საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან სუს-ის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.
„გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის - შპს „მორგან ლიმიტედი“-ს ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.
შპს „მორგან ლიმიტედი“-ს სახელით იჯარით აღებულ ფართში მოწყობილი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ, წინასწარ შექმნილ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე განეხორციელებინათ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიცია.
თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლები დისტანციურად უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს ელექტრონულ მოწყობილობებზე, არეგისტრირებდნენ მათ სავაჭრო პლატფორმებზე, კრიპტო ბირჟებზე და დაზარალებულების თანხით შეძენილ ვირტუალურ აქტივებს რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. აღნიშნულის პარალელურად, ყალბ პლატფორმებზე სიმულაციური ქმედებებით დაზარალებულებს აჩვენებდნენ ინვესტირებული თანხების ზრდას, ხოლო დაბანდებული თანხისა და მოგების უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ ყოველგვარ კომუნიკაციას.
აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს. თაღლითურად დაუფლებული აქტივებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს ხსენებული თანხების მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით.
გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას ეცნობება დამატებით.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ხელმძღვანელობით თბილისში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებდა მსხვილი თაღლითური ქოლ-ცენტრი, რომელშიც მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ასეულობით კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, შავი ჩანაწერები და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. იდენტიფიცირებული არიან თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში ჩართული სხვა პირებიც.
ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯამში 800 000 აშშ დოლარზე მეტი ფულადი თანხა, ძვირადღირებული ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები. სასამართლო განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების კუთვნილ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების აქტივებს - ბრალდებულების საბანკო ანგარიშებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა“, - ნათქვამია პროკურტურის განცხადებაში.
ბრალდებას უარყოფს, პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს პროკურატურის განცხადებას ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი, რომლის განცხადებით, სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ მორიგ თავდასხმას წინ უძღოდა აშშ-ის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) განცხადება, რომელიც ნათელს ჰფენს საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ მოქმედებებს და მოტივებს. ჰელსინკის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ მსოფლიოს გარშემო ქოლცენტრების ქსელებიდან მიღებულ შავ ფულს იყენებს, რათა დააფინანსოს საკუთარი ოპერაციები და შეავიწროვოს ოპოზიცია. ოლიგარქ ივანიშვილის მხილებული ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს შედეგები, რასაც მას უქადის ამ მძიმე დანაშაულში სახელმწიფოს ზურგით მონაწილეობა, ამიტომ ცდილობს, ისრები პოლიტიკური ოპონენტებისკენ მიმართოს“, - ნათქვამია დავით კეზერაშვილის განცხადებაში, რომელსაც „ფორმულა“ ავრცელებს.
სკანდალურ საქმეზე კომენტარს არ აკეთებს ოპოზიცია, რომელთა მთავარი დამფინანსებელი სწორედ კრიმინალი კეზერაშვილია. თუკი გამოძიების ვერსიას გავყვებით, ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია ამ მძიმე დანაშაულის თანამონაწილეა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კეზერაშვილი ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ბიზნესმენებს, ახლა დაკავებულია ევროპაში პენსიონერების ძარცვით და ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში რადიკალიზმს და პოლარიზაციას აფინანსებს.
„ყველამ იცის, რით არის დაკავებული ეს კაცი, ჯერ რით იყო დაკავებული, როცა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, მინისტრი და ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო - ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ბიზნესმენებს, ახლა დაკავებულია ევროპაში პენსიონერების ძარცვით. ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთი გამოძიება წარიმართა, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან ერთად და საბოლოო ჯამში ყველაფერი ხელისგულზე დევს.
ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ ეს ადამიანი თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში რადიკალიზმს და პოლარიზაციას აფინანსებს, რასთან დაკავშირებითაც ყველამ საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, აშკარა ხდება რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები მართლმსაჯულებასთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ადამიანი, რომელმაც „ქართული ჯარი გაძარცვა და საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს აფინანსებს“, ამ ყველაფერს ევროკავშირის ტერიტორიიდან აკეთებს.
