„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული ანგარიში სახელისუფლებო გუნდისთვის მათი დისკრედიტაციის მცდელობაა. „ოცნება“ ISFED-ს მიკერძოებაში სდებს ბრალს და ამბობენ, რომ ამის საილუსტრაციოდ ისიც საკმარისია, რომ ანგარიშში არაფერია ნათქვამი ისეთ შემთხვევებზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ცრუ კამპანიის წარმოებას ეხება, ან საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერას უკავშირდება.
„სამართლიანი არჩევნების“ რეპუტაცია მმართველი გუნდისთვის დიდი ხანია დაზიანებულია. შესაბამისად, ISFED-ის დასკვნები სახელისუფლებო პარტიისთვის მნიშვნელოვანი არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბებას ახსენებენ და ამბობენ, რომ რეალურად ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მხარეა და კონკრეტული ოპოზიციური ძალების ინტერესის გამტარებელია.
წარსული გამოცდილების გამო „ქართული ოცნება“ სამართლიანი არჩევნების მიერ მომზადებულ ნებისმიერ ანგარიშს უნდობლობას უცხადებს. სახელისუფლებო გუნდი უცხოელ პარტნიორებს მიმართავს, ISFED-ის ანგარიშები განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყოს, რადგან ამ ორგანიზაციას პოლიტიკური ნეიტრალობა არ აქვს.
ბრალდებები ადრესატებმა ამ ეტაპზე უპასუხოდ დატოვეს. სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. დოკუმენტში არაერთ მიმართულებაზეა საუბარია. ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკურ პოლარიზაციაზე. დოკუმენტში წერია ისიც, რომ პოლარიზაციას გაღრმავებას ხელს უწყობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და ანტიდასავლური რიტორიკა. ასევე „ოცნება“ ინფრასტრუქტურული პროქტების განხორციელებით, კონკრეტულ რეგიონებში მოსახლეობის მოსყიდვას ცდილობს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში საუბარი რამდენიმე ტექნიკური ხასიათის პრობლემაზეა და არა დარღვევაზე, სამართლიანი არჩევნების ანგარიში წმინდა პოლიტიკური დოკუმენტია, რომლის ძირითადი ხაზი მმართველი გუნდის და ცესკოს დისკრედიტაციას ემსახურება -წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ISFED-ის ანგარიშზე.
ექსპერტი ანგარიშს უსამართლოს უწოდებს, რომელიც მისი თქმით, მრავალ ბუნდოვანებას და უზუსტობას შეიცავს.
მისივე შეფასებით, როცა ანგარიშში მსგავს ფაქტებს ხვდები, ნიშნავს, რომ საქართველოში არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
„გავეცანი სამართლიანი არჩევნების უსამართლო ანგარიშს, რომელიც მრავალ ბუნდოვანებას და უზუსტობას შეიცავს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში საუბარი რამდენიმე ტექნიკური ხასიათის პრობლემაზეა და არა დარღვევაზე, სამართლიანი არჩევნების ანგარიში წმინდა პოლიტიკური დოკუმენტია, რომლის ძირითადი ხაზი მმართველი გუნდის და ცესკოს დისკრედიტაციას ემსახურება, ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ კანონმდებლობა არასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა პროექტების განვითარებას არ კრძალავს, მაგრამ მაინც დანაშაულია. ხვდებით ორგანიზაციის მიკერძოებულობის მასშტაბს? კანონის მოთხოვნა არ ირღვევა, მაგრამ მაინც არასწორია, რომ სახელმწიფო გზებს აგებს, ინფრასტრუქტურას ავითარებს და ა.შ. ცესკოს წევრის ანა კობახიძის განცხადება გამახსენდა, კანონი მასწავლებელს, მერიის/საკრებულოს წევრს დროებითი კომისიის წევრობას არ უკრძალავს, მაგრამ მაინც არ შეიძლება, კანონდარღვევა არისო!...
