების 40 პროცენტიც ვერ აიღო, იმდენად მიუღებელი იყო მისი პერსონა საზოგადოებისთვის და მეორე ტურში ის არჩეული იქნა სწორედ „ნაცების“ არდაბრუნების ლოზუნგით. ასეთ დროს, როცა შენი ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო ხდება „ნაცები“, აქედან ჩანს, რომ ლეგიტიმაცია არის ნულოვანი, ანუ როცა სრულიად სხვა ლოზუნგით მოხვედი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ლეგიტიმაციის ერთადერთ წყაროს ეძებ სწორედ შესაბამის ძალაში, აქედან ჩანს, რომ მას აქვს ნულოვანი ლეგიტიმაცია. არც პიროვნული ავტორიტეტი, არც პოლიტიკური, არც საარჩევნო ლეგიტიმაცია აღარ დარჩა, არაფერი აღარ დარჩა, მეექვსე წელი იწურება, აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს ფასი აღარ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეჭვი არ ეპარება სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებს. მამრაძე ამბობს, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილმა ეს განცხადება პირველმა არ გააკეთოს და რომელიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებას დაელოდოს. ამის შემდეგ კი ჩათვლის, რომ „ხელჩასაჭიდი“ აქვს და არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს.
„ზურაბიშვილი, მაინც ვფიქრობ, დაელოდება ტექნიკური პერსონალის და რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, თითქოს-და მყარი მტკიცებულებების შემდეგ, არჩევნები არალეგიტიმურად იქნას გამოცხადებული. მსოფლიოსთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე წონიან პერსონად პრეზიდენტი ითვლება. ერთი იმიტომ, რომ მაღალი თანმდებობაა და მეორეც - ზურაბიშვილმა დასავლეთში შეიქმნა იმიჯი, რომ ის პროდასავლელი ლიდერია და ვითომ პრორუს ხელისუფლებას ებრძვის. ის თამაშობს ევროპელი, თავგანწირული და თავდადებული პრეზიდენტის როლს, რომელიც ვითომ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყნის პრორუსული ხელისუფლების ხელიდან გამოგლეჯვას ცდილობს. არც იმპიჩმნეტს, არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეუშინდა. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ზურაბიშვილი ნაციონალებთან ვალშია, რადგან მათ იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს და ის საპრეზიდენტო სკამს კვლავ იკავებს. ზურაბიშვილი იტყვის, რომ აი, კომპეტენტური არასამთავორბო ორგანიზაციები, სადამკვირვებლო მისიები და ა.შ. ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია. ეს სცენარი უკვე ხელისგულზე დევს“, - ამბობს მამრაძე.
კითხვაზე შესაძლებელია თუ არა სალომე ზურაბიშვილს ამ განცახდების გაკეთებამდე დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციები დასჭირდეს რა გააკეთოს, დააიკავოს ნეიტრალური პოზიცია, გაჩუმდეს საერთოდ თუ არჩევნები არალეგიტიმურად სცნოს? მამრაძე გვპასუხობს, რომ ზურაბიშვილს ამაზე თანხმობა აღარ სჭირდება, რადგან დასავლეთში ამ არჩევნების არცნობა უკვე გადაწყვეტილი აქვთ.
„პრეზიდეტს დასავლეთთან კონსულტაციები აღარ დასჭირდება, რადგან უკვე გავლილი აქვს. დასავლეთში, ძირითადად, საქართველოსთან დაკავშირებით გეგმა ჩამოყალიბებულია. ფაქტია და არც მალავენ, „ოცნება“ მათთვის მიუღებელია. მათ ასეთი ნარატივი აქვთ, რომ „ოცნებას“ 20%-ზე მეტის შეგროვება არ შეუძლია, რადგან მოსახლეობის 80% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ხოლო მათი აზრით, „პრორუს“ ხელისუფლებას ამაზე მეტი მხარდაჭერა ვერ ექნება. ეს ხალხი პირდაპირ ამბობს, რომ „ოცნებამ“ მხოლოდ უმრავლესობაც რომ აიღოს, ეს იქნება მათთვის პირდაპირ იმის მტკიცებულება, რომ მასობრივად არჩევნების ფალსიფიცირება და გაყალბება მოხდა. მათთვის „ოცნების“ გამარჯვება გაყალბებას ნიშნავს. ამიტომაც ყველგან რეკომენდაციებში უთითებენ, რომ ევროპელმა ლიდერება ეს უნდა დააფიქსირონ. როგორც ლუკაშენკოს დღემდე არ სცნობენ პრეზიდენტად, ასეთი დამოკიდებულება ექნებათ „ოცნების“ მიმართაც. ეს გეგმა არის და, რა თქმა უნდა, აქ მეორე აზრი არაა, რომ პრეზიდენტზე უფრო წონიანი, საერთაშორისო ასპრეზზე ფიგურა არავინ იქნება, ვინც არაღიარების მწვანე შუქს აანთებს“, - ამბობს მამრაძე.
რა მოხდება ამის შემდეგ ქვეყნის შიგნით? ხომ არ უნდა ველოდოთ საქართველოში მაიდნის მსგავსი სცენარის გამეორებას? აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს ქვეყნის შიგნით იმხელა მხარდაჭერა, რომ მისმა განცახდებამ მასობრივი საპროტესტო მუხტი გამოიწვიოს? მამრაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილს ასეთი ავტორიტეტი არა აქვს. მეორე მხრივ კი თბილისმა და ჩვენმა მოსახლეობამ, მსგავსი სცენარების განხორციელების მცდელობა უკვე ნახა.
„თუ მოსახლეობა და ხალხი არ იქნება იმაში დარწმუნებული, რომ არჩვენები მასობრივად გაყაბლდა, მხოლოდ ზურაბიშვილის და ოპოზიციის განცხადება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საპროტესტო, მასობრივი მუხტი ააგორონ. რა თქმა უნდა, იმ დატრეინინგებულ ახალგაზრდებს ქუჩაში ისევ გამოიყვანენ და თბილისის ჯანჯღარის მცდელობა კვლავ ექნებათ, მაგრამ ხალხი თუ არ აჰყვა, არაფერს არა აქვს აზრი. ასევე, თუკი პოლიცია ისევ დადგება მოწოდების სიმაღლეზე, ვიღაცას ნერვები არ უმტყუნებს და აქტივისტებთან არ შევლენ კონფრონტაციაში, მაშინ არაფერი იქნება.
თუმცა ოპოზიცია შეეცდება, რომ სამართალდამცველები მდგომარეობიდან გამოიყვანონ, რათა დასავლეთს აჩვენონ, „ოცნება“ ხალხს როგორ არბევს. გვახსოვს პარლამენტში ჩაკეტილ სპეცრაზს ეს ჯგუფები რომ მიუცვივდნენ და გარეთ გამოტყუებას ცდილობდნენ. მიუხედავად ამისა, სპეცრაზმი მხოლოდ შიგნიდან ცდილობდა სხვადასხვა ადილებზე გაჩენილი ხანძრის ქაფით ჩაქრობას. თუმცა ვნახეთ მეორე დღეს, როგორ დაეწყვნენ დასავლელი პოლიტიკური აქტორები და ამტკიცებდნენ, რომ თბილისში პოლიციამ ახალგაზრდების მშვიდობიანი აქცია სასტიკად დაარბია. აი, ამის მცდელობა ექნება ოპოზიციას. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი ემზადებიან არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომრისთვის, როცა არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებენ“, - ამბობს მამრაძე.
და სად არიან ეხლა დასავლეთის ეგ წრეები?