„საქართველოში მსჯავრდებული დავით კეზერაშვილი, რომელსაც 6 წელი აქვს საქართველოში მოსახდელი, 5 მლნ ევროს მოპარვისთვის ევროკავშირს აფარებს თავს. ამიტომ, ყველა კითხვა ევროკავშირს მიემართება. შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, რატომ აფარებს თავს კრიმინალი, რატომ გადაადგილდება თავისუფლად ევროკავშირში? რა კავშირი აქვს ამას ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან, ან სხვა რაიმე პრინციპთან, რომელზეც ასე მაღალი ტრიბუნიდან გვესაუბრებიან ხოლმე? ეს არის კითხვები, რომელიც მიემართება ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს - რატომ უქმნის ასეთ თავისუფლებას კრიმინალს, რომელიც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების პენსიონერებს ძარცვავს? ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ ამაზე, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ქართულ მართლმსაჯულებასაა გაქცეული ეს ადამიანი?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის უკან მსხვილი ღლავები დგანან, რომლებიც ამაგრებენ და ამუშავებენ ამ ავაზაკთა ბანდის მეთაურს, რომელიც მიუხედავად მის მიმართ ფაქტებით გაჯერებული წაყენებული ბრალდებისა, დაუბრკოლებლად გადაადგილდება დასავლეთის დემოკრატიით ქებულ ქვეყნებში.
„განსხვავებით ჰელსინკის კომისიისგან, რომელმაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დასდო ბრალი „ქართულ ოცნებას“ ქოლ-ცენტრების შექმნასა და შავი ფულის გათეთრებაში, პროკურატურამ გერმანელ კოლეგებთან ერთად უტყუარი ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა, სადაც მთავარ ფიგურად კვლავაც დავით კეზერაშვილია დასახელებული.
დიახ, ეს ის კეზერაა, რომელმაც ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა, ახლა კი დაუნდობლად ძარცვავს და აღატაკებს ევროპელ პენსიონერებს. უეჭველია კეზერაშვილის უკან მსხვილი ღლავები დგანან, რომლებიც ამაგრებენ და ამუშავებენ ამ ავაზაკთა ბანდის მეთაურს, რომელიც მიუხედავად მის მიმართ ფაქტებით გაჯერებული წაყენებული ბრალდებისა, დაუბრკოლებლად გადაადგილდება დასავლეთის დემოკრატიით ქებულ ქვეყნებში. თუმცა სულ ორიოდე თვეღა ანუ 5 ნოემბრამდე დარჩათ ამ დღისით-მზისით ევროპაში მოთამაშე ყაჩაღებს, რათა პასუხი აგონ ყველა იმ დანაშაულებისათვის, რაც მათ ჩაუდენიათ ღვთისა და ადამიანების წინაშე“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
ანალიტიკოსი დავით ჩიხელიძე აცხადებს, რომ ჰელსინკის კომისია აღქმებს, საქართველოს პროკურატურა კი ფაქტებს ეყრდნობა, სადაც ფაქტებზე დაყრდნობით ითქვა, რომ პროკურატურამ ტრანსნაციონალური გამოძიების ფარგლებში, ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავა.
„გამოძიებამ ფაქტების ერთობლიობით, ქოლცენტრების საქმესთან კეზერაშვილის კავშირი გამოავლინა. ერთ-ერთმა დაკავებულმა კეზერაშვილს და მისი ოჯახის წევრებს 1 მილიონი დოლარი გადაურიცხა, რაც საბანკო ამონაწერით დასტურდება. ვერ და არ იცვლება „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნება, მათთვის მამოძრავებელ ძალას ადამიანების გაუბედურება და ძარცვა წარმოადგენს. ახლაც იმავეს აკეთებენ, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს. საინტერესოა დასავლელი პარტნიორების მოსაზრება როგორია, დაგმობენ კეზერაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებას თუ უცხოელი პატრონების გამო დუმილს არჩევენ. ქოლცენტრების საქმის თანამონაწილეა ქართული ოპოზიცია, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს, არ შეიძლება ქართულ პოლიტიკაში უცხოური, კრიმინალური გზით ნაშოვნი ფული ტრიალებდეს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.