კიდევ ერთი „დარღვევა“ მმართველი გუნდის წარმომადგენლის მიერ მოსახლეობისთვის წყლის ჩუქება არის, არ მოგესმათ, დიახ, წყლის ჩუქება! ერთ-ერთ სოფელს წყალი არ ჰქონდა, „ოცნების“ წევრი კი მათ წყლით დაეხმარა (საკუთარი მეურნეობა აქვს) რაც ადრეც არაერთხელ განუხორციელებია... როცა ანგარიშში მსგავს ფაქტებს ხვდები, ნიშნავს, რომ საქართველოში არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
პ.ს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ და პროექტების ნაწილს, არჩევნების მიზეზით ქვეყანა და პროექტები ვერ გაჩერდება!“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ თავად ორგანიზაცია, რომელმაც ანგარიში წარმოადგინა, თავისი ისტორიიდან გამომდინარე ოდიოზურიაა და მის სანდოობას ეჭვის ქვეშ აყენებს. ქადაგიძე ამბობს, რომ ის, რაც მათ 2020 წელს იკადრეს, ასეთი თაღლითობის დიაპაზონი წარმოუდგენელია.
„სახელიც კი ისე სასაცილოდ ჟღერს „სამართლიანი არჩევნეები“, რომ ამ ორგანიზაციის არც ერთ დაწერილ კვლევას არ უნდა ენდოს ადამიანი. ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევით გამოდის, რომ საქართველოში არც ერთ საარჩვენო წელს, ხელისუფლებამ არაფერი არ უნდა გააკეთოს. ყველა პროექტი, რომელიც წლების წინ აქვს დაგეგმილი, გაწერილი, უნდა შეაჩეროს, რომ ეს ხალხის მოსყიდვად არ ჩაეთვალოს. არადა ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ მისთვის სწორედ საზოგადოების მხრიდან დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს. ანუ გამოდის, რომ 2024 და 2025 წელს, რომელიც საარჩევნო წლებია, მათი ლოგიკით, სრულიად სახელმწიფომ ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს. არჩევნებიდან არჩევნებამდე, პროექტები უნდა გააჩეროს ხელსიუფლებამ, რომ ასეთი არასანდო და მატყუარა ორგანიზაციების მიერ, რომლებმაც უსაქმურობისგან არ იციან რა გააკეთონ, რაღაცა დასკვნები არ დაწერონ. სახელმწიფოს აქვს თავისი გეგემა, დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელიც ერთი წლით ადრე იგეგმება და წინასაარჩევნოდ ქვეყნის განვითარება საერთოდ შეწყდეს, ამაზე აბსურდული ჯერ არაფერი გამიგია“,-ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ამ ვითომ ერთი შეხედვით, არაპროფესიონალური გათვლის მიღმა, ერთი მთავარი დეტალია - ამით ეს ორგანიზაცია ოპოზიციას ეხმარება, რათა საარჩევნო პროცესის და არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინონ, ასევე, ცესკოს რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ.
„არჩევნები რაც მოახლოვდება, „ისფედი“ და მისი მსგავსი ორგანიზაციები, საარჩევნო გარემოს დისკრედტაციას მით უფრო აქტიურად დაიწყებენ. სწორედ ამ ორგანიზაციების წინაპირობა სჭირდება ოპოზიციას, რომ შემდეგ წაგებულ არჩევნებზე ილაპარაკოს, თითქოს საარჩვენო გარემო არათანაბარი იყო, ვიღაცამ ვიღაცა მოისყიდა და ა.შ. ეს არ არის ცალკე აღებული პროცესი და მხოლოდ ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა. ეს არის კომპლექსური მოქმედება, რომელსაც ენჯეო სექტორი და ოპოზიცია არჩევნების არალეგტიმურად ცნობისთვის აკეთებს. ამისთვის კი წინასწარ ნიადაგს ქმნიან“, - ამბობს ქადაგიძე.